როდესაც ქალბატონი სოფიკო პარაშუტით გაფრენის გეგმებს გვიმხელდა, ბატონ კოტეს ეღიმებოდა, - ხომ ხვდები, ვინ მიხეთქავს გულსო? - ამბობდა...
"წოპეს" გაჩენილი თავსატეხი და ზღვაში გაუჩინარებული ლეგენდარული წყვილი
2002 წლის 15 აგვისტო. ქობულეთი, სასტუმრო "ივერია", მეხუთე სართული. ყველამ, ვისაც "ივერიაში" დასვენება სურდა, იცოდა, რომ აგვისტოს შუა რიცხვებიდან "აპარტამენტი" #1001 მხოლოდ კოტე მახარაძის და სოფიკო ჭიაურელის წყვილისთვის იყო განკუთვნილი. იმ დროს ბათუმში ვისვენებდი. რედაქციიდან დამირეკეს, რადგან ზღვისპირეთში ხარ, ნახე, როგორ ისვენებენ ცნობილი ადამიანები და მათ შესახებ მასალა გამოგვიგზავნეო.
ვიცოდი, რომ ბატონი კოტე და ქალბატონი სოფიკო ქობულეთში იყვნენ. დავურეკე, თუ ნებას დამრთავთ, გესტუმრებით-მეთქი. ქალბატონმა სოფიკომ სიცილით მითხრა, მოდი, კარგ სალათაზე დაგპატიჟებო. ის ასეთი იყო - უბრალოდ, რესპონდენტი კი არა, მზრუნველი, დედობრივი. მისი და ბატონი კოტეს გარემოცვაში თავს ყოველთვის განსაკუთრებულად კარგად ვგრძნობდი. ამიტომაც ხშირად სხვადასხვა საკითხზე რჩევას ვიმიზეზებდი და ვსტუმრობდი. ერთხელ ბატონ კოტესთან მივედი ინტერვიუსთვის. ქალბატონი სოფიკო ბაზარში წასასვლელად ემზადებოდა... დიახ, სოფიკო დადიოდა ბაზარში!
მაგრამ, მოულოდნელად გადაიფიქრა და სამზარეულოში შებრუნდა - სამსახურიდან მოდის ბავშვი, მშიერი იქნება, ბაზარში მოგვიანებით წავალო... ის დღე ლამაზად გავატარე მათთან, "ფიქრის გორაზე".
"ივერიაში" #1001- ის კარი ღია დამხვდა. ქალბატონმა სოფიკომ დაკაკუნებამდე გამომძახა, მოდი, მოდიო და ღიმილით შემეგება. ბატონ კოტეს გულის ოპერაციის შემდეგ საგრძნობლად დაეკლო წონაში. ექიმებს ოჯახის უფროსისთვის განსაკუთრებული დიეტა დაენიშნათ: კიტრი, პომიდორი, უმარილო ყველი, საზამთრო და დღეში ერთი ატამი. მხოლოდ მე და დიასახლისმა დავლიეთ თითო ჭიქა წითელი ღვინო. მაშინ მითხრა ქალბატონმა სოფიკომ, ერთ ჭიქას ხვალაც დავლევ, გაფრენის წინო. ქობულეთში ლეგენდებს ჰყვებოდნენ მისი ცურვის შესახებ - ისე მიაპობს ტალღებს, ვაჟკაცებს შეშურდებათო. მაგრამ ამჯერად ცურვის დიდოსტატს, თურმე, პარაშუტით გაფრენა სურდა. მეორე დღეს მართლაც აიხდინა ოცნება.
როდესაც ქალბატონი სოფიკო გაფრენის გეგმებს გვიმხელდა, ბატონ კოტეს ეღიმებოდა. - ხომ ხვდები, ვინ მიხეთქავს გულსო? - ამბობდა, - გულის ოპერაციის გამო ზღვაში ვეღარ ჩავდივარ, თორემ სოფიკოს ცურვა ჩემს ოსტატობასთან რა მოსატანია. იცის, ვერ ავყვები, ამიტომაც შევარდება ტალღებში, გაცურავს ძალიან შორს და სანამ დაბრუნდება, გული საგულედან ამომდისო, - თან სიყვარულით შესცქეროდა მეუღლეს.
ის კი ცერად, ქვეშ-ქვეშ გახედავდა ახალნაოპერაციევ კოტეს, რომელსაც ქვიშაზე სიარული უჭირდა - შლოპანციდან ფეხი უსხლტებოდა. დარდობდა, დილაობით ისე როგორ ვისეირნო, რომ ნაკლებად დავიღალოო. წარმოშობით ქობულეთელ ექიმს, ცხვირების გალამაზების ოსტატს, "წოპეს" უსწავლებია, კალოშები ჩაიცვიო და ცნობილი წყვილის საფიქრალი ის გახდა, კალოშები სად ეშოვათ. "მეგონა, ქობულეთში მაინც დავისვენებდი ბაზარ-მაღაზიებში სიარულისგან... ნურას უკაცრავად, "წოპემ" ახალი თავსატეხი გაგვიჩინა, გადავჩხრიკე ბაზრები, მაღაზიები, მაგრამ კალოშებს ვერსად მივაგენი, ისევ თბილისიდან უნდა ჩამოვატანინოო," - ეცინებოდა სოფიკოს.
მაშინ ბატონმა კოტემ გაიხსენა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყვნენ ცოლ-ქმარი, როგორ დადიოდნენ მალულად სარფში საბანაოდ. "ერთხელ თეატრთან ერთად ვიყავით გასტროლებზე ბათუმში. ჩვენი მეგობარი და მესაიდუმლე იყო თენგიზ აბულაძის მეუღლე მზია მახვილაძე. სარფში საცურაოდ სულ მასთან ერთად დავდიოდით, ვინმეს რომ არ ეთქვა, სოფიკო და კოტე მარტო სადღაც წავიდნენო. ერთხელაც ძალიან შორს გავცურეთ. დიდი ხანი რომ აღარ მოვბრუნდით, მზიას უფიქრია, რაღაც უბედურება დაემართათო და პანიკაში ჩავარდნილა. თურმე, აღარ იცოდა, რა ეთქვა თეატრის ხელმძღვანელობისთვის."
ამ შეხვედრის დროს სოფიკო ჭიაურელმა გამიმხილა, მინდა კარგად დავისვენო, რომ მერე გაბრიელ გარსია მარკესის მოთხრობის "სიყვარულის დიატრიბას" მიხედვით თემურ ჩხეიძის მიერ დადგმულ სპექტაკლში ვითამაშო, დიდი ენერგია მჭირდებაო. მისი ენერგიულობა კი ყოველთვის იწვევდა აღტაცებას.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სოფიკო ჭიაურელს გიზო ნიშნიანიძის საღამოზე შევხვდი. ახალნაოპერაციევი იყო, მაგრამ მაინც მხნედ გამოიყურებოდა. ფერადი, ლამაზი კაბა ეცვა. ვუთხარი, რომ აღფრთოვანებული ვიყავი მისით. გაეღიმა, მე არტისტი ვარ, მაგრამ ის სოფიკო აღარ ვარ, შენ რომ გხვდებოდა ხოლმე კოტესთან ერთად დიდ სახლშიო. ახლა მე კოტეს ნაცვლად სევდა მყავს გვერდით და თუ მართლა გიყვარვარ, ამას შემატყობო.
ასეთი გულახდილი, მომხიბლავი, ძლიერი და ქალური დარჩა ქალბატონი სოფიკო ჩემს ხსოვნაში.
(„კვირის პალიტრა", ეკა ლომიძე)