ჟურნალი „საარქივო მოამბე" მერაბ კოსტავას დაპატიმრების გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტებს აქვეყნებს.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1977 წელს, მერაბ კოსტავა ფსიქიატრიული შემოწმებისთვის ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში გაგზავნეს.
სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში კოსტავა დახასიათებულია, როგორც „კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, ცოტა ჯიუტი [პიროვნება], რომლის გადარწმუნებაც რთულია. ალკოჰოლურ სასმელებს არ ეტანება“.
ფსიქიატრთა დასკვნაში ნათქვამია, რომ „კანონდარღვევის დროს ფსიქიკური აშლილობა არ შეინიშნებოდა, [კოსტავა] თავის ქმედებებზე პასუხისმგებელია, ამიტომ ის შეიძლება ჩაითვალოს შერაცხადად“.
აღსანიშნავია, რომ, როგორც გამოქვეყნებული მასალებიდან ჩანს, კოსტავამ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ალ. ინაურს, პატიმრობისას წერილიც მისწერა. ქართველი დისიდენტი წერილში ფსიქიატრიულ შემოწმებაზე გაგზავნას აპროტესტებს:
„რატომ მაინცდამაინც დისიდენტები გამოდიან ფსიქიატრიულად დაავადებულები? რატომ ერთხელაც არ მოგსვლიათ აზრად, უშიშროების რომელიმე მუშაკი გაგეგზავნათ ექსპერიმენტისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში? დისიდენტებს იმიტომ ეკერებათ ფსიქიკურად დაავადებულის იარლიყი, იდეოლოგიური სტანდარტიდან გადახვევას რომ ვერ იტანს ჩვენი ოფიციალობა,“ - ნათქვამია წერილში.
(წყარო: Internet.ge)