ტელეკომპანია "ტვ3" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ტელეკომპანია ტვ3 მიიჩნვს, რომ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ( CRRC) მიერ ჩატარებული მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას ეხება, არ ასახავს რეალობას. ანგარიშში მოყვანილი რამდენიმე ძირითადი საკითხი გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული მონიტორინგი არაკომპეტენტური ადამიანის მიერ მომზადდა. სხვა შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას ვიფიქროთ, რომ ინფორმაცია შეგნებულად დამახინჯდა.
მაგალითად, კვლევაში ნათქვამია „15 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით პერიოდში ტვ3-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში სიუჟეტები უმეტესწილად ინფორმაციის მოწოდებით შემოიფარგლებოდა და ნაკლებად იყო ორიენტირებული ანალიტიკაზე“.
ვაცხადებთ, რომ რეალურად არის პირიქით - ტვ3-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში - „მთავარი ამბები ნანა ლეჟავასთან ერთად“ გასული რეპორტაჟები უმეტესწილად ანალიტიკაზეა ორიენტირებული და ნაკლებად შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმაციული ხასიათით.
ასევე, მონიტორინგში წერია, რომ ტვ3-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება მაგალითად, პრემიერ-მინისტრს დადებით ტონში აშუქებს 31 პროცენტით, იმავე ანგარიშში პირდაპირ არის ხაზგასმული - „ტვ3-ის დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, რაც კონტექსტიდან ამოვარდნილია. ტვ3 ითხოვს კვლევის ავტორებმა სასწრაფოდ გადახედონ ბოლო მონიტორინგის შედეგს და დაკვირვებით გაანალიზონ ტვ 3-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება - „მთავარი ამბები 8 საათზე ნანა ლეჟავასთან ერთად“, ვინაიდან მსგავსი არაობიექტური და რეალობას აცილებული კვლევები პირდაპირ მოქმედებს არხის რეპორტიორების სტიმულზე“, - ნათქვამია განცხადებაში.