„ენტეროვირუსული მენინგიტი, მენინგიტებს შორის, ყველაზე კეთილთვისებიანია“
„ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია ოდნავ უკვე იგრძნობა, მაგრამ მინიმუმ 2-3 კვირა შემთხვევები კიდევ იქნება“
ენტეროვირუსული მენინგიტის შემთხვევების კლება ოდნავ, მაგრამ მაინც შეინიშნება – ამ მოსაზრებას აფიქსირებენ სპეციალისტები, თუმცა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სკოლებში მე-6 კლასამდე და საბავშვო ბაღებში, 26 მაისის ჩათვლით, სასწავლო პროცესი შეწყდა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესთან შეხვედრის დასრულებს შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჯანდაცვის სამინისტრო კონსულტაციების შედეგად გამოდის რეკომენდაციით, რომ ხვალიდან 26 მაისის ჩათვლით, შეწყდეს სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესები. ეს დღეები გამოყენებული იქნება ამ დაწესებულებებში გაძლიერებული სანიტარიული დამუშავებისათვის“, – აღნიშნა დავით სერეენკომ.
მისივე თქმით, ჯგუფები გააგრძელებენ ადგილებზე მდგომარეობის შესწავლას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 26 მაისს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და არსებული მდგომარეობა შეფასდება. ამის შემდეგ კი გადაწყდება, სრულად განახლდება სასწავლო პროცესი თუ არა. სერგეენკოს თქმით, თუ პროცესის წყვეტა გაგრძელდება, განათლების სამინისტრო იზრუნებს, რომ ეს დღეები შემდგომ ანაზღაურდეს. გადაწყეტილებას კი წინ ახალი შემთხვევების გამოვლენა უძღოდა. გუშინდელი მდგომარეობით, ენტეროვირუსული მენინგიტით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი 142-მდე გაიზარდა. მათგან უმეტესობა ბავშვები არიან. ვირუსული მენინგიტის შემთხვევა თბილისის 30-მდე ბაღში გამოვლინდა.
დაავადებული ადამიანების რიცხვის ყოველდღიური ზრდის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს, რომ საგანგაშო არაფერია და რომ პროგრესი უკვე შეინიშნება. თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ შემოდგომამდე შემთხვევები სულ იქნება.
პაატა იმნაძე: ეს ეპიდემია არ არის. საქართველოში ყოველწლიურად ვირუსული მენინგიტის დაახლოებით 150-170 შემთხვევა ფიქსირდება. ხოლო 4 წელიწადში ერთხელ კი შემთხვევები იმატებს და 300-400-მდე ადის. დღეისათვის 142 გამოვლენა გვაქვს, ანუ ჯერჯერობით წლიურ ნორმაში ვართ. თუმცა ველოდებით რომ ეს რაოდენობა გაიზრდება.
„რეზონანსი“: ანუ ახლა სწორედ იმ ციკლური მატერის პერიოდია, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ დგება?
პაატა იმნაძე: დიახ. 2006 წელს იყო ასეთივე პერიოდი და 2010-შიც.
„რეზონანსი“: შემთხვევების უმეტესობა მაშინაც სკოლებსა და ბაღებში ფიქსირდება?
პაატა იმნაძე: საქმე ისაა, რომ ჩვეულებრივ ეს სეზონი ზაფხულში უწევს, ანუ იმ დროს, როცა სკოლები და ბაღები დაკეტილია. წელს, უბრალოდ, ადრე დაცხა და შემთხვევების გახშირებაც იმ სეზონს დაემთხვა, როცა ბავშვები სკოლებსა და ბაღებში დადიან. თუმცა ეს დაავადება მოზრდილ ადამიანებსაც ემართებათ.
„რეზონანსი“: ანუ ის მოსაზრება, რომ ამ დაავადების კერა სკოლებისა და ბაღების საპირფარეშოებია, სადაც ჰიგიენურ ნორმებს ნაკლებად იცავენ, მცდარია?
პაატა იმნაძე: დიახ, როგორც გითხარით, ეს ოჯახშიც ემართებათ. ბავშვებს, სამწუხაროდ, ყოველ წუთს ხელის დაბანა ჩვევად არ აქვთ. ვერ ახერხებენ, რომ საპირფარეშოში ყოველი შესვლის შემდეგ ხელი დაიბანონ და ეს ხელი მერე სხვას არ მოჰკიდონ და საკვები არ შეჭამონ.
„რეზონანსი“: შესაბამისად, თავდაცვის ერთადერთი საშუალება ჰიგიენური ნორმების დაცვაა?
პაატა იმნაძე: სამწუხაროდ, ენტეროვირუსული დაავადებების თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ეს გზა არსებობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეალურად ეს დაავადება იმაზე ათჯერ მეტ ადამიანს ჰქონდა, ვიდრე გამოვლინდა. მათ შეიძლება ვერაფერი იგრძნონ, ან გაციების მაგვარი შეგრძნება ჰქონდეთ. ასე რომ, წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი ადამიანია ამ დაავადების მატარებელი.
„რეზონანსი“: ენტეროვირუსული მენინგიტი ხშირად ერევათ მენინგიტის სხვა სახეობაში, რომელიც გაცილებით საშიშია და სიკვდილს იწვევს. იქნებ განუმარტოთ მკითხველს ამ ორ დაავადებას შორის არსებული განსხვავება...
პაატა იმნაძე: არსებობს ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტები. შემდგომ ისინიც იყოფა სხვადასხვა სახეობებად. მაგალითად, ბაქტერიულ მენინგიტებში, ძალიან მძიმედ მიმდინარეობს მენინგოკოკური მენინგიტი. ასევე შესაძლოა მძიმედ მიმდინარეობდეს ტუბერკულიოზური მენინგიტი.
ვირუსულ მენინგიტებში კი მძიმე მიმდინარეობა აქვს წითელას მენინგიტს, ყბაყურის მენინგიტს და ა.შ. ენტეროვირუსული მენინგიტი კი ყველა მენინგიტს შორის ყველაზე კეთილთვისებიანია. 3-4 დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში ავადმყოფი თავს კარგად გრძნობს.
„რეზონანსი“: ანუ, სიკვდილიანობა არ ახასიათებს.
პაატა იმნაძე: თუ ორგანიზმს ნორმალური იმუნიტეტი აქვს, იგი სიცოცხლისთვის საშიში ნამდვილად არ არის. უკიდურეს შემთხვევაში, თუ იმუნიტეტი ძალიან დაქვეითებულია, შეიძლება გართულება მოჰყვეს.
„რეზონანსი“: სამომავლოდ შემთხვევების მატებას ელოდებით? ფაქტია რომ ჯერჯერობით ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ავადდება.
პაატა იმნაძე: ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია ოდნავ უკვე იგრძნობა, მაგრამ მინიმუმ 2-3 კვირა შემთხვევები კიდევ იქნება. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, მოიკლებს. თუმცა შემოდგომამდე, ანუ მანამ, სანამ თბილი ამინდები შენარჩუნდება, ეს ვირუსი სულ იქნება ცირკულაციაში.
თაკო მათეშვილი
გაზეთი „რეზონანსი“