თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს. ჟურნალი "ტაბულას" რედაქტორი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებებს ეხმაურება. ჩერგოლეიშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ქმედებები ყოველთვის სასაცილოდ გამოიყურება.
"ერთი კომედია ხომ ჩაატაარა თავდაცვის სამინისტრომ - ხუთწლიანი პაუზის შესახებ რომ გვამცნო. ახლა მეორე კომედია წავიკითხე. მინისტრს უთქვამს მივაღწიე იმას, რომ საქართველოს საკითხი რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგის თემა იქნებაო.ბ-ნო ირაკლი, თქვენ თვალში ხომ არ გეპატარავებით? თქვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე ეს ისედაც ასე იყო. სკლეროზი ჯერ არ დაგვმართნია, საქართველოს საკითხი თქვენი მცდელობის შედეგად გაქრა აშშ-რუსეთის დღის წესრიგიდან. თქვენ, (მათ შორის პირადად თქვენ), ამტკიცებდით საქართველო რუსეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირების საგანი არ უნდა იყოსო, მიუხედავად ჩვენი (ანუ თქვენი ოპონენტების) წინააღმდეგობისა. ახლა კი გმირობად წარმოგვიჩენთ იმას, რომ თქვენივე შექმნილი პრობლემის მოგვარებას ცდილობთ. სულ ცოტა, სასაცილოდ გამოიყურებით. ამის მიუხედავად, მივესალმები თუ მიხვდით, რომ სისულელე ჩაიდინეთ და ახლა რევერსია საჭირო", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.