თალიბანის სახელით გავრცელებულ კლიპებზე ამერიკელი ექსპერტი დასკვნას აქვეყნებს. სპეციალისტი, რომელიც უკვე წლებია სწავლობს თალიბანის ვიდეორგოლებს, აცხადებს, რომ ქართველი ჯარისკაცების შესახებ განთავსებული კლიპი გაყალბებულია. ექსპერტის დასკვნიდან ერთი ნაწილის თარგმანი სოციალური ქსელით უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ გაავრცელა.
მისი თქმით, საქმეა სიყალბესთან, რომელიც ქართული ვიდეორგოლების შეკოწიწებითაა მიღებული.
„თალიბანის სტუდია „ლაბიკის" პაკისტანში კარგად არის აღჭურვილი და ხელი მიუწვდება გარკვეულ გრაფიკასა და ვიდეომასალებთან. გარდა ამისა, მათ მიერ დამზადებული ვიდეორგოლები თითქმის ყოველთვის პუშტუს ენაზე მზადდება, ან არაბულად, თუ მას არაბები ამზადებენ. „ლაბიკის" ლოგო ამ ვიდეორგოლს არ აქვს, მხოლოდ რაღაც მცირე არაბული ლოგოა დასაწყისში, რომელიც ალაჰს ეძღვნება და თითქოს ვიდეოს დამზადების შემდეგ არის დამატებული. ეს ძალიან უცნაურია, ვინაიდან ალაჰისადმი მიძღვნა ჩვეულებრივ უფრო ვრცელი უნდა იყოს და მას ყურანის კონკრეტული სურის ციტირება უნდა მოყვებოდეს. საღი აზრი მაფიქრებინებს, რომ თალიბანი ამდენ ენერგიას არ დაახარჯავდა საქართველოს მცირერიცხოვან კონტინგენტს, რომელმაც ავღანეთი ისედაც ერთ წელიწადში უნდა დატოვოს. ჩემი აზრით, ეს არის სიყალბე, რაშიც განსაკუთრებით მარწმუნებს მოკლული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ამსახველი კადრები, რომლებშიც სპეციალური ეფექტის მქონე ტყვიებს ადგილი აქვს შეცვლილი".
ლომაიას თქმით, მას არ აქვს უფლება დაასახელოს ამ ექსპერტის ვინაობა, თუმცა დასკვნის ავტორის შესახებ მისთვის ცნობილია.