ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებული ათი პირის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ხუთი პირის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, სამი - ნაწილობრივ, ხოლო ორი არ დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიიდან 88 თანამშრომელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლდა, ხოლო მერის ორი მოადგილე სამსახურებრივი უფლებამოსილების უხეში დარღვევის მოტივით. 12 მათგანის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავს. გათავისუფლებულები შესაბამისი ბრძანებების ბათილად ცნობას, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღარებას ითხოვდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ქუთაისის მერს იმ პირების სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა დაევალა, რომელთა სამსახური რეორგანიზაციას დაექვემდებარა, მაგრამ საშტატო ერთეული არ გაუქმებულა.
სასამართლომ საკითხის დამატებით შესასწავლად ადმინისტრაციულ ორგანოს სამი საქმე დაუბრუნა. დასახელებულ შემთხვევებში სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, ადგილი ჰქონდა საშტატო ერთეულების შემცირებას, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად არ იმსჯელა და არ დაასაბუთა კონკრეტულ პირთა გათავისუფლების მიზანშეწონილობა.
რაც შეეხება ორ სარჩელს, რომელიც არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს პოზიციით კონკრეტულ პირთა გათავისუფლება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოხდა და სასამართლო მის შეფასებას ვერ განახორციელებს.