reportiori.ge - უცხოეთის მასმედია საქართველოს შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:24
მედია
უცხოეთის მასმედია საქართველოს შესახებ
ავტორი:
26 მაისი, 2014. 12:14

გასული კვირის განმავლობაში (19-25 მაისი) უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საქართველოს შესახებ საკმაოდ ბევრი მასალა გამოქვეყნდა, რომლებშიც გადმოცემულია არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე საზოგაედოებრივ-პოლიტიკური პროცესები ზოგადად, არამედ განხილულია პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და მეცნიერების სფეროში მომხდარი ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენაც.


თემატიკის მიხედვით საქართველოზე  გამოქვეყნებული უცხოური მასმედიის პუბლიკაციები შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად: ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნები, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, საქართველო და უკრაინის კრიზისი, ექს-პრეზიდენტის საქმიანობა, საქართველოს მონარქის საფლავის ძიება და დარიალის ხეობაში მომხდარი კატასტროფა.

განვიხილოთ თითოეულ თემაზე გამოქვეყნებული მასალები.


ა) წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა

ზოგადად თუ ვიტყვით, წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ გასული კვირის უცხოურ მედიაში მასალები მაინც და მაინც ბევრი არ არის და თუ რაიმე მნიშვნელოვანი ქვეყნდება, ისიც ჩვენი მეზობელი სამხრეთკავკასიური სახელმწიფოების - სომხეთსა და აზერბაიჯანის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ამის მიზეზი საქართველოში საკმაოდ ბევრი სომხური და აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩეველია. შესაბამისად, ბუნებრივია ჩვენი მეზობლების მასმედიის დაინტერესებაც. აი, ერთ-ერთი ტიპიური პუბლიკაცია:


აზერბაიჯანული გამოცემა „ვესტი" სტატიაში სათაურით „რატომ გაურბის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარნეულელ აზერბაიჯანელებს?" წერს, რომ მეზობელი ქვეყანა (ანუ საქართველო) აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის პოზიციას მნიშვნელობას არ ანიჭებს.


„გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულად მოკავშირე ქვეყანაში - საქართველოში დაგეგმილი არჩევნები საინტერესოა ჩვენთვისაც, აზერბაიჯანელებითვისაც, იქ ხომ თითქმის 500 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მაგრამ თუ წინასაარჩევნო სიტუაციას გავაანალიზებთ, უნუგეშო დასკვნამდე მივალთ: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვემო ქართლის აზერბაიჯანულენოვან ელექტორატს მნიშვნელობას არ ანიჭებს. თვითონვე განსაჯეთ: სამცხე-ჯავახეთში, სადაც ძირითადად სომხურენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, მმართველმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" რაიონის ხელმძღვანელის კანდიდატად სომეხი წამოაყენა. რა ხდება უპირატესად აზერბაიჯანელებით დასახლებულ მარნეულის რაიონში? ცხადია, იქაც კანდიდატია წამოყენებული და ლოგიკური იქნებოდა, რომ იგი აზერბაიჯანელი ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ადგილობრივი ადმინისტრატორობის კანდიდატად დასახელებულია მერაბ თოფჩიშვილი, რომელიც მანამდეც ხელმძღვანელობდა რაიონს. ამასთან დაკავშირებით, იბადება სრულიად კანონზომიერი კითხვა: როგორ, ნუთუ „ქართული ოცნების" რიგებში ერთი აზერბაიჯანელი კანდიდატი ვერ მოიძებნა იმ რაიონის ხელმძღვანელის პოსტზე, სადაც 87% აზერბაიჯანელები ცხოვრობენ? როგორც ჩანს, ვერ მოიძებნა.

მმართველი კოალიციის ამ შეცდომით ისარგებლა ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და რაიონის მეთაურის პოსტზე კანდიდატად 33 წლის ადგილობრივი მცხოვრები აჰმედ იმანგულიევი დაასახელა. მოსახლეობაში ისეთი განწყობაა, რომ თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, იმანგულიევს გამარჯვება განაღდებული აქვს.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია მართლაც გაუგებარია. სომხური სამცხე-ჯავახეთისაგან განსხვავებით, ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებს ოფიციალური თბილისისათვის არასდროს პრობლემები არ შეუქმნიათ. ამ რეგიონში სეპარატიზმი არ არის, არც პრორუსული განწყობა არ შეინიშნება. მას, რატომ არ სურს „ქართულ ოცნებას" ადგილობრივი აზერბაიჯანელი კანდიდატის დასახელება? გვინდა გვჯეროდეს, რომ 15 ივნისს მარნეულის რაიონის მოსახლეობა ერთსულოვნად მისცემს თავის ხმას „ნაციონალების" მიერ დასახელებულ  აზერბაიჯანელ კანდიდატს", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

როგორც ვხედავთ, აზერბაიჯანული „ვესტის" მიერ გამოქვეყნებული მასალა საკმაო კრიტიკული პათოსით გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

კიდევ ერთი სტატია არჩევნების თემაზე, ამჯერად დასავლურ მედიაში: ამერიკულმა ჟურნალმა „ემერიქან ინთერესთ"-მა გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია საკმაოდ შთამბეჭდავი სათაურით „გამოცოცხლება ქართულ „მეხუთე კოლონაში", რომელშიც საუბარია წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ძალების განლაგებაზე და ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული ე.წ. „პრორუსული პარტიების" საქმიანობაზე. „პრორუსულ ძალად" შერაცხულია ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ორგანიზაცია. სტატიაში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო საკმაოდ დიდი თანხების ხარჯვის და ამომრჩეველთა მცირე მხარდაჭერის (10%) მიუხედავად, ნინო ბურჯანაძე კვლავ ბრძოლაშია ჩაბმული, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში, თუმცა შარშანდელთან შედარებით იგი დღეს ფულს საკმაოდ ყაირათიანად ხარჯავს. ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გაერთიანებას ერთ საკითხში, შეიძლება ითქვას, სხვებთან შედარებით უპირატესობა აქვს: „თითქოს ვინმემ უკარნახაო, მან დაიწყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მწვავე კრიტიკა. ამ კანონს დიდი ავტორიტეტის მქონე საქართველოს ეკლესიაც და მისი კათოლიკოს-პატრიარქიც ეწინააღმდეგება. ნინო ბურჯანაძის რიტორიკას მისი პოლიტიკური ნაბიჯებიც შეესაბამება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში იგი ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირთან ერთად მონაწილეობს, ისინი ერთ ბლოკად გაერთიანდნენ. თუმცა საქართველოში პრორუსლი ძალების არჩევნებში გამარჯვება საეჭვოა. მართალია, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმართ ბურჯანაძისა და ეკლესიის პოზიცია ერთნაირია, მაგრამ ის, რომ ეკლესია და პატრიარქი დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, არ ნიშნავს, რომ ყველა კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციას დაუჭერს მხარს. ძალიან ხშირად ხდება, რომ ილია მეორის მოწოდებებს შედეგი არ მოაქვს - ეკლესია აბორტების წინააღმდეგია, საქართველოს კი აბორტების რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. გარდა ამისა, ეკლესიამ უარყოფითი შეფასება მისცა წიგნებს ჰარი პოტერისა და ჰელოუენის შესახებ, ეს ნაწარმოებები კი საქართველოში პოპულარულია და დიდი მოწონებით სარგებლობენ", - ნათქვამია სტატიაში.

ბ) „პრორუსული" ჰომოფობია და „პროევროპული" ორიენტაციაანტიდისკრიმინაციული კანონზეა საუბარი აგრეთვე ცნობილ ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში" დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „დაპირისპირება ევროპული ტოლერანტობის გზაზე". როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, პარლამენტის მიერ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის კანონის" განხილვამ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ააფორიაქა: მღვდლებმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ ჰომოსექსუალიზმისადმი ევროპული ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის გამოჩენა საფრთხეს უქმნის ქართულ საზოგადოებას. პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ მორწმუნეები „უკანონობის დამკანონებელ კანონს" არ მიიღებენ. სტატიაში მოხსენიებულია აგრეთვე შარშან 17 მაისს თბილისში მომხდარი შეტაკება ჰომოსექსუალიზმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. „მიუხედავად იმისა, რომ წელს ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით ეკლესიამ ეს თარიღი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, ჰომოფობთა ხალხმრავალი დემონსტრაცია მაინც გაიმართა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰომოფობია საქართველოში თავის უპირატესობას ჯერ კიდევ ზეიმობს, თუმცა ბოლო გამოკითხვით, მათი რაოდენობა შარშანდელთან შედარებით შემცირდა".


ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თავისი ჰომოფობიით საქართველო რუსეთს ემსგავსება, სადაც რუსულმა ეკლესიამ და პრეზიდენტმა პუტინმა ევროპულ შემწყნარებლობას ბრძოლა გამოუცხადეს, თუმცა ქართველების სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსაკენ უფრო დიდია, ვიდრე ჰომოსექსუალიზმის მიუღებლობა. „ევროპისაკენ მიმავალი გზაზე ბევრი ხაფანგია დაგებული. მოსკოვური ზეწოლა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად აუცილებელი ქართველთა ერთიანობა... საერთოდ კი, ქართველები ერთმანეთთან ბრძოლის ტალანტს თავისებურად ამღავნებენ: 17 მაისს ორი ჰომოფობი ერთმანეთს ურტყამდნენ და თან ერთმანეთს „ცისფერობაში" ადანაშაულებდნენ", - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

გ) ვის უფრო მეტად დაეხმარა ამერიკა - უკრაინას თუ საქართველოს?


უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით აშშ-ში დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება გამწვავდა: რესპუბლიკელები დემოკრატებს სისუსტის გამოჩენასა და რუსეთის მიმართ გამოვლენილ შიშში ადანაშაულებენ. უკრაინის ამბებზე საუბრისას ხშირად იხსენებენ საქართველო-რუსეთის ომს და ამერიკის როლს: ვის უფრო მეტად დაეხმარა ამერიკა - უკრაინას თუ საქართველოს? ამ მხრივ საინტერესოა ამერიკული გამოცემა „პოლიტფაქტ"-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც, ტელეკომპანია „ფოქს-ნიუსის" ინფორმაციაზე დაყრდნობით, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის თვალსაზრისია გადმოცემული.


როგორც „პოლიტფაქტის" ჟურნალისტი ჯონ გრინბერგი წერს, დიკ ჩეინიმ ტელესტუდიაში გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას მოქმედება უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხში და მას „სუსტი ლიდერი" და „პუტინისგან დაშინებული" უწოდა. როცა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ტელეწამყვანმა ქრისტოფერ უოლესმა შეახსენა, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, 2008 წელს მომხდარ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში ამერიკამ ვერ გასცა საკადრისი პასუხი მოსკოვს და ფაქტიურად, რუსეთმა იგივე გაუკეთა საქართველოს, რაც უკრაინას, დიკ ჩეინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის მოვლენებს შორის არსებობს მსგავსებაც და განსხვავებაც. „რა გავაკეთეთ ჩვენ მაშინ, ამაზე მტკიცე პასუხი მაქვს: ჩვენ ერაყიდან ქართველი ჯარისკაცები დავაბრუნეთ და შევეცადეთ გარკვეული დახმარება აღმოგვეჩინა, შავ ზღვაში ჩვენი სამხედრო ხომალდები შევიყვანეთ და საქართველოს სხვა და სხვა პროდუქცია მივაწოდეთ".


ამასთან დაკავშირებით ჯონ გრინბერგი  აღნიშნავს: „ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით ბევრი რამ და ამიტომაც ბუშისა და ობამას ნაბიჯებს ერთმანეთს ვერ შევადარებთ, მაგრამ რადგანაც დიკ ჩეინის პოზიციას რესპუბლიკური პარტიის სხვა წარმომადგენლებიც იზიარებენ, ჩვენ შეგვიძლია ზოგიერთი დეტალის გახსენება ქართული ჯარისადმი გაწეულ „ამერიკული დახმარების" შესახებ.


2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში, „ფრანს-პრესმა" გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ამერიკის ჯარებმა „თითქმის დაასრულეს" ერაყიდან ორი ათასი ქართველი სამხედრო მოსამსახურის საქართველოში საჰაერო გზით დაბრუნების ოპერაცია. პენტაგონის წარმომადგენელმა ბრაიან უიტმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონმა ამით შეასრულა თავისი ვალდებულება საგანგებო სიტუაციების დროს ქართული ჯარის დისლოკაციის შეცვლის თაობაზე. საინტერესოა, რომ განცხადების გაკეთების მომენტში საქართველოში უკვე იმყოფებოდა 130-კაციანი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი, თუმცა მათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ.


რაც შეეხება სამხედრო გემებს. ამერიკას შავ ზღვაში, 2008 წლის აგვისტოში, მართლაც ჰყავდა შეყვანილი თავისი ხომალდები, მაგრამ ამ ისტორიაში არის ნიუანსები, რომლებიც ეჭვს ბადებენ - იყო თუ არა ეს ნამდვილად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმართული ამერიკული ძალის სრულფასოვანი დემონსტრაცია.


აშშ-ის ადმინისტრაციამ ბათუმის პორტში მრისხანე სარაკეტო კრეისერი „მაკფოლი" გაგზავნა, მაგრამ ამ ხომალდმა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა. როგორც აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელი ლინკოლნ მიტჩელი „პოლიტფაქტ"-თან საუბარში ამბობს, „იმ დროს ეს მოქმედება მაინც და მაინც ძლიერ ნაბიჯად არ შეფასებულა. საერთოდ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩიოდა, რომ მას ომის დროს ამერიკისაგან რაიმე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ მიუღია".  იგივე პოზიციას გამოხატავს კიდევ ერთი პოლიტოლოგი დევიდ ფილიპსი, რომლის თქმით, „იმ დროს არავითარი შანსი არ არსებობდა , რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას საქართველოს სასარგებლოდ [რუსეთთან] ომი დაეწყო. ეს უფრო შოუს ჰგავდა. ჩვენი პასუხი არ იყო ისეთი ძლიერი, რომელიც აგრესორს შეაშინებდა და უკან დაახევინებდა".


ასე რომ, დიკ ჩეინის განცხადების საწინააღმდეგოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ ამერიკის ნაბიჯებს სამხედრო ბალანსი საქართველოს სასარგებლოდ არ შეუცვლია. მის ნათქვამში არის ჭეშმარიტების გარკვეული ნაწილი, მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარსიმართლეა, - აღნიშნულია „პოლიტფაქტის" პუბლიკაციაში.

დ) ექს-პრეზიდენტი - ვისთვის მტერი და ვისთვის მეგობარი

უკრაინის კრიზისში აშშ-ის როლს გარკვეულწილად ეხმიანება საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამჟამინდელი საქმიანობაც, რომელიც უცხოურ პრესაში რეგულარულად შუქდება. როგორც ცნობილია, ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციების კურსი მიჰყავს, თუმცა იმავდროულად მას  ხშირად ვხედავთ  უკრაინაში, სადაც იგი ადგილობრივი მასმედიით ინტერვიუებს იძლევა და უკრაინის ახალ ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს. ეს ფაქტი აღიზიანებს როგორც ქართულ საზოგადოებას (სააკაშვილი აქეთ-იქით დარბის, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლას ვერ ბედავს, ფიქრობს - დამიჭერენო), ასევე რუსეთს, რომლისთვისაც იგი, რბილად რომ ვთქვათ, არასასურველი პიროვნებაა.

ამ ფონზე საინტერესოა ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის დიმიტრი საიმსის კომენტარი, რომელიც მან რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი"-სადმი მიცემულ ინტერვიუში გააკეთა: „2006-2008 წლებში მიხეილ სააკაშვილისთვის, როცა იგი ევროპულ დედაქალაქებში ჩადიოდა, კერძო საუბრებში არაერთხელ უთქვამთ, რომ მოსკოვთან ურთიერთობა მოეგვარებინა და რუსეთთან კონფლიქტი არ ჰქონოდა. ვაშინგტონშიც ასე უთხრეს: „მიშა, გვიყვარხარ და პატივს გცემთ, მაგრამ მოსკოვთან მიმართებით ძალიან ნუ გაიქაჩები, ნუ წახვალ კრემლთან კონფლიქტზე, თორემ შენი მოქმედება შეიძლება ცუდად დამთავრდეს, მაგრამ იგი იმდენად იყო თავბრუდახვეული უმაღლეს დონეზე მიღებებით, პრეზიდენტებთან პირდაპირი სატელეფონო საუბრებით, ცნობილი ადამიანების სურვილით თბილისში ჩასულიყვნენ და მასთან ერთად ხალხის წინაშე ფოტოსურათები გადაეღოთ, რომ სააკაშვილი გადაჭარბებულ ეიფორიაში ჩავარდა და ყველაფრის უფლების განცდა გაუჩნდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ევროპულ დედაქალაქებში მასთან მიმართებით იმოქმედებენ პრინციპით „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ". „ვშიშობ, რომ უკრაინის მომავალ პრეზიდენტს და, საერთოდ, უკრაინის პოლიტიკურ ელიტას რუსეთთან მიმართებით ის არ დაემართოს, რასაც მე „სააკაშვილის სინდრომს" ვუწოდებ", - აღნიშნა ინტერვიუში დიმიტრი საიმსმა.


სრულიად სხვაგვარი მოსაზრება აქვს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს. მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთობა „ნაციონალების" ხელისუფლების პირველ ეტაპზე მაინც და მაინც მეგობრული არ იყო, რადგან ევროპულ პოლიტიკურ წრეებს ალექსანდრე ლუკაშენკო დიქტატორულ მმართველად მიაჩნიათ და მის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული. იყო ერთი პერიოდი, როცა ლუკაშენკო-პუტინის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, სწორედ ამით ისარგებლა მედასავლეთე მიხეილ სააკაშვილმა, დრო იხელთა და პრინციპით „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო", ანტიდასავლელ კოლეგასთან დაახლოება გადაწყვიტა, გაფორმდა რიგი შეთანხმებები ბელარუსის მთავრობასთან.


ჰოდა, ალბათ, ეს მომენტი ჰქონდა მხედველობაში ალექსანდრ ლუკაშენკოს, როცა 21 მაისს რუსეთის ტელეკომპანია „დოჟდ"-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობაზე ისაუბრა: „მე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყოველთვის სიმპათიურად ვიყავი განწყობილი, რადგან დასავლეთის წინაშე არავინ ისე არ გვიცავდა, როგორც სააკაშვილი. იგი ამერიკის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს ეუბნებოდა, რომ ბელორუსიის მიმართ არასწორად იქცევიან, რომ არ იყო საჭირო სანქციების გამოცხადება. მე მას ამისათვის მადლობას ვუხდი. მიხეილ სააკაშვილი ამას საჯაროდ აკეთებდა. ჩვენ ვმეგობრობდით და ახლაც სიამოვნებით შევხვდებოდი, მაგრამ რუსეთს ეს არ მოეწონებოდა", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ე) თამარ მეფის საფლავის ძიებაში: მითები და რეალობა

ამ თემამ გასული კვირის უცხოურ მედიაში ერთობ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რაც სავსებით ბუნებრივია - გზის მშენებლების მიერ აღმოჩენილი გამოქვაბული, რომელშიც თითქოსდა თამარ მეფეა დაკრძალული, ინგუშეთის მთებში, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ფაქტს ისეთი რეზონანსი ჰქონდა, რომ გამოქვაბულის ადგილი ინგუ-შეთის ლიდერმა იუნუს-ბეკ ევკუროვმაც მოინახულა და მისი დაცვის განკარგულება გასცა.


22 მაისს, რუსულმა გამოცემამ „რუსსკაია პლანეტამ" ინტერვიუ ჩამოართვა ევგენი კრუპნოვის სახელობის ინგუშეთის რესპუბლიკური არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელს უმალათ გადიევს, რომელიც ასას ხეობაში იმყოფება. მისი თქმით, „გზის მშენებლობის ერთ-ერთ მონაკვეთზე წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა და ციცაბო კლდე გააშიშვლა, გამოჩნდა გამოქვაბულის შესასვლელი, რომელიც აშკარად აკლდამას ჰგავს,  კარის კონსტრუქციები ძალიან ლამაზადაა გაფორმებული. გამოქვაბული ძალიან მაღალ ადგილზეა, ამიტომ მის გამოსაკვლევად ალპინისტთა ჯგუფის დახმარებაა საჭირო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილად სამარხია, რომელიც შეიძლება შუა საკუნეების ეპოქას მივაკუთვნოთ. ცნობილია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თაობიდან თაობას გადასცემდა უძველეს ლეგენდას, რომლის თანახმად, საქართველოს მეფე თამარი სწორედ ინგუშეთის მთებშია დაკრძალული, თითქოსდა სიცოცხლეში თამარ მეფე ამ ადგილებს არაერთხელ სწვევია. მე თვითონ ერთ-ერთ ღრმად მოხუცს გავესაუბრე, რომელიც ამბობდა, რომ იცოდა, სადაც თამარია დამარხული, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მთებში ვერ გამომყვა, თან მითხრა, რომ ამ საკითხზე [წინაპრებისაგან] ლაპარაკი აკრძალული აქვს, ანუ ტაბუ ადევს. შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში საკმაოდ ბევრი ფაქტი მოიძებნება ინგუშეთთან საქართველოს უძველესი კავშირების შესახებ. ისიც ცნობილია, რომ მთიანი ინგუშეთის ნაწილი იმ დროს საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. არქეოლოგები ძალიან ხშირად პოულობენ ამის დამადასტურებელ საგნებს - ქართველი ოსტატების მიერ დამზადებულ ჭედურ ნაკეთობებს. საინტერესოა ისიც, რომ გამოქვაბულიდან ასორმოცდაათ მეტრში ორი ქართული ტაძარი მდებარეობს, ხოლო აქაურ სამარხებზე საკმაოდ ბევრი ქართული გრაფიკაა გამოსახული".

აქვე ვიტყვით, რომ უმალატ გადიევის თვალსაზრისს სხვა მეცნიერები არ იზიარებენ.

როგორც ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიის სპეციალისტი ანზორ ასტახოვი თვლის, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებისათვის ამგვარი არქეოლოგიური „აღმოჩენები" ტიპიურია და იშვიათობას არ წარმოადგენს: „იცით, არის ასეთი მომენტი - ბოლო ხანებში ზოგიერთ ხალხს, რომელიც „ფეხზე დგება", ისტორიული ვაკუუმის განცდა აქვთ. ამ სიცარიელის შევსებას ისინი, უპირველეს ყოვლისა, არქეოლოგიის მეშვეობით ცდილობენ. მაგალითად, 1990-იან წლებში ყარაჩაელი მეცნიერები ისტორიული ვაკუუმის შევსებას იმით შეეცადნენ, რომ ჯერ ამბობდნენ, ჩვენი წინაპრები ალანები არიანო, შემდეგ კი ამტკიცებდნენ, რომ ბერძნები ყოფილანო. დაიწყეს ალანური სიტყვების ძიება ყარაჩაულ ენაში, ეძებდნენ ბერძნულ აკლდამებს... ჩეჩენი არქეოლოგების მტკიცებით, ვაინახები უძველეს ურარტუელთა შთამომავლები არიან... ყაბარდოელებმაც იფიქრეს, ჩვენ რითი ვართ სხვებზე ნაკლებიო და დაიწყეს იმ თეორიის განვითარება, რომლის თანახმად, ისინი მცირე აზიაში მცხოვრები ძველი ეთების მემკვიდრენი არიან. ინგუშეთშიც ანალოგიური პროცესები მიდის, თუმცა შეიძლება ამაზე ლაპარაკი არაპოლიტკორექტული იყოს. დიახ, ინგუშეთში ქართული ტაძრები მართლაც არის, მაგრამ რაც შეეხება თამარ მეფის სავარაუდო სამარხს, მე ვფიქრობ, ეს მითია და მეტი არაფერი. რუსი არქეოლოგები და ისტორიკოსები ამგვარ მტკიცებულებებს სინამდვილედ არ მიიჩნევენ, მაგრამ ღიად ამის შესახებ არავინ ლაპარაკობს, არ სურთ კონფლიქტის გამოწვევა".

იგივე აზრი აქვს არქეოლოგსა და ისტორიკოსს ვლადიმერ კუზნეცოვს: „ამიერკავკასიელ მმართველებზე ლეგენდები დადის. უძველესი ხელნაწერების თანახმად, თამარ მეფე არ გარდაცვლილა, მას ოქროს სარეცელზე სძინავს და როცა იგი ქართველთა გლოვის ხმას გაიგონებს, გაიღვიძებს და კვლავ გამეფდება. ეს გადმოცემა მოწმობს, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები როგორც მისი გარდაცვალების, ასევე  საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ. ისტორიკოსები თვლიან, რომ თამარის სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი თითქოსდა ჯერ მცხეთაში გადაიტანეს, შემდეგ გელათში და იქ დაკრძალეს. თუმცა საფლავის ზუსტი ადგილი ჯერ დადგენილი არ არის, ამ მიზნით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებიც უშედეგო იყო. ამიტომაც ცოცხლობს ალტერნატიული ვერსიები თამარის დაკრძალვის ადგილის შესახებ, რომელთა მიხედვით, მისი საფლავი არა მარტო ინგუშეთშია, არამედ პალესტინაშიც".

თუ გავითვალისწინებთ იმ პერსპექტივას, რომ ინგუში ისტორიკოსები გამოქვაბულში შესვლასა და მის გამოკვლევას მოახერხებენ, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ თემას თავისი გაგრძელება მომავალ კვირაშიც ექნება.

და ბოლოდ, უცხოური (რუსული) პრესა კიდევ ერთი მოვლენის შესახებ, რომელიც ასევე კავკასიის მთავარ ქედზე, ინგუშეთთან ახლოს, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დარიალის ხეობაში მოხდა: იმ საშინელი ღვარცოფის მიზეზები, რომელმაც ადამიანთა მსხვერპლი და დიდი მატერიალური ზარალი გამოიწვია.

ვ) დარიალის ხეობის საიდუმლო: ვულკანი იღვიძებს!?

რა არის საქართველოში, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზები და არის თუ არა კატასტროფის გამეორების საფრთხე? ამის შესახებ გაზეთ „ტრუდის" კორესპონდენტი გლაციოლოგიის დარგში რუს ავტორიტეტულ მეცნიერს, კოსმოსიდან დედამიწის დისტანციური ზონდირების ლაბორატორიის ხელმძღვანელს ლევ დენისოვს ესაუბრება (ინტერვიუ გაზეთში გამოქვეყნდა 23 მაისს).


სპეციალისტები სტიქიური უბედურების მიზეზებს დევდორაკის მყინვარის ფენების მოძრაობას უკავშირებენ, მაგრამ ლევ დენისოვი ამ თვალსაზრისს არ ეთანხმება. „ჩემს ხელთ არსებული მასალები საფუძველს მაძლევს დავასკვნა, რომ ამ შემთხვევაში კატასტროფის მიზეზი გახდა ჯერ კიდევ მძინარე, მაგრამ თანდათანობით გააქტიურებული ყაზბეგის ვულკანი. კოსმოსიდან გადაღებულ ყაზბეგის მთის სურათზე, დაახლოებით 4 ათას 600 მეტრის სიმაღლეზე,  სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ჩანს მთის ქანების კოლოსალური  ნაპრალი, რომელიც მდინარე თერგისკენაა მიმართული. დარწმუნებით გეუბნებით, რომ მთის ამ ფერდობის ზედაპირს ათას გრადუსამდე გავარვარებული მაგმა აწვება. ის თანდათან უახლოვდება ზედაპირს და არაა გამორიცხული, რომ უკვე რამდენიმე ასეული მეტრიღაა დარჩენილი. თუ მაგმა უფრო ახლოს მოაღწევს, დაიწყება ვულკანის ამოფრქვევა".


ლევ დენისოვის თქმით, „მუდამ ცივი და ყინულით დაფარული მთის ქანების გაცხელების გამო ნაპრალი თანდათან ფართოვდებოდა და ამიტომაც მიწის უზარმაზარი ნაწილი ქვემოთ ჩამოშვავდა. გაჩნდა კოლოსალური ხვრელი, რომელიც ტრაპეციის ფორმისაა. აი, ამ ნახეთქიდან ამჟამად ფუმაროლური გაზების ძლიერი ნაკადი ამოდის. მოწყვეტილი მთის ქანები ქვემოთ ციცაბო კალთაზე დაეშვა, გზა და გზა დევდორაკის მყინვარის ნაწილებს იტაცებდა. ბოლოს კი რაც მოხდა, ეს უკვე დარიალის ხეობაში ვნახეთ", - აღნიშნა ლევ დენისოვმა.


„მსგავსი სიტუაცია იყო 2002 წელს კოლკას მყინვარზეც, რომელიც დევდორაკიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს. სტიქიამ მაშინ 120 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იქაც მთავარი მამოძრავებელი ძალა ვულკანური მოქმედების გააქტიურობა იყო.  რასაკვირველია, სიტუაციას მუდმივად ვაკონტროლებთ, ვთანამშრომლობთ ქართველ კოლეგებთან, თუმცა პოტენციური საფრთხე რჩება", - ამბობს რუსი მეცნიერი, - ამჟამად ვსარგებლობთ რუსეთის კოსმოსური თანამგზავრებით გადაღებული სურათებით, თუმცა ახალი სავარაუდო კატასტროფის გათვალისწინებით, აშშ-ის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოსთან („ნასა") მიღწეულია შეთანხმება გადაღება მოხდეს ამერიკული თანამგზავრებიდანაც. მართალია, უკრაინის გამო სანქციები გამოცხადდა, მაგრამ როცა საფრთხე დედამიწის მოსახლეობას ემუქრება, სხვა და სხვა ქვეყნების მეცნიერები ერთად მოქმედებენ".

აი, ასეთია ძირითადად 19-25 მაისს უცხოეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული მასალების თემატიკა, ჟანრობრივი სახე და შინაარსი.

---------------

წყაროები:

1. «Vesti.az» (აზერბაიჯანი); http://www.vesti.az/news/204116

2. «The American Interest» (აშშ); http://www.the-american-interest.com/articles/2014/05/19/georgias-fifth-column-stirs/

3. «The Economist» (დიდი ბრიტანეთი); http://www.economist.com/blogs/easternapproaches/2014/05/gay-rights-georgia

4. «PolitiFact» (აშშ); http://www.politifact.com/punditfact/statements/2014/may/19/dick-cheney/cheney-bush-admin-did-more-help-georgia-obama-has-/

5. «РИА Новости» (რუსეთი); http://ria.ru/world/20140522/1008804354.html

6. «Полит.ру» (რუსეთი); http://polit.ru/news/2014/05/22/lukashenko/

7. «Русская планета» (რუსეთი); http://ingushetia.rusplt.ru/index/ishut_zahoronenie_tsaritsy_Tamary-10021.html

8. «Труд» (რუსეთი); http://www.trud.ru/article/23-05-2014/1313164_otkuda_est_poshel_lednik.html


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016