reportiori.ge - ელიზბარ ჯაველიძე:„ღარიბაშვილს წინააღმდეგ რესპუბლიკელები, ალასანია და ნაციონალები ალიანს ქმნიან“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:56
პრეს-დაიჯესტი
ელიზბარ ჯაველიძე:„ღარიბაშვილს წინააღმდეგ რესპუბლიკელები, ალასანია და ნაციონალები ალიანს ქმნიან“
ავტორი:
26 მაისი, 2014. 18:43


2011 წლის 26 მაისის დარბევამ საქართველოში ბევრი რამ შეცვალა. ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სისხლიანი 26 მაისი იყო. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მეოცნებეებმა პირობა დადეს, რომ ამ საქმესაც გამოიძიებდნენ და მასში მონაწილე ზონდერებს დასჯიდნენ. ზონდერების უმეტესობა იმით დასაჯეს, რომ თანამდებობებზე დატოვეს.

 

რატომ არ დასაჯეს დამნაშავეები სათანადოდ, რა შედეგი მოიტანა 26 მაისის დარბევამ, რა გარიგებები მიდის ნაციონალებთან, ვინ და რატომ ებრძვის ღარიბაშვილს და ეკლესიას, ამ თემებზე „ახალ თაობას" აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ესაუბრება.


ელიზბარ ჯაველიძე:

- 2011 წლის 26 მაისი მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ. ამ დღემ ნათლად გამოაჩინა ქართველი ხალხის განწყობა იმჟამინდელი რეჟიმის მიმართ. სააკაშვილის რეპრესიულმა მანქანამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხალხი დათრგუნა და დააშინა. ბევრი ადამიანი ხმის ამოღებასაც კი ვერ ბედავდა. ქუჩაში გამოსულმა 30 ათასმა კაცმა დაამტკიცა, რომ ქართველი კაცის გატეხა შეუძლებელია. 2011 წლის 26 მაისს გარკვეული კუთხით 1989 წლის 9 აპრილს ვადარებ. მაშინ რუსებმა ქართველი ახალგაზრდები ორლესული ნიჩბებით დახოცეს. თუმცა მათ იმდენი ადამიანობა ეყოთ, რომ ხალხისთვის გასაქცევი მიეცათ. 26 მაისის ოპერაცია კი ისე დაგეგმეს, რომ ხალხს გაქცევის საშუალება არ მისცეს. ჯერ ალყაში მოაქციეს იქაურობა და შემდეგ დაიწყეს დარბევა. ან რა საჭირო იყო ამდენი ათასი სპეცრაზმელისა და ზონდერის გამოყვანა. იმ ღამეს საშინლად გაწვიმდა და რუსთაველის გამზირზე აქციის 1000 მონაწილე იყო დარჩენილი. იმ დღეს დღევანდელი დემოკრატიის ორსახოვნებაც გამოჩნდა კარგად. საქართველოში ამერიკის მაშინდელმა ელჩმა ჯონ ბასმ იმ სიმხეცეს მწვანე შუქი აუნთო, ხოლო როცა საზარელი შედეგი დადგა, თქვეს რომ სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს. ამერიკასა და ევროპას ეს ყოველივე არ დაუგმია. მაშინ როცა უკრაინასთან მიმართებაწი ახლაც წიოკობენ. უკრაინაში რაც მოხდა მაიდანზე, ის რომ აქ გაგვეკეთებინა, ყველას პირწმინდად ამოგვხოცავდნენ.


- ბასმა იმ დარბევას მაშინ მწვანე შუქი იმიტომ აუნთო, რომ მიაჩნდა, თქვენ დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ჩაშლა გსურდათ. აქციის მონაწილეები აცხადებდით, რომ სააკაშვილს რუსთაველზე აღლუმს არ ჩაატარებინებდით.

 

- ჩვენ დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ჩაშლას არ ვაპირებდით. ჩვენ არც სამხედრო აღლუმის წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ მიგვაჩნდა, რომ სააკაშვილის მსგავს მთავარსარდალს სამხედრო აღლუმის ჩაბარების უფლება არ ჰქონდა. ამას ყველა პოლიტიკოსი აღიარებს. არ შეიძლება, მიწაზე მფორთხავმა მთავარსარდალმა აღლუმი ჩაიბაროს. 26 მაისმა ძალიან კარგად წარმოაჩინა ქართველი პოლიტიკოსების ნამდვილი სახე. არც ერთი მათგანი არ გამოვიდა რუსთაველზე აქციის მონაწილეების დასახმარებლად.


- სამაგიეროდ, მეორე დღეს მოაწყვეს მრავალათასიანი აქცია.

 

- საპროტესტო მსვლელობა გამართეს, სადაც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ხარისხიანი ქართველები შევიკრიბეთო. მაგის ლოგიკით, რუსთაველზე ვისი სისხლიც დაიღვარა, ისინი უახრისხო ქართველები იყვნენ. ერთმა მომღერალმა კი ის ხალხი მაზოხისტებს შეადარა. 26 მაისი რომ არა, 1 ოქტომბერს მეოცნებეები არჩევნებს ვერ მოიგებდნენ. დაფიქსირებულია, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ზონდერები აქციის მონაწილეებს. ურტყამდნენ ყველას. მოხუცს, ახალგაზრდას, ქალს, ბავშვს. მთელ რუსთაველზე სისხლის გუბეები იდგა. საშინელება დაატრიალეს თბილისის პოლიციის სამმართველოშიც, სადაც დაკავებულები მიყვანეს. რამდენიმე დღე რეცხავდნენ თურმე იქ სისხლიან იატაკებს. ამ საქმის ჩამდენი ზონდერები ახლაც თანამდებობებზე რჩებიან.


- ოცნების წარმომადგენლები ნაციონალებს იმ ზონდერებს ხშირად ახსენებენ. თუ მათ საქციელს გმობენ, რატომ ტოვებენ თანამდებობებზე?

 

- ეს ჩემთვის გაუგებარია. ვერაფრით ვხსნი, თუ რატომ ტოვებს ამ ხალხს თანამდებობებზე. შესაძლოა, ეს ე.წ. კოაბიტაციის ბრალია, რომელიც საქართველოს გარედან მოახვიეს თავს, ხოლო თუ ზონდერები შეგნებულად დატოვეს პოსტებზე, მაშინ მეოცნებეება და ნაცებს შორის განსხვავება აღარ ყოფილა.


- ბევრი აღნიშნავს, რომ ისინი უკვე ძალიან დაემსგავსნენ ერთმანეთს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, არის მსგავსება?

 

- კოალიცია „ქართულ ოცნებაში" რამდენიმე პარტიაა. ამ გაერთიანებაში არიან ძალები, რომლებიც არც არასდროს განსხვავდებოდნენ ნაციონალებისგან. რესპუბლიკური პარტია იგივეა, რაც ნაციონალური მოძრაობა. ორივე მათგანს ერთი მიზანი აქვს. მათ ყველაფერი ქართულის მოსპობა სურთ. ეს გეგმა მათ მასონებმა დაუწერეს. მასონები გაცილებით საშინელი ძალაა, ვიდრე ფაშისტები. ამათ მთელ მსოფლიოში სურთ ევრონების ამოძირკვა. ჩვენს ახალ-ახალ რაღაცებს ვეძებთ. ამ დროს ილია ჭავჭავაძის ნააზრევი გვაქვს, სადაც კარგად და, რაც მთავარია, თუ რა გადაარჩენს ერს. ამ ნააზრევს არც ერთი ხელისუფლება არ კითხულობს.


- ამ დროს ყველა ამბობს, რომ ილიას გზას ვადგავარო.

 

- ილიას გზას თუ ადგანან, მაშინ რატომ არ ითვალისწინებენ ამ უდიდესი მოაზროვნის შეგონებებს? თუ კითხულობენ და შეგნებულად ახდენენ მის იგნორირებას, მაშინ მოღალატეები ყოფილან. ილიასთვის მთავარი, ერის, ეროვნების და ვინაობის გადარჩენა იყო. ამას ის სამ განზომილებაში - წარსულში, აწმყოსა და მომავალში ხედავდა. მისთვის მთავარი იყო ენა, მამული და სარწმუნოება. დღეს ენასაც ებრძვიან და სარწმუნოებასაც. მამულს კი ყიდიან. ამ ყველაფერს დიდი გულმოდგინებით ებრძოდა სააკაშვილი. სამწუხაროდ, უკეთესობა არც ახალი ხელისუფლების ქმედებებში ჩანს. სერიოზული ბრძოლა მიდის ეკლესიის წინააღმდეგაც.


- ბოლო წლებში ეკლესიის წინააღმდეგ გამუდმებით იბრძოდნენ გარკვეული ძალები. ბოლო თვეებში კი ამ ბრძოლამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ამის მიზეზი, თქვენი აზრით, რა არის?

 

- ბოლო თვეებში ეს ბრძოლა ძალიან აშკარა გახდა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მოწოდებები ისმოდა დასავლეთიდან, გაიძახოდნენ, როგორც იქნა, საბჭოთა კავშირი დავანგრიეთ და ახლა ერთი დიდი მეტრიღა დაგვრჩა მართლმადიდებლობის სახით.


- რატომ არის მათთვის მართლმადიდებლობა ასეთი მიუღებელი?

 

- მათი აზრით, მართლმადიდებლობა ყოფილა ის ძალა, რომელიც მსოფლიო გლობალიზაციას აფერხებს. მართლმადიდებლობა ამაში მართლა უშლის ხელს მასონებს. მართლმადიდებლობა გახლავთ კონსერვატიული, მაგრამ უაღრესად ტოლერანტული სარწმუნოება და რა გასაკვირია, რომ ამის მოსპობა სურთ. მათი ზრახვების ნათელი მაგალითი იყო სერბეთი. ნატოს ჯარები დამიზნებით ბომბავდნენ მართლმადიდებელ ტაძრებს, აცხადებდნენ, როგორც შეიძლება, შუაგულ ევროპაში ველური მართლმადიდებლობა იყოსო. ახლა იგივე ძალები ქართულ ეკლესიას უტევენ. მათი დავალებით გააქტიურდნენ აქ არსებული არასამთავრობოები, რომლებიც გრანტებს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იღებნ. ეს ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. ისინი ხედავენ, თუ როგორი ავტორიტეტი აქვს ეკლესიას, ღიზიანდებიან იმაზეც, რომ ხალხში ამხელა ნდობით სარგებლობს პატრიარქი. ჩვენ გაგვიმართლა. რომ ამ მძიმე ჟამს ასეთი ბრძენი სულიერი ლიდერი გვყავს. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა ინატრებდა ისეთ ჭკვიანურ რჩევებს, როგორსაც ილია მეორე საქართველოს ხელისუფლებას აძლევს.


- პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების ნაწილს ეს ძალიან აღიზიანებს. მიიჩნევენ, რომ პატრიარქი სახელმწიფო საქმეებში ერევა.

 

- რას ჰქვია, სახელმწიფო საქმეებში ერევა? ბარემ ხმის ამოღებაც აუკრძალონ პატრიარქს. ეკლესია მოწოდებულია იმისკენ, რომ ერის ზნეობა დაიცვას. ის იქნებოდა ცუდი საპატრიარქოს ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ არ გაეპროტესტებინა. თურმე ამ კანონის გარეშე ევროპაში არ მიგვიღებდნენ. თურმე დასავლეთი კარს არ გაგვიღებს, თუ ლგბტ პირებს სხვანაირი თვალით შევხედავთ. ისინი სხვანაირები არიან და სხვანაირად ამიტომ უყურებენ. ამის მიუხედავად, მათ უფლებებს არავინ არღვევს. ჩემს ახალგაზრდობაშიც იყვნენ ასეთები, მაგრამ არავის უცემია ისინი. არც ისინი ეჩხირებოდნენ თვალში ვინმეს, ახლა კი გაიძახიან, გინდა თუ არა, პატივისცემით მოგვექეცითო. ამას არ შევეუგებით! მათი დევნის მომხრე არა ვარ, მაგრამ არც ის შეიძლება, ასეთმა ხალხმა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში იმუშაონ. ამეათ ევროპა საერთოდ არ აინტერესებთ. დაინტერესება რომ იყოს, ევროპულ ლიტერატურას წაიკითხავდნენ. ბევრ მათგანს თომას მანიც კი არ გაუგია. ამათთვის ევროპა მარტო ლგბტ პირების დაცვაა. ისიც გაიგეს, რომ თურმე მაიმუნი ადამიანის ტოლფასია, ოღონდ მაიმუნი უფრო ბედნიერია, რადგანაც მას აქვს თავისუფლება სქესობრივი პარტნიორის შერჩევაში. საქართველოში დაწყებულია ადამიანების გამაიმუნების პროცესი. ამ გამაიმუნების პროცესში მე ვერასოდეს ვერ მივიღებ მონაწილეობას და, სანამ ცოცხალი ვარ, ამას არ შევეგუები. კიდევ კარგი, ასეთი ადამიანები საქართველოში მრავლად არიან. ამ ყველაფერს ეკლესია წინააღმდეგება. ამიტომაც ებრძვიან ელკესიას და სურთ, მან ავტორიტეტი დაკარგოს. ამის შემდეგ ყველაფერს გააკეთებენ, რაც დაავალეს. ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები საზღვარგარეთიდან კონკრეტული მიზნებისთვის იღებენ ფულს. არაერთხელ მოვითხოვეთ, დასახელდეს მათი დამფინანსებლების ვინაობა. ენჯეოები ყველას საქმეში ცხვირს ყოფენ. თავიანთ დამფინანსებლებზე კი ხმ ას არ იღებენ. ან როგორ შეიძლება, ყველა საკითხზე კახა კოჟორიძე, ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური აკეთებდნენ კომენტარებს. შეუძლებელია, ერთი ადამიანი ყველა საკითხში კომპეტენტური იყოს. დარწმუნებული ვარ, ამ არასამთავრობოებს „თხა და გიგოს" მეტი არაფერი აქვთ წაკითხული და მთელ ერს გვმოძღვრავენ.


- ისევ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე გკითხავთ. ივანიშვილის ხელისუფლება თუ ასე დაუპრისპირდებოდა ეკლესიას, ამას წარმოიდგენდით? თითქოს ყოფილი პრემიერი საპატრიარქოს და პატრიარქის მიმართ კეთილად იყო განწყობილი.

 

- ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს უდიდესი საქმე გაუკეთა. ეგ რომ არა, სააკაშვილს ვერ მოვიშორებდით. მან თანამდებობა დატოვა იმის გამო, რომ მასზე ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა.


- ვის მიერ ხორციელდებოდა ზეწოლა?

 

- დასავლეთის მხრიდან ხორციელდებოდა. მას მართლა სურდა ხალხისთვის ქართული ოცნების ასრულება, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ამ გარემოცვით ამას ვერ გააკეთებდა. ამას დაუმატეთ გარედან ზეწოლა. მე მგონია, რომ ის ეროვნულ საქმეს მაინც გააკეთებს. რაღაც პრობლემები რომ წარმოიქმნება, ყველაფერს მას ნუ დავაბრალებთ. პარლამენტის თავმჯდომარედ რესპუბლიკელი რომ დასვეს, დაიწყებოდა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, აბა, რა იქნებოდა. ამ ბრძოლას ისინი უდგანან სათავეში. რესპები ყოველთვის ებრძოდნენ ეკლესიასა და ქართულ სულიერებას. ეს ივანიშვილმაც კარგად იცოდა.


- და, ამის მიუხედავად, გვერდში სწორედ ისინი დაიყენა.

 

- ამაშიც დასავლეთის ხელი ურევია. მათ აიძულეს ივანიშვილი, რომ ეს ხალხი დაეყენებინა გვერდში. დღეს ამათ მიჰყავთ ქვეყანაში „სტოსი". ესენი არიან ნაციონალებთან ჭიპით გადაბმულები. წეღარ მკითხეთ, ოცნება და ნაცმოძრაობა ერთმანეთს დაემსგავსაო. დაემსგავსნენ კი არა, დაქორწინდნენ. ნაცმოძრაობა და რესპუბლიკური პარტია ერთგვარი კენტავრია. დღეს ძალიან საშიში ვითარებაა. ხალხი არსებული ხელისუფლებით უკმაყოფილოა, მაგრამ, ამათ თუ დავუწყებთ გინებას, შესაძლოა, ხელისუფლებაში ისევ ნაციონალები მოვიდნენ. არ გამოვრიცხავ შიდა ღალატსაც. საბედნიეროდ, მთავრობაში არის ხალხი, ვისაც ვენდობი.


- ვის ენდობით?

 

- ირაკლი ღარიბაშვილს. ის ამ მთავრობაში არის ერთადერთი კაცი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რასაც ფიქრობს. მას არ აინტერესებს, რას იტყვიან მის განცხადებებზე ნაციონალები და მათი მფარველები. პრემიერ-მინისტრი ქართულ ცნობიერებაზეა. ჯერჯერობით ასეა და მერე ვნახოთ, რა იქნება. მას უამრავი დადებითი თვისება აქვს. პირველ რიგში, ის არის ერთგული ადამიანი. სამწუხაროა, რომ ამ ახალგაზრდას გვერდში ასეთი მოღალატეები ახვევია. მას ბევრი ბრძოლის გადატანა მოუწევს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს დასავლეთი კი გამუდმებით ჩვენს საქმეებში ერევა. მათთან ყოფილ პრეზიდენტებსა და პრემიერებს უბრალო გადაცდომისთვისაც კი აკავებენ. ამაზე არავინ იღებს ხმას. ჩვენთან ერთხელ თქვეს, პროკურატურაში დაკითხვაზე უნდა მივიდეს სააკაშვილიო და ერთი ამბავი ატეხეს. განსაკუთრებით ამერიკა აქტიურობდა. ვინ ეკითხება ამერიკას, ჩვენ ვის დავკითხავთ. ან ეს ნორლანდია თუ როლანდი, რას დაბორიალობს და ყველაფერში ცხვირს ყოფს. პირველ რიგში, მაგათ უნდა შევაგნებინოთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. სამართლიანობის აღდგენასაც ეგენი უშლია ხელს. მაგათი წყალობით დადიან ზონდერები დაუსჯელად. კიდევ ვიმეორებ, ღარიბაშვილს წინ დიდი ბრძოლები ელოდება. მის წინააღმდეგ შეთქმულებასაც უნდა ველოდოთ.


- რა შეთქმულებაზე საუბრობთ?

 

- ამ შეთქმულების სცენარი უკვე დაწერილია. ღარიბაშვილის წინააღმდეგ რესპუბლიკელები, ალასანია და ნაციონალები ალიანსს ქმნიან. მარგველაშვილიც მათთან იქნება. კაცი იმით ამაყობდა, ნაციონალების მეგობარი ვარო.


- გაუძლებს ღარიბაშვილი ამ ყველაფერს?

 

- უნდა გაუძლოს. საბედნიეროდ, კოალიცია „ქართულ ოცნებაში" არის ხალხი, ვინც რესპუბლიკელების და ნაციონალების პარპაშს არ შეეგუება. ახლა მათ ინტერესებშია არეულობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ალასანიას განცხადება. ნატოს შესთავაზა საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები განათავსეო. ამან რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია. ეს სისტემები აქ რომ დაიდგას, რუსეთი ეგრევე დაგვბომბავს. სულ რაღაც ერთი რაკეტაა საჭირო საქართველოს გასანადგურებლად. ნაციონალებსა და რესპუბლიკელებს რა ენაღვლებათ, აქედან გაიქცევიან. მათთვის საქართველო არც არასდროს წარმოადგენდა რამეს.


შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი „ახალი თაობა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016