reportiori.ge - „იმედის“ ჟურნალისტი, რომელიც გარდაიცვალა - ბოლო დღეს იტირა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:46
პრეს-დაიჯესტი
„იმედის“ ჟურნალისტი, რომელიც გარდაიცვალა - ბოლო დღეს იტირა...
ავტორი:
27 მაისი, 2014. 12:46



"გარდაცვალების წინა დღეს, 17 მაისს, იტირა და მივხვდით, ცუდად იყო საქმე. წინადღეს ეზიარა და ჩუმად და მშვიდად წავიდა"

 

 

მეგობრები დღეს "სიყვარულის კაცზე" უკვე წარსულ დროში ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ მხოლოდ კარგს - სხვა სათქმელი არ აქვთ... მისი დაკრძალვის წინადღეს მეგობარმა ლევან ჯავახიშვილმა პროექტ "ორ ვარსკვლავში" მას შესანიშნავად შესრულებული "დვალეთის წვიმა" უძღვნა და აატირა მსმენელი. 20 მაისს თბილისმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და, უბრალოდ, კარგი ადამიანი გუგა კვიტაშვილი. ის მხოლოდ 42 წლის იყო...

 

 

გიორგი ჭყონია, რეჟისორი: - 90-იან წლებში "მოამბის" მთავარი რეჟისორი ვიყავი, გუგა - რვა საათის, ანუ ცენტრალური გამოშვების წამყვანი. გუგას მამა - ზურაბ კვიტაშვილი, ჩემი უფროსი მეგობარი იყო. გუგაზე უფროსი ვიყავი, მაგრამ ერთმანეთს კარგად ვუგებდით. ალბათ იმიტომაც დავმეგობრდით, რომ ბევრი საერთო გვქონდა. გუგა კარგად მღეროდა, შესანიშნავი იუმორი ჰქონდა და ლამაზად მოუბარიც იყო. იშვიათად მინახავს ასეთი თბილი და გახსნილი ადამიანი. ქალები უყვარდა, მათაც უყვარდათ გუგა. 22-23 წლის იქნებოდა, როდესაც პირველად წაიყვანა "მოამბე". ბოლოს მინსკში ცხოვრობდა და მუშაობდა. ავადმყოფის მონახულება დავაპირე. უარი მითხრა. თავმოყვარე იყო, არ უნდოდა, ვინმეს ამ მდგომარეობაში ენახა. ქიმიოთერაპიის პირველი კურსის შემდეგ იმედი გაგვიჩნდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა, უკეთ იყო, მაგრამ...

 

 

გიორგი ახვლედიანი, ჟურნალისტი: - ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს. მე 12 წლის ვიყავი, ის - 14-ის და "ბურევესტნიკის" კლუბში ვთამაშობდით მინიფეხბურთს. მერე ჩვენი ურთიერთობა ტელევიზიაში გაგრძელდა. საოცარი ენამოსწრებულობითა და ხალისით გამოირჩეოდა. სიყვარულის კაცი იყოიმხანად ორნი ვიყავით "მოამბის" წამყვანები და ერთმანეთს ვენაცვლებოდით. გუგას მამას, ზურაბს, "მოამბეში" ჰქონდა გადაცემა. ჩემი თაობის პირველარხელი ჟურნალისტები მის ხელში გავიზარდეთ... ბელორუსიაში წასვლა, ალბათ, გარკვეულწილად, ტელეკომპანია "იმედში" (იქაც ერთად ვმუშაობდით) შემოჭრამ და ბადრი პატარკაციშვილის დევნილობამაც განაპირობა. მანამდე ვიბრძოდით, როგორმე "იმედისთვის" გვეშველა... გუგა იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლის მხარეს იდგა და ჰქონდა პრინციპული დამოკიდებულება, რომ სიმართლე არ დაკარგულიყო. ის ყოველთვის მარტივად, ღიად საუბრობდა მედიის საშუალებით იმ საკითხებზე, რაც ჩემთვის და გიორგი თარგამაძისთვის ძალიან პრობლემატური იყო. გუგას არც სჭირდებოდა თქმა, რომ სიმართლე მოეყოლა. მას ათჯერ მაინც აქვს ნათქვამი, რა მოხდა სინამდვილეში

 

 

მახსოვს, 1997 წელი იდგა. ყველა ვცდილობდით, ტელევიზიაში სასურველ გრაფიკში მოვხვედრილიყავით, ყველას გვინდოდა, კვირა დღეს დაგვესვენა. გრაფიკის შედგენისას გუგა არ იყო ტელევიზიაში. რედაქციამ გადაწყვიტა, რადგან არ არის, ხმას არ ამოიღებსო და კვირა დღეს ჩასვეს წამყვანად. გუგა შაბათ საღამოს მისულა, უნახავს გრაფიკი და ფურცელზე მიუწერია: "მე კვირაია არ ვარ, კვიტაშვილი ვარ. შეგეშალათ, კვირას ვერ ვიმუშავებ". კვირაც გათენდა. ყველას გვგონია, გუგა მივა და 8 საათის "მოამბეს" წაიყვანს, მაგრამ გუგა არ ჩანს. რედაქტორები და პროდიუსერები დაფეთდნენ. მთელი ტელევიზია მირეკავს, გუგა არ მოვიდა, გვიშველეო. ვურეკავ გუგას - ქალაქში არ ვარ, ვერაფრით დაგეხმარებითო. ნახევარ საათში ტელევიზიაში გავჩნდი და პირდაპირ ეთერში შევედი. თან ვბრაზობდი. დამთავრდა ეთერი და გუგას ვურეკავ: - არ დაბრუნდე თბილისში, სადაც დაგიჭერ, იქ მოგკლავ-მეთქი. ისეთი სიტუაციისგან მიხსენი, შენს მაგივრად ათჯერ ვიმორიგევებო, - დამამშვიდა.

 

 

 

"მოამბის" შემდეგ, გუგა ბადრი პატარკაციშვილის პრესმდივანი გახდა. მინსკში წასვლამდე ვნახე. მისი ავადმყოფობის ამბავი რომ გავიგე, ვიფიქრე, რომ ჩამოვა, მაშინ დაველაპარაკები-მეთქი. როცა ჩამოვიდა, უკვე ძალიან მძიმედ იყო.

 

 

ლევან ჯავახიშვილი, ტელეწამყვანი: - გუგა უფროს ძმასავით მყავდა, რჩევებს მაძლევდა, როგორ წამეყვანა პირდაპირი ეთერი, როგორ მოვქცეულიყავი. მის რჩევებს როცა არ ვითვალისწინებდი, ბევრჯერ კისერიც წამიტეხია

 

1998 წელია. გუგა ეთერში იჯდა ახალ წელს. როცა გადაცემა დამთავრდა, ამოიღო კანფეტი, ტელემაყურებელს მიმართა - ასე ტკბილად დამიბერდითო და პირში ჩაიდო. ხელმძღვანელობა ძალიან გაუბრაზდა, - ეს როგორ შეიძლებაო. მომდევნო ახალ წელს გოზინაყით დააბერა მაყურებელი. მერე გუგა და ხელმძღვანელობა სართულ-სართულ დარბოდნენ...  ჩაგეხუტებოდა, მოგიკითხავდა, - რამე ხომ არ გიჭირსო. ძალიან დიდი გული ჰქონდა, მზად იყო, მეგობრებისთვის თავი გადაედო.

 

 

მარინე ჯიმშელეიშვილი, ჟურნალისტი, გუგას მეგობარი და ყოფილი მეუღლე: - გუგას 25 წელი ვიცნობდი. 7 წელი ვიცხოვრეთ ერთად. არასოდეს გვიჩხუბია. ბოლო წუთებში მასთან ვიყავი და ის მტანჯველი 7 თვეც, ვფიქრობ, შევუმსუბუქე. განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, სულ ვგრძნობდი, რა სტკიოდა, როდის რა აწუხებდა. ვერც გეტყვით, რატომ დავშორდით, ალბათ ერთნაირები ვიყავით და იმიტომჩვენი შვილი, ნუცა, უკვე 18 წლის არის და ყველაფრით მას ჰგავს. დავცილდით, მაგრამ ერთმანეთი მაინც ვერ დავთმეთ, ჩვენი სიყვარული დამთავრდა მაშინ, როცა გუგა გარდაიცვალა.

 

 

 

 

გუგას დიდი იმედი ჰქონდა, რომ მდგომარეობიდან გამოვიდოდა. უამრავი გეგმა და პროექტი ჰქონდა. ამბობდა, მთავარია, წამოჯდომა შევძლო და მერე მე ვიციო. ნოვატორი იყო, წერდა არაჩვეულებრივ სცენარებს, ხატავდა. ბოლო დღეს, 17 მაისს, იტირა და მივხვდით, ცუდად იყო საქმე. წინადღეს ეზიარა... ჩუმად და მშვიდად წავიდა...


 

 

"კვირის პალიტრა"

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016