reportiori.ge - ქართველი სორაიას ისტორია: მე–17 საუკუნის სამეფო ამბავი, რომლის შესახებაც ისტორიკოსებს საუბარი არ უყვართ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:29
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ქართველი სორაიას ისტორია: მე–17 საუკუნის სამეფო ამბავი, რომლის შესახებაც ისტორიკოსებს საუბარი არ უყვართ
ავტორი:
29 მაისი, 2014. 10:53

ქართველი მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც 1980-იან წლებში ირანის ერთ-ერთ მოშორებულ სოფელში მოხდა.   სორაია - ქალი, რომელიც საკუთარი შვილების ხელით ქვით მხოლოდ იმიტომ ჩაქოლეს, რომ მის მეუღლეს სხვა ქალის - არასრულწლოვანი გოგონას ცოლად შერთვა მოუნდა. სორაიას პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა მის ქმარს სხვა გოგონას მოეწონა, მის ცოლად მოსაყვანად კი სორაიას თავიდან მოშორება გახდა საჭირო. ტრადიციების ერთგულმა მეუღლემ გამოსავალიც იპოვა და მეუღლეს უპატიებელ ცოდვაში, ღალატში დასდო ბრალი, არგუმენტად კი მეზობლისთვის გაღიმება მოიყვანა. მსაჯულებმაც არ დააყოვნეს და ქმრის „ღალატისთვის" სორაიას, ქალს, რომელიც სახლიდან მხოლოდ იმიტომ გამოდიოდა, რომ სურდა, საზოგადოების ნაწილი ყოფილიყო და თავისი ადგილი ჰქონოდა, თუნდაც მოსამსახურის, ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯეს. სორაიას პირველმა საკუთარმა მამამ ესროლა... ესროლა მეუღლემ და ორმა პატარა ბიჭუნამ - შვილებმა...


სორაიასადმი მიძღვნილი ფილმი საქართველოში ბევრმა ნახა და დაიტირა კიდეც ირანელი ქალბატონი, რომლის ისტორია მთელს მსოფლიოში შეიტყვეს. თუმცა იგივე საქართველოში ცოტამ თუ იცის არანაკლებ სულისშემძვრელი ისტორია, რომლის პერსონაჟები ლევან მეორე დადიანი და მისი მეუღლე არიან.   

ამბავი, რომლის შესახებაც „Frontnews"-ს ისტორიკოსმა უამბო, მეჩვიდმეტე საუკუნეში მოხდა. მაშინ სამეგრელოს მთავარი ლევან მეორე დადიანი იყო, - ისტორიული წყაროების თანახმად, საკმაოდ საინტერესო პიროვნება და ამავდროულად, ზნეობითა და მენტალობით ქართულ ცნობიერებას მოკლებული. ის ტიპიური სეპარატისტი გახლდათ, რომელსაც მთელ დასავლეთ საქართველოში ბატონობის პრეტენზია გააჩნდა, ძალის და შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის არაერთგზის ესხმოდა თავს იმერეთის სამეფოს, ასევე გურიისა და აფხაზეთის სამთავროებს. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი აღმოჩნდა: ყველა ქართული პოლიტიკური ერთეული, ლევან დადიანის გამუდმებული შემოსევების შედეგად ისე დასუსტდა, რომ დადიანის სიკვდილის შემდეგ საკმაოდ დიდხანს, მეთვრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებამდე წელში ვეღარ გასწორდა.


ლევან მეორე დადიანი დაიბადა მეთექვსმეტე საუკუნის 90-იან წლებში მანუჩარ დადიანის ოჯახში. დედამისი, ნესტან-დარეჯანი კახეთის მეფე ალექსანდრე მეორეს ქალიშვილი იყო, ანუ ერთის მხრივ, ოდიშის მთავარი და მეორეს მხრივ, ბაგრატოვანთა შთამომავალი. დედა ადრე გარდაეცვალა, ხოლო სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა მამამ - მანუჩარ დადიანმა  იგი გიორგი ლიპარტელიანს ჩააბარა გასაზრდელად. ეს უკანასკნელი დადიანების ოჯახის წევრი გახლდათ და გარკვეული ხნის განმავლობაში უწევდა სამეგრელოს მცირეწლოვან მთავარს რეგენტობას, ლევანს კი ბიძად ეკუთვნოდა.


ლევან დადიანმა საკმაოდ ადრე იქორწინა აფხაზთა მთავრის - სეტემან შარვაშიძის ქალიშვილზე, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. ამავე პერიოდში მან  თავისი და - მარიამი მიათხოვა გურიის მთავრის, მამია გურიელის ვაჟ სიმონს. ანუ, დადიანი დამოყვრდა აფხაზეთთანაც და გურიასთანაც.  ასე გაგრძელდა ოციან წლებამდე - მანამ, სანამ ის თავის ხასიათს გამოავლენდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლევან დადიანს ძალიან შეუყვარდა თავისი აღმზრდელი ბიძის - გიორგი ლიპარტიანის  მეუღლე, ანუ ბიცოლამისი - ნესტან-დარეჯან ჭილაძე. მალე მათი ურთიერთობის შესახებ სასახლეში ყველამ შეიტყო. იმისთვის, რომ მას საკუთარ გულისსწორზე - აღმზრდელი ბიძის ცოლზე ექორწინა, ჯერ ცოლს უნდა გაყროდა. დიდხანს არც უფიქრია, მიზეზად კი ღალატი დააბრალა, თითქოს აფხაზთა მთავრის - სეტემან შარვაშიძის ქალიშვილს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მისივე პირად ვეზირთან, მერაბ ქორთოძესთან. ეს უკანასკნელი იმდენად პოპულარული ყოფილა იმდროინდელ დასავლეთ საქართველოში, რომ ლევან დადიანმა მისი დასჯა ვერ გაბედა. ამიტომ იგი სამეგრელოდან გურიის სამთავროში, თავის სიძესთან და დასთან გადაასახლა, ცოლსკი, როგორც მოღალატეს, ცხვირი მოაჭრა და ცხვირმოჭრილი გაგზავნა მამამისთან.  შემდეგ პირდაპირ მიადგა სასახლეში გიორგი ლიპარტიანს და ცოლი წაჰგვარა.


სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. როგორც ისტორიულ წყაროებშია ნათქვამი, არავინ იცის, რით დამთავრდებოდა ყოველივე, მოულოდნელად გიორგი ლიპარტიანი რომ არ გარდაცვლილიყო. ამასთან დაკავშირებით მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ გიორგი ლიპარტიანი საკუთარმა ძმისშვილმა მოწამლა. ასე იქორწინა ლევან დადიანმა საკუთარ ბიცოლაზე, ნესტან-დარეჯან ჭილაძეზე, რომელიც
ძალიან ამპარტავანი, დაუნდობელი, ძალაუფლებისმოყვარე და ბოროტი ადამიანი ყოფილა. ნესტან-დარეჯანმა გული ააცრუებინა ლევან დადიანს საკუთარ შვილებზე, რომლებიც მას პირველი ცოლისგან ჰყავდა, ჩააგონა, რომ ეს ბავშვები მისი შვილები არ იყვნენ - შენი ცოლი ხომ გღალატობდა და ვინ იცის, ვისგან ჰყავდა ისინიო.  ერთ მშვენიერ დღეს ორივე ბავშვი ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. სამეგრელოს მთავარმა გარდაცვლილი შვილები დადიანთა საგვარეულო საძვალეში არ დააკრძალვინა. ასე შეეწირნენ მცირეწლოვანი ყმაწვილები ბოროტ დედინაცვალს.


თავად  ლევანსა და ნესტან-დარეჯანს 4 შვილი ჰყავდათ და ოთხივე ფიზიკურად დავრდომილი იყო. მათგან მხოლოდ ერთმა იცოცხლა შედარებით დიდხანს, დანარჩენები მცირეწლოვანნი გარდაიცვალნენ. იმ ერთმაც 1657 წლამდე, ანუ ლევან დადიანის გარდაცვალების თარიღამდე იცოცხლა. ლევან დადიანი ყველა შვილის სიკვდილს მოესწრო და როდესაც უკანასკნელის შესახებაც შეიტყო, თავზე ლახტი გადაირტყა და დაუმარხავ შვილს ზედ დააკვდა.

 

 

 

(პაპუნა შუშანია, „Frontnews" )


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016