reportiori.ge - ნათია ფანჯიკიძე: ირაკლი მიდიოდა, თუთიის კუბო მიჰქონდა და ყოველ ჯერზე მამის ნაცვლად სხვა მიცვალებულის გვამი გადმოჰქონდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:51
საზოგადოება
ნათია ფანჯიკიძე: ირაკლი მიდიოდა, თუთიის კუბო მიჰქონდა და ყოველ ჯერზე მამის ნაცვლად სხვა მიცვალებულის გვამი გადმოჰქონდა...
29 მაისი, 2014. 15:37



თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე , ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე  ჟურნალ  „გზის“ 2010 წლის აპრილის ნომერში, ინტერვიუში მეუღლის ცხოვრების რთულ ეტაპზე საუბრობს:

 

ნათია ფანჯიკიძე:ირაკლიმ გაცნობისთანავე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კარგადაც გამოიყურებოდა. მის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობდი... ბევრი არ გვიფიქრია. მაშინ ირაკლი 18 წლის იყო, მე - 20-ის. ის ჩვენთან ოჯახში სტუმრად ხშირად მოდიოდა. დასამალი არაფერი მქონდა. იმ ასაკში, როცა ოჯახი შევქმენით, შეყვარებული წყვილები ხშირად სადღაც "იპარებიან" ხოლმე. ჩვენ მსგავსი რამ აზრადაც არ მოგვსვლია. ირაკლიმ თავის თავს არ აკადრა, რომ ვინმეს გაჰპარვოდა, გაჰქცეოდა... ოჯახი ტრადიციის დაცვით შევქმენით - ნიშნობა გვქონდა, თუმცა ქორწილი არ გადაგვიხდია. იმ წლებში თბილისში ძალიან დაძაბული მდგომარეობა იყო. მამებმა გვითხრეს, იმდენი ახალგაზრდა ბიჭი იღუპება, ვერაფერს აღვნიშნავთ, სირცხვილიაო. ამაზე ცოტა გულიც კი მწყდებოდა, რადგანაც სადედოფლო კაბის ჩაცმაზე მეც ვოცნებობდი. შემდეგ მე და ირაკლი ვამბობდით, თბილისის ომი რომ დამთავრდება, ჩვენი ერთად ყოფნა აღვნიშნოთ-თქო, მაგრამ შემდეგ აფხაზეთის ომი დაიწყო...

 

__აფხაზეთის ომში სამწუხაროდ, ირაკლის მამა - მამია ალასანია დაიღუპა...

_ ეს უმძიმესი ტრაგედია იყო.


__ამ ტრაგედიაზე ირაკლი და მისი ოჯახის წევრები ნაკლებად ლაპარაკობენ...

_ მამია ალასანია უშიშროების გენერალი იყო, სანამ აფხაზეთში წავიდოდა, 6 წლის მანძილზე ავღანეთში იბრძოდა. თავისი საქმე კარგად იცოდა, პროფესიონალი გახლდათ. როცა აფხაზეთში მდგომარეობა დაიძაბა, ირაკლი იქ, როგო რიგითი ჯარისკაცი, ისე წავიდა. იმ დროს მამამისი ზუგდიდის მისადგომებთან იყო განაწილებული. როგორც ჩანს, გული უფრო ცხელი წერტილისკენ მიუწევდა, თან ისიც იცოდა, რომ სოხუმში მისი შვილი იბრძოდა. იქ ჩავიდა და ჟიული შარტავასთან ერთად გამაგრდა (ჟიულისთან მამიას ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა). როცა სოხუმს უკვე ყველა ტოვებდა, ირაკლი მინისტრთა საბჭოს შენობასთან მივიდა. იქ მამიასა და ჟიული შარტავასთან ერთად, სხვა ქართველებიც იყვნენ, სოხუმი იცლებოდა. ირაკლისთვის მამიას უთქვამს: შენ თბილისში დაბრუნდი, მე აქ დავრჩებიო. ირაკლიმ სვანეთი ფეხით გადმოიარა და შინ ისე დაბრუნდა (პაუზის შემდეგ)... ის ამ თემაზე ნაკლებად ლაპარაკობს. ამდენი წელია, ერთად ვცხოვრობთ და მისგან არასდროს მსმენია სიტყვები: "მე ეს განვიცადე", "ცუდად ვარ", "ძალიან მეტკინა", "თანამიგრძნე"... მას არ უყვარს გრძნობებით მანიპულირება. ყველაფერი უხმოდ და უსიტყოვდ გადააქვს. საკუთარი განცდები არც ამ შემთხვევაში გაუზიარებია. მამის ხსენება საერთოდ შეწყვიტა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა - 19 წლის იყო.


__როგორც ვიცი, მამის გვამს დიდხანს ეძებდა...

_ძალიან დიდი ხნის მანძილზე... ამის შესახებ ნორმალურად არაფერი ვიცოდით. იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ მამია ალასანია ცოცხალია და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ თანხას ითხოვდნენ. ზოგჯერ ვიღაც დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, გარდაცვლილია და გვამსაც გადმოგცემთო. ეს კოშმარი 4 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ირაკლი მიდიოდა, თუთიის კუბო მიჰქონდა და ყოველ ჯერზე მამის ნაცვლად სხვა მიცვალებულის გვამი გადმოჰქონდა...

__ 4 წლის შემდეგ რა მოხდა?

_ შემდეგ გაირკვა, რომ მამია ალასანია 47 ქართველთან ერთად დახვრიტეს. გვამები კი საერთო საფლავში ჩაყარეს. როგორც ხდება ხოლმე - ომს მთავარსარდლები იგებენ, ჯარისკაცების სახელები კი არავინ იცის. ახლა ირაკლი ასპარეზზეა და მამამისის სახელიც რამდენჯერმე ამიტომ გაისმა, მაგრამ მასთან ერთად დახვრეტილების სახელები არავინ იცის. აღარავინ ახსენებს 47 უერთგულეს კაცს. მათ დიდი გმირობა ჩაიდინეს და ვლადებულები ვართ, სათანადო პატივი მივაგოთ...


__ მათი განსასვენებლის ზუსტი ადგილი დღეს მაინც თუ არის ცნობილი?

_ ირაკლიმ იცის. ტრაგედიის გადატანასაც თავისი ეტაპები აქვს. ჯერ გაოგნებული ხარ, მერე - დეპრესია გეუფლება, შემდეგ კი უმძიმეს მდგომარეობას ეგუები. ყველაზე რთული დროში გაწელილი სტრესია, როცა გარდაცვლილ ადამიანს ვერ ნახულობ და ურთიერთგამომრიცხავ უამრავ ინფორმაციას ისმენ. ალბათ ამ ყველაფერმა განაპირობა ისიც, რომ ირაკლი სასწავლებლად სამხედრო აკადემიაში წავიდა. ახალგაზრდა ყოველთვის რევანშზე ფიქრობს, ალბათ ირაკლისაც ჰქონდა იმის განცდა, რომ ეს არავისთვის შეერჩინა... შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, რის გამოც მას დიდ პატივს ვცემ.


ირაკლი ალასანიას და ნათია ფანჯიკიძეს ორი შვილი ჰყავთ-ნიკო და ეკა.

 

 
წყარო : ამბები.გე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016