აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის რეაქცია, მისი გადადგომის მოთხოვნაზე, „ხელისუფლების ჩაბღაუჭების სულელურ მცდელობად" შეაფასა.
„ხელისუფლების ჩაბღაუჭების სულელური მცდელობაა, როდესაც ამის არც რესურსი არსებობს და არც დაბრუნების შესაძლებლობა", - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეროვნული საბჭოს წევრმა სერგეი შამბამ.
მან მოსახლეობას თავშეკავებისკენ მოუწოდა, რათა პროვოკაციებს არ წამოეგონ.
წუხელ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც სულ 21 დეპუტატი ესწრებოდა, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას უნდობლობა გამოუცხადეს, ასევე მიმართეს დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს, თავისი ნებით დათმოს პრეზიდენტობა და გადადგეს. ოპოზიციამ განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებს რესპუბლიკის მმართველობასა და კოალიციური მთავრობის ფორმირებას. დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ლეონიდ ლაკერბაიას არსად უშვებს, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას კი ფართო კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.