საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ალასანიამ ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრა მას შემდეგ გააუქმა, რაც ისინი ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ.
პრეზიდენტმა ამის შესახებ ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულებისთანავე განაცხადა.
"სამწუხაროა, რომ წინასწარ დანიშნული შეხვედრები პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან გაუქმდა მას შემდეგ, რაც ისინი დილით შეხვდნენ ვანო მერაბიშვილს", - აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით ევროპარლამენტარების დელეგაცია საქართველოში ოკუპაციის საკითხების შესაწავლად ჩამოვიდა. მათ უნდა შეაფასონ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და განვითარების მაჩვენებლი.
"მათთან საუბარი გემოვნების საკითხი კი არ არის, ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა რომ ოკუპაციის ხაზის გადმოწევა ქვეყნისთვის უმთავრესი საკითხი უნდა იყოს. პრეზიდენტმა ხელისუფლებას ევროკავშირის წარმომადგენლებთან აღნიშნული საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.
"ერთია, როდესაც პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა არ გინდა ვლადიმერ პუტინთან და ვაბრალებთ დაბალი დონის გენერლებს, მეორეა, რომ ეს ხალხი ევროპიდან ჩამოდის იმის გამო, რომ ეს არ კეთდებოდეს და ამაზე გველაპარაკოს. მათ საერთოდ არ ვიღებთ, კაცმა არ იცის რა მიზეზით. ვფიქრობ, ეს გაუგებრობა მომავალში უნდა გამოსწორდეს, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება პირად ემოციებს ავყვეთ", - დასძინა პრეზიდენტმა.