ცენტრალური საარჩევნო კომისია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" რუსთავის ოფისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ ცესკოს განცხადებას:
"28 მაისს, მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც საუბარია ქ. რუსთავში "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" ოფისში "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის.
გავრცელებულ მასალაში მოყვანილია კოალიცია "ქართული ოცნების" რუსთავის საარჩევნო შტაბის იურისტის განცხადება, რომელიც ამბობს, ტრენინგები საქართველოს მასშტაბით კანონიერად ტარდება და ამასთან დაკავშირებით ცესკო ინფორმირებული იყო.
ცესკო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ტრენინგის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული.
ამასთან, კანონმდებლობიდან გამომდინარე არც შეიძლებოდა არსებულიყო რაიმე სახის შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე. ამდენად, ცესკო მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს თავი შეიკავონ ისეთი კომენტარებისგან, რომლებიც არ შეესაბამება სიმართლეს.
დამატებით გაცნობებთ, რომ რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაიწყო ზემოაღნიშნული ფაქტის მოკვლევა. საკითხის სათანადო შესწავლის საფუძველზე საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს", - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.