მეოთხე ხელისუფლება,როგორც მედია იწოდება, საქართველოში სათავეს მე-19 საუკუნეში იღებს , როდესაც პირველი ქართული გაზეთი გამოიცა.
გაზეთი 1819 წელს დაარსდა.მისი თავდაპირველი სახელი „საქართველოს გაზეთი" იყო ხოლო შემდეგ „ქართული გაზეთი".სწორედ აქედან იწყება ქართული ჟურნალ -გაზეთების ისტორია.
გაზეთის გამოცემის იდეა 1818 წელს დაიბადა,იგი 1819წლის 8 მარტს გამოვიდა.რედაქციას გარდა მასალის ლიტერატურული დამუშავებისა, ჯერ უნდა ეთარგმნა რუსულ ენაზე ყველა შემოსული კორესპოდენცია, ხოლო შემდეგ გამართული გაზეთი ქართულ ენაზე უნდა თარგმნილიყო და დაბეჭდილიყო.
იმ დროს მოქმედებდა 1804 წლის საცენზურო წესდება , რომელიც ცენზორისგან მოითხოვდა ფხიზელ თვალყურის დევნებას.უნდა ითქვას ისიც, რომ ქართულ გაზეთზე ცენზურა ადვილი არ გახლდათ, ვინაიდან იმ დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართული ენა არ იცოდნენ.
ცენზორის როლში მთავარმართებელი ერმოლოვი და მისი მოხელეები გვევლინებიან.1819-1821წლებში ქართული გაზეთი ოთხგვერდიანი გამოცემა იყო,თოთოეული გვერდი გაყოფილი იყო ორ-ორ სვეტად.გაზეთში მოთავსებული მასალა თავისი შედგენილობის მიხედვით სამგვარი იყო: პირველი- მასალა, რომელიც საქართველოს სინამდვილიდან იყო აღებული, მეორე - მასალა, რომელიც რუსეთის სინამდვილეს ეხებოდა და მესამე - მასალა, რომელიც უცხოეთის ცხოვრებას ასახავდა.1820წლიდან გაზეთზე წმინდა გიორგის გერბი ჩნდება.
გაზეთი გამოდიოდა პარასკევობით,მისი წლიური ღირებულება 3 მანეთი და 20 კაპიკი იყო,მაგრამ მოსახლეობას მისი შეძენა მაინც უჭირდა. გაზეთის მნიშვნელობა უდიდესი იყო ვინაიდან იგი პოლიტიკური და ლიტარატურული ორგანოს როლს ასრულებდა.მრავალ საკითხთა შორის ქართული გაზეთის გამომცემელნი თავიანთ ფურცლებზე იმაზეც მსჯელობდნენ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა განათლებას საზოგადოებისათვის და ამ მხრივ რა როლის შესრულება შეეძლო გაზეთს. სამწუხაროდ პირველმა ქართულმა გაზეთმა დიდ ხანს ვერ იარსება და 1821 წელს შეწყდა მისი გამოცემა.თუმცა მიუხედავად მოკლე პერიოდისა ამ გაზეთის წვლილი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში უდიდესია.