reportiori.ge - პეტრე მამრაძე: ეს არის ჩვენი ხელისუფლების უნიათობის შედეგი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:55
პრეს-დაიჯესტი
პეტრე მამრაძე: ეს არის ჩვენი ხელისუფლების უნიათობის შედეგი
ავტორი:
02 ივნისი, 2014. 15:05



ქრონიკის“ კითხვებს პასუხობს კანცელარიის ყოფილი უფროსი, მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე პეტრე მამრაძე.

 

– ჩვენ თვალწინ ხდება დამნაშავე რეჟიმის რეინკარნაცია, ხელისუფლების დონეზე ხდება მათი დანაშაულებრივი ფაქტების გამომჟღავნება, თუმცა ვერ მტკიცდება მათი დანაშაული. ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ უკრაინაში სააკაშვილსა და მის გუნდს ეპატიჟებიან რეფორმების გასატარებლად. ხელისუფლებას რომ გაესამართლებინა რეჟიმი, პოროშენკოს ხელისუფლებას აზრად ხომ არ მოუვიდოდა კახაბერ ბენდუქიძის მრჩევლად დანიშვნა, „ნაციონალი“ დეპუტატები – ვაშაძე, საყვარელიძე, ხაჩიძე, რომელთაც ჩვენ ვაფინანსებთ, სისტემატურად აცდენენ სხდომა და დარბიან უკრაინაში. იქნებ აგვიხსნათ, რა ხდება?

 

– ეს არის  ჩვენი ხელისუფლების უნიათობის შედეგი, მათ დაამტკიცეს, რომ არ ძალუძთ აღასრულონ სამართალი, ჩვენ გვახსოვს უმრავლესობის მხრიდან განცხადებები, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, გადაარჩინონ მთავარი ოპოზიციური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, გვახსოვს ალასანიას განცხადება: „მოგვიწევს „ნაციონალებს“ ბევრი რამ ვაპატიოთო“... ისმის კითხვა, რატომ მოგვიწევს, მათ დანაშაული ვაპატიოთ, რატომ ლაპარაკობს ხალხის სახელით, როგორ შეიძლება თავდაცვის მინისტრმა თქვას, – დამნაშავე რეჟიმს ვაპატიოთო, როცა ასეთ საკითხებს ქვეყანაში კანონი უნდა არეგულირებდეს. ვიდრე კანონი ადამიანს არ გაასამართლებს, მანამდე არ გაქვს უფლება, ვინმეს დანაშაული აპატიო. ერთადერთი პრეზიდენტს აქვს კანონის ფარგლებში უფლება, გამოაცხადოს ამნისტია, ან შეწალება, მაგრამ, როცა თავდაცვის მინისტრი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ დამნაშავე რეჟიმს უნდა ვაპატიოთო, ასეთი განცხადება არის კანონსაწინააღმდეგო. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელის პრემიერი არის გასამართლებული და იმყოფება ციხეში ქრთამის აღების გამო და სააკაშვილს, რომელზეც უამრავი სამხილი დაიდო, როგორ ფლანგავდა ბიუჯეტის თანხებს, მის მიმართ უძლურები არიან. თუმცა ამ ყველაფრის პასუხია  ის ფარული ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ით მოვისმინეთ. როცა უსუფაშვილი ეუბნება გიგი უგულავას, მთავარია, გიგი, შენ იყო კარგადო, ე.ი. ახალი ხელისუფლების ლოზუნგია – „მთავარია, გიგი იყოს კარგად“. ახლა, ამ ფონზე რა გასაკვირია, როცა ალასანია ამერიკაში სიტყვით გამოსვლის დროს ამბობს, – სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნა სახელმწიფო სტრუქტურებიო. ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავის სკამზე აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც შექმნეს სადისტური რეჟიმი, ვინც აწამა და ასობით ათას ადამიანს გაუმწარა სიცოცხლე, ვინც უღალატა საქართველოს და ღალატის შედეგად არის ის, რომ დააბრუნეს რუსეთის ბაზები, დაკარგეს დამატებითი ტერიტორიები, კოდორი, ახალგორი, რაც დასაკარგი ნამდვილად არ იყო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია ლანგარზე მიართვეს თავის უფროსს ჩეკისტ პუტინს, აი, ამ ადამიანებს ახალი ხელისუფლება უნარჩუნებს რეფორმატორების იმიჯს... ეს პირველი, მეორე – უკრაინის ახალ ხელისუფლებას შეეძლო კონტაქტის დამყარება, თავის დროზე უნდა გაეფრთხილებინათ, ემუშავათ მათთან, რომ ჩვენთვის მათი მრჩევლად დანიშვნა იქნებოდა მიუღებელი. რაც მთავარია, ეს ყველაფერი, ჯამში, საკმაოდ დიდ ზარალს მოუტანს მათ, დამატებითი პრობლემები განა სჭირდება უკრაინის ახალ პრეზიდენტს, როცა ისედაც ტრაგიკული ვითარებაა უკრაინაში. ვინ იცის, რა დროითაა უკვე დაკარგული ყირიმი და ნამდვილი სისხლიანი ბრძოლა მიმდინარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში. ამ დროს სააკაშვილი, ბენდუქიძე და ძმანი მათნი, განა სჭირდება უკრაინის ახალ ხელისუფლებას?!. რასაც ახლა ვიტყვი, ამას ვამბობ, როგორც პროფესიონალი, გეტყვით, როგორ წყდება მრჩევლად წაყვანის საკითხები – ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ კონკრეტულ პიროვნებას წაიყვანს ექსპერტად თუ მრჩევლად, მანამდე დიპლომატიური არხებით ხდება პიროვნების გადამოწმება. ჩვენ უკრაინაში გვყავს პროფესიონალი ელჩი მიხეილ უკლება, ასევე საქართველოში უკრაინელებს ჰყავთ თავისი ელჩი, მანამდე უნდა მომხდარიყო მათი დახმარებით მუშაობის გატარება. უკრაინის ახალ ხელისუფლებას უნდა გამოეგზავნა შეკითხვა ჩვენი მთავრობისთვის, – თუ იფიქრებთ ბენდუქიძის, სააკაშვილის, ვაშაძის ან სხვა რომელიმეს მრჩევლად აყვანაზე, თქვენი რეაქცია როგორი იქნება? თუ თქვენ არ დაგვთანხმდებით, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ მივიღებთ. საინტერესოა, ასეთი კითხვა გამოგზავნა უკრაინის ხელისუფლებამ?..

 

– ეს მე არ ვიცი...

 

– სააკაშვილის დროს იცით, როგორ ხდებოდა ექსპერტებისა და მრჩევლების მოწვევა? ყოველთვის ვკითხავდით იმ ქვეყანას, საიდანაც მრჩეველს ვქირაობდით, თქვენთვის მისაღებია თუ არა, რომ ეს ადამიანი იყოს ჩვენი ხელისუფლების მრჩეველი. დადებითი პასუხის მოსვლის შემდეგ ვიღებდით გადაწყვეტილებას. ახალმა ხელისუფლებამ თავისი უნიათობით იმას მიაღწია, როგორც ჩანს, აღარც კი ეკითხებიან, ისე იღებენ გადაწყვეტილებას. ერთადერთი რამ მადარდებს, უკრაინელი ხალხი, რომელიც ჩვენი ხალხის მოძმე და მეგობარია, ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც „ვარდების რევოლუციამდე“ ურთიერთდახმარების ჩარჩო-ხელშეკრულება გვქონდა დადებული. უკრაინელები იბრძოდნენ აფხაზეთში. მე ვსტუმრობდი უკრაინელთა ბანაკს აფხაზეთში. ბანაკის თავზე ფრიალებდა ლოზუნგი, – „ვიბრძვით აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობისთვის, ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენს უკრაინას!“ მადარდებს ის, რომ ამ ფონზე მეშინია ამ ეშმაკეულებმა უკრაინის ხალხს არ მიაყენონ ზარალი, ეს იქნება ჩვენი სირცხვილი.

 

– თქვენი აზრით, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა პოროშენკომ ეს ნაბიჯი რატომ გადადგა? მან ხომ ძალიან კარგად იცის, სააკაშვილის აქტიურობით, მისი დამნაშავე რეჟიმის მრჩევლად დანიშვნით, რომელთა კისერზეც უდანაშაულო ადამიანების სისხლია, აღიზიანებს როგორც რუსეთს, ასევე საქართველოს.

 

– პუტინის გაღიზიანებაზე ნაკლებად ფიქრობენ უკრაინელები, როცა მწვანე კაცუნები შეუსიეს ყირიმს. ტერორისტებს იქ იარაღს აწვდის რუსეთი და ამ რუსული იარაღით უკრაინის ვერტმფრენებს აგდებენ. ამ მხრივ, შეეძლო პოროშენკოს არ ეფიქრა, მაგრამ მთავარი ფაქტი არის ის, რომ დამნაშავე რეჟიმის წევრებს დასავლეთის გარკვეულ წრეებში შეუნარჩუნეს რეფორმატორთა იმიჯი, ეს გააკეთა ახალმა ხელისუფლებამ და ამ ფონზე შეიძლება პოროშენკომ იფიქრა, ამერიკელებისთვის ესენი რეფორმატორები არიან. ალასანია ამერიკის ტრიბუნიდან აცხადებს, რომ სააკაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები შექმნა, წელიწადი და 8 თვეა გასული და სააკავშილს ხელი არ მოჰკიდეს, გარდა ამისა, სააკაშვილსა და მის დაჯგუფებას ჰქონდა ძალიან სერიოზული კავშირები და ინტერესები უკრაინაში. თავის დროზე გივი თარგამაძეს დაევალა უკრაინიდან მონოპოლისტურად საშენი მასალების ჩამოტანა, ვგულისხმობ არმატურას. ქართველი ბიზნესმენები მეუბნებოდნენ, – გივი თარგამაძე არმატურას სამმაგ ფასს ადებს, ცხადია, მთელ ფულს არ იღებდა თარგამაძე და ეს მიდიოდა „ნაციონალების“ „ობშიაკში“. ამ ფულს ხარჯავდნენ ბელორუსში ოპოზიციის შექმნაზე და ლუკაშენკოს ჩამოგდების გეგმაზე. გახსოვთ, უკრაინაში „ნაციონალებმა“ რომ გაგზავნეს საპრეზიდენტო არჩევნებზე 200 ზონდერი, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაშინ გამოაცხადა, – საქართველომ, სულ ცოტა, 50 მილიონი დოლარი დახარჯა ჩარტერულ რეისებზე და 2000-იანი დესანტის კიევის სასტუმროებში შენახვაზე. ვინმემ ნახა საბიუჯეტო ხარჯის ნაწილში ის გრაფა, საიდანაც 10 მილიონი დოლარი გავიდა იმ დღეებში, ვინ გადაიხადა ეს ფული? ამით იმის თქმა მინდა, რომ „ნაციონალებს“ ძალიან სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტები ჰქონდათ უკრაინასთან. ხომ შეეძლო, ამ ფაქტორსაც ემუშავა, როცა პოროშენკომ მიიღო ბენდუქიძის მრჩევლად აყვანის გადაწყვეტილება. ამ ფონზე ნამდვილად არ გამიკვირდა პოროშენკოს გადაწყვეტილება, სხვათა შორის, ტელეკომპანია „მირმა“ მთხოვა ინტერვიუ და ბენდუქიძეზე დამისვეს კითხვა, მე ვილაპარაკე ყველაფერი, რაც ვიცი და მასზე ვიცი ძალიან ბევრი.

 

– ბენდუქიძემ თავის დროზე ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მისი საქართველოში ჩამოსვლა პუტინთან იყო შეთანხმებული. იყო თუ არა ეს პიროვნება რუსული პროექტი? ისე კი, საინტერესოა, რა ელაპარაკეთ ტელეკომპანია „მირს“?

 

 – როცა ბენდუქიძე მოსკოვში მოღვაწეობდა, რუსი ინტელიგენცია გვაფრთხილებდა – კახა ბენდუქიძე ერთი დღე არ ყოფილა ბიზნესმენი, მოერიდეთ მას, ბიზნესი არასოდეს უკეთებია, ის ქრთამების მეშვეობით მონაწილეობდა „პრიხვატიზაციაში“. სხვათა შორის, ბენდუქიძე მინისტრად რომ დაინიშნა, იმ თავის გმირობებზე იუმორით ჰყვებოდა, როგორ არიგებდა მილიონებს იმისთვის, რომ ხელში ჩაეგდო ასობით მილიონი დოლარის ქონება, ჯამში. ამ გზით გახდა ის მულტიმილიონერი მოსკოვში. როდესაც წყალქვეშა ნავების მშენებლობის ადამიანი ხელთ იგდებს და მას არაერთხელ უთქვამს, რომ მას წყალქვეშა ნავები აქვს აშენებული, ეს ხომ არის რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში კი წილს ვერანაირად მიიღებს ადამიანი, თუ მას რუსეთის სპეცსამსახურები არ მფარველობს. როგორც თემურ ალასანია გაეროში ვერ წავიდოდა რუსეთის მოქალაქეობის კვოტით სამხედრო შესყიდვების დეპარტამენტში, ის რომ არ ყოფილიყო „კაგებეს“ გარკვეული რანგის ოფიცერი. აი, ვინ არის კახა ბენდუქიძე. რაც შეეხება საქართველოში მის მიერ გატარებულ რეფორმებს, თუ რეფორმები იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ხარჯზე თავისი ქონება გააფართოვა, თუ იმაში მდგომარეობს რეფორმა, რომ მათ შემოიყვანეს რუსული ბიზნესი, რომელთაც ტენდერების გარეშე გადასცეს საქართველოს ქონება, თუ ასეთი რეფორმის გატარება უნდა ურჩიოს უკრაინის ხელისუფლებას ბენდუქიძემ, ეს უკრაინის ხელისულფებას ვერ წაადგება. იმედი მაქვს, რომ ეს არ ის ფორმალური დანიშვნა და ვიმედოვნებ, რომ დიდ ზიანს უკრაინელ ხალხს ვერ მიაყენებენ. „ნაცებმა“ ახალი ხელისუფლების დახმარებით ისეთი ფინანსები შეინარჩუნეს, ვაშაძეს, საყვარელიძეს, ხაჩიძესა და სხვებს, ყოველთვე რომ დაუქვითონ პარლამენტში ხელფასი, მათთვის ეს არაფერს ნიშნავს. ის, რომ ჩვენ ვაფინანსებთ მათ ხელფასებს, იქცევიან უპასუხისმგებლოდ, აცდენენ პარლამენტს, ერევიან სხვა ქვეყნის შიდა პრობლემებში და აქ კი ჩვენ გვაღიზიანებენ და გაუსაძლისს ხდიან ჩვენს ცხოვრებას, იციან, რომ მათი დამსჯელი არავინაა და კანონის წინაშე პასუხს ვერავინ აგებინებთ. თქვენ იცით, რომ „ნაციონალებს“ ისევ აქვთ ბიზნესში თავისი წილები? როგორც მეუბნებიან, ლატარიის კომპანიაში კეზერაშვილს 30% წილი შენარჩუნებული აქვს. ჯერ კიდევ შარშან მეუბნებოდნენ, რომ ევროპის გადაზიდვების კომპანიაში „ნაციონალებმა“ ასობით მილიონი დოლარი ჩადეს. ახლა, ევროპიდან აქვთ შემოსავალი. მათ ევროპაში ტერმინალებში წილები შეისყიდეს, ხომ ხედავთ, ფული არ აკლიათ, შეხედეთ, რამდენი „ენჯეო“ შექმნეს, იქ დაასაქმეს თავიანთი ხალხი.

 

– საქართველოს სასამართლომ კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო სპირტის კონტრაბანდის საქმეში, მის ქონებას ყადაღა მოეხსნა. ეს არის გაუგონარი უსამართლობის სამართალი, რა ხდება?..

 

– ცოტა შორიდან დავიწყებ... დანამდვილებით ვიცი, რომ საფრანგეთის სასამართლომ საქართველის ხელისუფლებას ორჯერ გამოუგზავნა წერილობითი თხოვნა, – გთხოვთ, მოგვაწოდოთ დამატებითი მასალები კეზერაშვილთან დაკავშირებით. ორივეჯერ ერთი და იგივე ქაღალდი გაუგზავნეს, სადაც არაფერი ეწერა. საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე კიდეც ამბობდა, კეზერაშვილის სასამართლო პროცესს ვესწრებოდი და ქართველი პროკურორის ნაცვლად მე მრცხვენოდა იმიტომ, რომ ორ სიტყვას ვერ აბამდაო... ფრანგ პროკურორს კიდეც უთქვამს დნდოლაძისთვის, – რას ბოდავთ, პროკურორო დონდოლაძეო!.. საფრანგეთის მხარე კიდევ გამოვიდა კონტაქტზე და ითხოვდა ახალ მასალებს კეზერაშვილზე, მას საქართველოდან შესაბამისმა უწყებამ არ მიაწოდა, ხოლო რაც მოხდა საქართველოს სასამართლოში და რა განაჩენი გამოიტანა კეზერაშვილის მიმართ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ხელისუფლების უნიათობაზე. მე ძალიან კარგად მესმის, რომ სასამართლოს ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალები“ აკონტროლებენ კუბლაშვილის მეშვეობით, იქ არის დარჩენილი მოსამართლეთა მცირე ჯგუფი, რომელთაც იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი სააკავშილის რეჟიმის წლებში, ისეთი დავალებები აქვთ შესრულებული, ახლა ისინი უკან ვეღარ იხევენ და აგრძელებენ „ნაციონალების“ დავალებების შესრულებას. თუ გახსოვთ, წულუკიანი ამბობდა, ყველა ასეთი საქმე კუბლაშვილის ნებით ერთსა და იმავე მოსამართლესთან ხვდება. ასეთი სულ ხუთი მოსამართლეა, რომლებიც კვლავ „ნაციონალებს“ ემსახურებიანო. მეორეცაა, რეზონანსულ საქმეში საკმაოდ სუსტია პროკურატურის ბრალდება. იქაც დარჩნენ ის ადამიანები, ვინც მუშაობენ იმ პრინციპით, რომ „ძაღლი, ძაღლის ტყავს არ დახევს“.... აი, როგორი სიმბიოზი და კოჰაბიტაციაა შიგნით.

 

– ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ სასამართლო თავისუფალია და მეტიც, ნარმანია წინასაარჩევნო კლიპში ამბობს, რომ თავისუფალი სასამართლო არის ახალი ხელისუფლების მონაპოვარი. ნეტა, არ რცხვენიათ, რომ იმ სასამართლოს კოლექტიური „კეზერაშვილების“ გამამართლებელი განაჩენი გამოაქვთ?

 

– არაპროფესიონალიზმის ისეთი ნაზავია, ისეთი დეფიციტია სახელმწიფო აზროვნების, ამ ყველაფერს დამატებული „ნაცებთან“ კოჰაბიტაცია... ნამდვილად მიჭირს ვეძიო, რა უფრო სჭარბობს. ამიტომაც გვაქვს სახეზე სავალალო შედეგი. რა ფორმითაც გიგი უგულავას შეუწყვიტეს მერობა, ეს არის სამარცხვინო და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ის უნდა იყოს გისოსებს მიღმა, რომელსაც ბიუჯეტიდან მრავალი მილიონი აქვს მითვისებული. აღარავის ახსოვს, რომ 2000 ადამიანი უკანონოდ გაფორმებული აღმოჩნდა მერიის სამსახურებში, რომლებიც ხელფასებს იღებდნენ, ეს კაცი ჩადენილი დანაშაულების გამო გასამართლებული არ არის. ხანდაზმული შირაკი 3-4 წლის წინათ გაასამართლეს იმის გამო, რომ 25 წლის წინათ, როცა ის პარიზის მერი იყო, 7 კაცი გაუფორმებია სამსახურში პარტიული ნიშნით. ყოველდღე დადიოდა ის 7 კაცი, მუშაობდა, ხელფასს მუშაობაში იღებდა, მაგრამ მას ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ ეს ხალხი პარტიული ნიშნით გააფორმა. აქ რა ხდება?.. „გრიფით საიდუმლო“ დაადო გიგი უგულავამ დასუფთავების სამსახურის ხარჯებს, ეს არ არის განა დანაშაული?.. ვინმემ უგულავა ამის გამო გაასამართლა? აი, ამ გიგის ეუბნება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, – მე რა მიშავს, ჩემო გიგი, მთავარია, შენ იყო კარგადო. სტრიპტიზკლუბშიც კი საკუთარი ჯიბის ფულს არ ხარჯავდა უგულავა, იქაც ბიუჯეტის ხარჯზე „გულაობდა“, აი, ამ დონის საზოგადოება ვართ ჩვენ. ეს რომ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მომხდარიყო, მთელი ხალხი იხუვლებდა ქუჩაში მათი გასამართლების მოთხოვნით.

 


ნინო სამხარაძე

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016