reportiori.ge - რატომ მიდის მეორედ გერმანიაში ირაკლი ღარიბაშვილი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:01
პრეს-დაიჯესტი
რატომ მიდის მეორედ გერმანიაში ირაკლი ღარიბაშვილი?
ავტორი:
01 ივნისი, 2014. 16:31



27 ივნისამდე სულ რამდენიმე დღე გვაშორებს, თუმცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის გადამწყვეტი ბრძოლა, სრული ძალაუფლების ხელში აღებისთვის. მთავარია, „ოცნების“ ხელისუფლება გამარჯვებისთვის ბრძოლამ არ დააბრმაოს,  თავად არ გახდეს საპროტესტო ტალღის აგორების ინსპირატორი და ევროპის ნაცვლად არ მივიღოთ პუტინიადა! დღეს საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზე დგას. კავკასიის მარგალიტისთვის ბრძოლა არც 27 ივნისამდე შენელდება და არც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რუსეთმა უკვე დაიწყო პოლიტიკური ნაღმების გადმოგდება, თუმცა საქართველოს, როგორც არასდროს, ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, ევროკავშირის ხელშეკრულების ხელმოწერამდე პრემიერ-მინისტრის უკვე მეორედ გერმანიაში ვიზიტი, ცხადია, ძალიან ბევრს ნიშნავს, რასაც წინ უსწრებდა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის საქართველოში სტუმრობა. სწორედ ევროკავშირის ეს ორი წამყვანი ქვეყანა, საფრანგეთი და გერმანია იყო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი, ევროკავშირთან ასოცირებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. მსოფლიო პოლიტიკის ახალმა რეალობამ კავკასიაში საქართველოს როლი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა და მისდამი ინტერესი გააათმაგა, ახლა მთავარია „ოცნების“ ხელისუფლება, როგორ უპასუხებს გამოწვევებს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაისის ბოლოს გერმანიაში იმყოფებოდა, კანცლერ ანგელა მერკელისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის მიწვევით. გერმანია, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა, ყველაზე მეტად ასოცირდება ევროპული კავშირის სიძლიერესთან, შესაბამისად, მათი პოზიცია გადამწყვეტია საქართველოსთან მიმართებაში. გერმანიისა და ევროპის საბჭოს პოზიცია კი ასეთია: საქართველომ დაამტკიცა ევროპული ღირებულებებისადმი სოლიდარობა, ერთგულება და საქართველოში შეუქცევადად მიმდინარეობს ევროპული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზების პროცესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ დაანახა ევროპასა და გერმანიის ხელისუფლებას, რომ ქვეყნის მთავრობა არის პროგნოზირებადი, თანმიმდევრულად მოწოდებული რეფორმების განხორციელებისკენ, რაც განაპირობებს ქვეყნის შემდგომ მოდერნიზაციას.

 

სხვათა შორის, ბერლინში საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი, უკანასკნელი წლების განმავლობაში უმაღლესი პირის პირველი ვიზიტია, მიხეილ სააკაშვილს მერკელი შეშლილსა და „ფაქინგ ლუნატიცს“ ეძახდა და მისი მოწვევით თავი არასოდეს მოუკლავს, რადგან რუსეთის მოკავშირე ქვეყანა, გერმანია ყოველთვის გაურბოდა სააკაშვილის მიპატიჟებას, მას არასტაბილურ, არასანდო და შეშლილ ლიდერად აღიქვამდა.

 

 

ღარიაშვილის ვიზტი გერმანიაში, უკვე მეორედ, ორშაბათს გაიმართება. ვიზიტების ასეთი დინამიკა მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსს გერმანელი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ. როგორც ჩანს, გერმანიის კანცლერს ჩვენი პრემიერი „შეუყვარდა“, რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში ანგელა მერკელმა პირადად მიიწვია. ხუმრობა იქით იყოს და ცხადია, რომ საქართველოს თავზე ან ფოიერვერკები განათდება, ანდა ერთი დიდი მეტეორი არ აგვცდება!

 

2 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი და კანცლერი ანგელა მერკელი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ და როგორც ჩანს, ეს განცხადება იქნება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი და ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაციების ფრიალი, იგეგმება ქართულ-გერმანული ბიზნესფორუმი, რომელსაც გერმანული ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრება, თუ ღარიბაშვილი გერმანულ ინვესტიციებს ჩამოიტანს, რომელიც ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მე ვიქნები პირველი, ვინც მას მადლობას ეტყვის, – აცხადებს „ქრონიკასთან“ კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე:

 

„გერმანიაში პრემიერის ვიზიტს, რა თქმა უნდა, ვაფასებ მხოლოდ დადებითად, რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ „ოცნება“,  ვცდილობ, ყოველთვის ვიყო ობიექტური და მინდა ხაზგასმით ვთქვა, როცა დასავლეთში ელაპარაკებიან გნებავთ ღარიბაშვილს, გნებავთ უსუფაშვილს, ან მარგველაშვილს, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის იზოლაცია შეცდომა იქნება დასავლეთის მხრიდან და ამით დასავლეთი რუსეთს უფრო აგრესიულს გახდისო, ერთ კვირაში ეს გაიმეორა თავად კისინჯერმა. იზოლაცია კი არა, რუსეთი მთლიანად ჩართეს მოლაპარაკებებში და ამით გააჩერეს პუტინი უკრაინაში. როცა საქართველოს ხელისუფლებას ელაპარაკებიან, ხედავენ, რომ ისინი არ არიან ფსიქოპატები, გაუწონასწორებელი და არაპროგნოზირებადი გიჟები, როგორიც იყო სააკაშვილი. ეს ძალიან კარგია. დასავლეთის ელიტა ამბობს, რომ საქართველოს ჰყავს პროგნოზირებადი ხელისუფლება, ამას მერკელი თუ სხვა წამყვანი ქვეყნების პოლიტიკოსები ამბობენ, იგივე პოლიტიკოსები კი სააკაშვილს შეშლილს ეძახდნენ. ის, რომ გერმანიაში პრემიერ-მინისტრს იღებენ ასეთ მაღალ დონეზე, ის, რომ ბარაქ ობამა ღარიბაშვილს შეხვდა, ნიშნავს,რომ შესაბამისი გათვლები გაკეთდა. ჩვენთვის ხომ მთავარია ინვესტიციები, როგორც ჰაერი, ამ ინვესტიციების გარეშე ეკონომიკა ვერ ამოძრავდება. თუ ეს ინვესტიციების წამოვიდა, პირადად მე ვიქნები პირველი, ვინც ღარიბაშვილს მადლობას ეტყვის. რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკო მისი ხელისუფლება იმის გამო, რის გამოც მისი ხელისუფლების წევრები ამ კრიტიკას ნამდვილად იმსახურებენ“.

 

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი აცხადებს, რომ პრემიერის გერმანიაში უკვე მეორედ ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან სწორედ გერმანიაზეა დამოკიდებული საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი, თუმცა აქ არის მთავარი კითხვა, პრემიერის ვიზიტები, ხალხის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს, მშიერ ადამიანს ვერ აუხსნი MAP-ის ხიბლს, მისთვის მთავარია, რას მიიღებს ამ ვიზიტისგან.

 

ამ საკითხზე სოსო ცინცაძე აცხადებს:

 

– ეკონომიკურ კავშირებზე დიდს ვერაფერს გეტყვით, განა რა გვაქვს ჩვენ გერმანიაში ისეთი გასაყიდი და რა არის ჩვენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა. რას მოიცავს, 300 ან 400 მილიონს? ამ ვიზიტებს ძირითადად პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური. ძალიან კარგი, რომ გერმანიასთან ურთიერთობები გააქტიურდა, იქ გვყავს ძალიან კარგი ელჩი,  თავისი საქმის პროფესიონალი. ისიც შეეცდება, ნიადაგი შეამზადოს გერმანიის ხელისუფლებასთან, მაგრამ მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ MAP-ის მინიჭების საკითხს, მოინდომებს გერმანია უელსის სამიტზე რუსეთის განაწყენებას?.. როდესაც ნახევარფაბრიკატ სანქციებთან დაკავშირებით გერმანია ასე თავშეკავებულად იქცევა და აქ, გერმანიის თავშეკავების საგანი ძირითადად პოლიტიკური მოტივი კი არ არის, არამედ ეკონომიკური მოტივებია. გერმანიის ბიზნესისთვის რუსეთი – ეს არის ჟანგბადის წყარო, 2013 წელს 104 მილიარდი დოლარი შეადგინა ვაჭრობამ რუსეთსა და გერმანიას შორის. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა ციფრია?.. ასე რომ, ორივე ქვეყანას სჭირდება ერთმანეთი...

 

– პრემიერი უკვე მეორედ მიემგზავრება ბერლინში, გერმანიის კანცლერის მიწვევით. ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, შეიძლება რომ გერმანია და საფრანგეთი აქტიური მხარდამჭერი გახდეს უელსის სამიტზე საქართველოს ნატოსთან დაახლოების?

 

– შესაძლოა, მერკელი ცდილობს არც მწვადი დაწვას და არც შამფური, ის, რომ ჩვენთან MAP-ზე მოლოდინი ასეთი დიდია... ხომ ხედავთ, რა ხდება? ჯერ იყო, უსუფაშვილმა ტირილი დაიწყო რიგის სამიტზე, არიქა, თუ MAP-ი არ მოგვეცით, რუკიდან გავქრებითო. გუშინწინ იყო და თედო ჯაფარიძემ თვითონაც იტირა და სხვებიც ატირა, ისეთი გამოსვლა ჰქონდა ბრიუსელში, დაანგრია დარბაზი, კედელთან მიაყენა NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. მაგრამ ევროპელ დიპლომატებზე მჭევრმეტყველება რომ მოქმედებდეს და თედო ჯაფარიძემ რომ გული აუჩუყოს ევროპას, მაშინ ისინი ევროპელები აღარ იქნებიან. ათას „ტრუბაში“ გამძვრალ ევროპელს ადვილად გულს ვერ აუჩუყებ, მთავარი იცით, რა არის? გერმანია და რუსეთი ორი ურთიერთსაჭირო პარტნიორია, გერმანიაში რუსეთი ყიდულობს ყველაზე მეტ, ყველაზე ძვირადღირებულ მანქანებს, სხვა რამეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გამოქვეყნდა მონაცემები, ყველაზე დიდი გერმანული ბრენდების, მსუბუქი მანქანების ყველაზე დიდი იმპორტიორი არის რუსეთი, გერმანია კი რუსეთში ყიდულობს ენერგომატარებლებს. ჩემი მხრიან არის ჯანსაღი სკეპტიციზმი, მაგრამ  მაინც ვფიქრობ, რომ შეიძლება მოხდეს შეთანხმება, მოიძებნოს რაღაც ფორმულა, რომელიც ასპირანტობასა და MAP-ს შუა იქნება. დღეს NATO-მ სახე უნდა შეუნარჩუნოს ჩვენს ახალ ხელისუფლებას, ჩვენთვის მთავარია, რამდენ ხანში მივაღწევთ საწადელს, მე დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს NATO-ს შტაბ-ბინის ოფიციალურ და არაოფიციალურ განცხადებებს, სულ არის მითითება, ვინაიდან სექტემბრის უელსის სამიტი არის გაფართოების სამიტი, დღის წესრიგში არის ბალკანეთის ქვეყნები, აღმოსავლურ ვექტორზე არავინ საუბრობს. ამიტომ ვფიქრობ, რაც მოიმოქმედეს ბუქარესტში, როცა თქვეს „ნაციონალებმა“, – MAP-ი არ მოგვცეს, მაგრამ MAP-ზე მეტი მივიღეთო, დაახლოებით ასეთი რამ მოხდება. სწორედ ახლა ეძებენ ამ ფორმულას, რომელიც საშუალებას მისცეს ჩვენს ხელისუფლებას, რომ ისეთივე ეშხით ილაპარაკოს წარმატებაზე, როგორც ახლა  ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს. მე ევროპის ცხოვრების წესის მომხრე ვარ და არა ევროპულ კანონმდებლობაზე ხელმოწერის. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, არ არის ევროპული ცხოვრების წესი, როცა ღატაკ ქვეყანაში ჩინოვნიკი 80-ათასლარიან პრემიას იღებს და დანარჩენ საქართველოს შია. რატომ არ ინტერესდებით პაატა ზაქარეიშვილის საქმიანობით, ამ კაცმა თავი მოიკლა, სამინისტროს სახელი უნდა შევუცვალო, აფხაზების შერიგების მიზნითო. შეუცვალა სახელი, დაარქვა შერიგების სამინისტრო და დღეს აფხაზები ქართველების გამოყრას ითხოვენ, პაატა ზაქარეიშვილის სამინისტროს კი მთლიანობაში 300 000-მდე პრემია აქვს მიღებული ამ წელიწად-ნახევარში. დამანახეთ, სად არის ამათი მუშაობის შედეგი?! მთავრობაში შეწუხებული სახე, ვხედავ, რომ მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრს აქვს, ვუყურებ ამ კაცს და ვგრძნობ, რომ მართლა განიცდის არსებულ მდგომარეობას, მაგრამ სხვა მინისტრების ღიმილიან და ბედნიერ სახეებს რომ ვუყურებ, ეს მაკვირვებს, ეტყობა, მათი ღიმილიანი სახე კოლოსალური პრემიებით არის განპირობებული და არა  მუშაობის შედეგით. ასე რომ, მარტო ევროპასთან ასოცირება ვერ გვიშველის, თუ  ჩვენი მინისტრები ევროპული ცხოვრების წესზე არ გადავლენ!

 



ნინო სამხარაძე

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა“




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016