reportiori.ge - საქართველოში დღეში 200 აბორტი კეთდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:58
საზოგადოება
საქართველოში დღეში 200 აბორტი კეთდება
03 ივნისი, 2014. 18:10

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, უკანონო აბორტების მკეთებელთა მიმართ სასჯელი მკაცრდება. ამასთან, იგეგმება აქტიური პროპაგანდა, რამაც ქალებს აბორტზე უარი უნდა ათქმევინოს. ცვლილების ინიციატორთა განცხადებით, ეს არის ქვეყანაში მოსალოდნელი დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა.


დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: 

- გაეროს მონაცემების მიხედვით, 2050 წლისათვის მოსალოდნელია საქართველოს მოსახლეობის შემცირება 1 170 000 მოქალაქით. ამავე მონაცემებით, ამიერკავკასიაში აზერბაიჯანელი მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება 30%-ით, სომხეთის მოსახლეობის რაოდენობა კი - 7%-ით. ეს პერსპექტივა ამიერკავკასიაში დისბალანსის საფრთხეს ქმნის, ამიტომაც შესაძლებელია, დემოგრაფიული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში განვიხილოთ - ამიერკავკასიაში საქართველო დამბალანსებლის ფუნქციას ასრულებს და თუ მან პოლიტიკური გავლენა დაკარგა, ეს რეგიონში უფრო მძიმე პრობლემების მიზეზი გახდება... გარდა ამისა, ბოლო 8 წლის განმავლობაში 162 სოფელი გაუკაცრიელდა, 158 სოფელში 8-10 კაცი ცხოვრობს, ზოგან კი მხოლოდ ერთი.  დაუცველი რჩება სასაზღვრო ზოლი. ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, სხვები ჩასახლდებიან, ანუ ჩნდება დემოგრაფიული ანექსიის საშიშროება. ომებით ტერიტორიის 20% დავკარგეთ, დემოგრაფიული პრობლემების შედეგად კი შეიძლება უფრო მეტი დავკარგოთ. უმძიმესია აბორტების თემაც. 2012 წელს ოფიციალურად რეგისტრირებულია 40 000 აბორტი. არარეგისტრირებული, შესაძლოა, მეტიც იყოს, ანუ ჩვენს ქვეყანაში დღეში დაახლოებით 200 აბორტი კეთდება. ეს ძალიან დიდი დარტყმაა ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისათვის. დემოგრაფიულ მდგომარეობას თავისი დაღი დაასვა ომებმა, ასევე ბოლო წლებში პატიმრების რაოდენობის კოლოსალურმა ზრდამ. 

- რა მეთოდებით აპირებთ ამ უმძიმეს მდგომარეობასთან ბრძოლას?
-  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა სამთავრობო კომისია და დემოგრაფიული საკითხი უკვე სახელმწიფო პოლიტიკის რანგში განიხილება. წლის ბოლომდე დასრულდება პროექტი, რომელიც 81 ამბულატორიის მშენებლობას გეგმავს. 30%-ით გავზარდეთ სოფლის ექიმის ანაზღაურება. მუშაობს ორსულთა პროგრამა, რომლის მიხედვით, 13 კვირამდე ისინი უფასოდ მიიღებენ ფოლიუმის მჟავას, მათ კი, ვისაც რკინადეფიციტური ანემია აქვთ, ექიმის მიმართვის საფუძველზე აფთიაქში უსასყიდლოდ შეუძლიათ მიიღონ პრეპარატი. თუ აქამდე,  გინეკოლოგს სამი დღის განმავლობაში უნდა გაემართა კონსულტაციები ორსულთან, აეხსნა, რა არის აბორტი და რა გართულებები მოჰყვება, ახლა ეს ვადა ხუთ დღემდე გაიზარდა. სამწუხაროდ, არ არსებობს არარეგისტრირებული აბორტების სტატისტიკა. ჩვენი კომიტეტის პოზიცია ასეთია: უნდა გამკაცრდეს სისხლის სამართლის ნორმები, რათა მოხდეს ამგვარი დანაშაულის პრევენცია.

- თქვენ თქვით, რომ ოჯახებს დაეხმარებით, უარი თქვან აბორტზე. როგორ დაიყოლიებთ იმ ქალებს, ვინც არაოფიციალური ურთიერთობის შედეგად დაორსულდა?
- ჩვენ უკანონო აბორტების აკრძალვას ვაპირებთ და არა - საერთოდ აბორტების, ჩვენთან დასაშვები იქნება აბორტი სამედიცინო ჩვენებით და ე.წ. სირცხვილის აბორტი. თუმცა, სირცხვილის აბორტი არ ნიშნავს იმას, რომ ქალს, რომელიც არაოფიციალური ურთიერთობის შედეგად დაორსულდა, ექიმი მყისვე დათანხმდეს აბორტზე. ხუთდღიანი კონსულტაციების დროს ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მან შვილის გაჩენა ისურვოს. მომავალში ასეთი ქალებისთვის ვგეგმავთ ორსულთა სახლების შექმნას, სადაც მას ყველანაირ მომსახურებას გაუწევენ. ერთ წლამდე ბავშვს ადმინისტრაცია უპატრონებს და თუ ამ ხნის განმავლობაში მშობელს ამის სურვილი და პირობები ექნება, შეძლებს თავისი შვილის ოჯახში წაყვანას. 


უკანონო აბორტისთვის სასჯელი მკაცრდება 

უკანონო აბორტის გამკეთებელი პირველი შემთხვევისას დაისჯება 120-იდან 300 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან ორ წლამდე. გამეორების შემთხვევაში პირს ორიდან ოთხ წლამდე აღეკვეთება თავისუფლება და სამი წლით აეკრძალება პროფესიული საქმიანობა. უკანონო აბორტით ორსულის სიცოცხლის მოსპობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ექვს წლამდე, პროფესიული საქმიანობის უფლება კი სამი წლით ჩამოერთმევა.


სახელმწიფო დახმარებები 

ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის სახელმწიფომ 500 ლარი გამოყო, საკეისრო კვეთისთვის - 800 ლარი. დეკრეტული შვებულება 6 თვემდე გახანგრძლივდა. გაიზარდა შემწეობაც - 600-დან 1 000 ლარამდე. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს 6 რეგიონში, სადაც დემოგრაფიული ბალანსი უარყოფითია, ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება: ბარში - 150, მთაში კი - 200 ლარი.


წყარო: კვირის პალიტრა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016