სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის დროს, პოლიციამ ადგილობრივები ჯერ სცემა, შემდეგ კი დააკავა. ხალხის დასაშინებლად პოლიციამ გაისროლა კიდეც- ამის შესახებ სოფლის მაცხოვრებლები იუწყებიან.
სამცხე-ჯავახეთში მოქმედი გაზეთი "სამხრეთის კარიბჭეს" ინფორმაციით, ამ წუთებში, ჭელაში, მეჩეთთან ათობით ადამიანია შეკრებილი და ათობით სამარშრუტო ტაქსია მობლიზებული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ჭელაში მთელი რეგიონის პოლიცია იყო მობილიზებული. მათივე ინფორმაციით, 6 ადამიანი ძალიან ნაცემია.
„ისინი მანქანებში ვერ ჩასხდნენ, სიკვდილამდე არიან ნაცემი. ხალხის დაშინების მიზნით გაისროლეს კიდეც, ალყა ჰქონდათ გაკეთებული მინარეთის გარშემო, როცა დემონტაჟი ხდებოდა, ვინც სცადა რომ კორდონი გაერღვია, ყველა სასტიკად ვართ ნაცემი"-ახადებს სოფლის მაცხოვრებელი
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამას არავის აპატიებენ, მინარეთი ისევ დაბრუნდება ამ ადგილას.
ამ წუთებში კი ასობით ადამიანი ადიგენისკენ მიემართება. ისინი ადიგენის პოლიციასთან აპირებენ მობილიზებას. ისინი ითხოვენ დაკავებულების გამოშვებას.
შეგახსენებთ, ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. დღეს კი ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც სოფლიდან მინარეთი გამოიტანეს. ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, პოლიციამ ადგილობრივები დააშინა და ტელეფონები გაათიშინა.