პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის ბოლო გამოსვლებში ხაზს უსვამს, რომ „ნაციონალებმა“ არც ერთ რეგიონში არ უნდა გაიმარჯვონ, მათი დრო წასულია და ასე შემდეგ. ასეთმა გამოთქმებმა „ნაციონალები“ ძალიან აღაშფოთა და უკვე შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. მაგალითად, გიგა ბოკერიას მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი აკეთებს სამარცხვინო, კატასტროფულ და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს. რა თქმა უნდა, ისეთი „დახვეწილი“ მანერების მქონე პრეზიდენტის საუბრების მოსმენის შემდეგ, როგორც მიხეილ სააკაშვილი იყო, ძალიან ძნელია, ირაკლი ღარიბაშვილის გამონათქვამები მოისმინო. ბოკერიას თქმით, ვინაიდან პრემიერ-მინისტრი შხამს ანთხევს, ეს ყველაფერი სააკაშვილის მიერ აშენებულ ქართულ დემოკრატიას წინ დახვდება. უფრო შორს მიდის „ნაციონალების“ ერთ-ერთი უტყვი ლიდერი, გივი თარგამაძე, რომელიც „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ასეთ რამეს წერს:
„ჩემი მეზობელი ჰაკიმი გაყეყეჩდა. მერკელთან ვიზიტის წინ საკუთარი მნიშვნელობისა და სიდიადის გრძნობით აღივსო და წაიბლატავა, მიშა პლანტაციაზე უნდა ვამუშაოო, რითაც მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ არა მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილი და განათლების მხრივ სტერილურია, არამედ განეკუთვნება იმ უმარტივესთა კლასს, მმთრთველობის ერთადერთ ფორმად 21-ე საუკუნეშიც მონათმფლობელობა რომ მიაჩნიათ... კახელი კაცი ხარ და ხალხს ნუ ათქმევინებ, სად ერეკლე და სად ბიძინას პინგვინის კვერცხიო“.
გივი პრემიერ-მინისტრს იმასაც ახსენებს, შევარდნაძე უფრო დიდ პოლიტიკოსებს ხვდებოდა უცხოეთში, მაგრამ როგორც კი ქართველმა ხალხმა უკეთესი ცხოვრება მოისურვა, ეგრევე მოისროლესო. თუმცა თარგამაძემ აქ სააკაშვილის პერიოდი შეგნებულად გამოტოვა, ისიც კი ხვდებოდა არანაკლებ პოლიტიკოსებს და როგორც ამბობენ, ობამასთან შეხვედრაშიც იხდიდა მილიონებს, მაგრამ როგორც კი ქართველმა ხალხმა უკეთესი ცხოვრება მოინდომა, ეგრევე „დაახვევინეს“. აქ ორი მომენტია გასათვალისწინებელი: ჯერ ერთი, „ნაციონალებისგან“ ასეთი თავხედური კრიტიკა მიუღებელია, რადგან ისინი თესდნენ ბოროტებას 9 წლის განმავლობაში და მეორეც – როგორც პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, კახი კახიშვილი ამბობს „ალიასთან“ საუბარში, ირაკლი ღარიბაშვილს თავისი გამონათქვამებით საარჩევნო კოდექსი არ დაურღვევია:
– მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ტიპის გამონათქვამები ჯდება საარჩევნო ნორმებში. სხვა საკითხია, რომ მოსასმენად არის არასასიამოვნო. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ არ დახვეწა „ნაციონალების“ მიერ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მიღებული საარჩევნო კოდექსი. მმართველი გუნდი ისევ განაგრძობს აგრესიულ კამპანიას, ოღონდ აგრესიაში არ ვგულისხმობ წამებას, დაშინებასა და მოსყიდვას, უბრალოდ ფუფუნებით აღჭურვილი ოფისები აქვთ, ძვირადღირებულ მანქანებზე არიან შემომსხდრები და აკეთებენ დემონსტრირებას, თქვენზე არანაკლები ფული გვაქვსო.
– მე შეხება მაქვს რამდენიმე შტაბთან, იქ ნაცნობები მუშაობენ და არცთუ ისე ფუფუნებაში არიან.
– ყოველ შემთხვევაში, მე ვლაპარაკობ შემომწირველთა რაოდენობაზე და იმაზე, რა ფულიც იხარჯება საარჩევნო კამპანიაზე. ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობასთან“ ფულით შეჯიბრი არ არის საჭირო. რაც შეეხება „ნაციონალების“ მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას, ესეც „ქართული ოცნების“ ბრალია. სწორედ ამათ მისცეს „ნაციონალებს“ საშუალება, ისაუბრონ ამაყად იმაზე, თითქოს მათ დროს ისეთი არაფერი ხდებოდა. ის ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის სისტემას ნერგავდნენ, რომლებიც იყვნენ ავტორები ასეთი აგრესიისა, ცემისა და წამების, სამწუხაროდ, დღეს გვიკითხავენ მორალს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე. სწორედ „ქართული ოცნების“ ბრალია ისიც, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მისცეს დამნაშავე ადამიანები და საქმეები თაროზე შემოდეს. წარმოიდგინეთ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი პარტია რომ მოსულიყო, როგორი დღეები დაუდგებოდა ამ უკანასკნელს? ამიტომ „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის დიდი მედალი, რომ ესენი გააცოცხლა.
– ჩვენ გვაინტერესებს შედეგი, რას მივიღებთ ასეთი მდგომარეობით?
– შედეგად მივიღებთ იმას, რომ ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ეკინკლავება, მაგრამ ამათ ერთმანეთი სჭირდებათ. „ნაციონალების“ ფონზე „ქართული ოცნების“ ტყუილიც კი დაიჯერება. მთელი დღის განმავლობაში იკავებენ მედიასივრცეს, ერთმანეთს ეპაექრებიან და „ნაციონალები“ საერთოდ ვერ გაიმარჯვებენ და მათი დრო დამთავრდა, ეს არის საარჩევნო კამპანიის პიარსვლა. ასეთ განცხადებებს აკეთებდა ბატონი მარგველაშვილი, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყოველგვარი კოჰაბიტაცია დამთავრდებაო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ არაფერიც არ დამთავრდა. მეტიც, დამნაშავეების მიმართ ვიხილეთ გამამართლებელი განაჩენები. თუ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალების“ გამარჯვება არ უნდოდა, მას კანონით დაშვებული ბერკეტები ჰქონდა, მაგრამ არ გამოიყენა. პირველ რიგში, უნდა მოეწესრიგებინა საარჩევნო გარემო, რათა სხვა პოლიტიკური პარტიებიც შემოსულიყვნენ არენაზე. ამით „ნაცმოძრაობა“ დაიჩრდილებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არავის არ აწყობს. „ქართული ოცნება“ დღეს თავს გრძნობს კომფორტულად და იმაზე არ ფიქრობს, ხვალ რა მოხდება.
– ღარიბაშვილი გამოირჩევა „ნაციონალების“ მიმართ აგრესიულობით, მაგრამ ასეთივე აგრესიას ვერ ვხედავ მისი გუნდის წევრებში.
– ჩვენი პრემიერი არის ახალგაზრდა. ის აღმოჩნდა უცებ მრავალპარტიული კოალიციის ლიდერი. ამ დროს კოალიციაში გაერთიანებულ თითოეულ ძალას აქვს თავისი ინტერესები და მიზნები. ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი შეცდომა არის ის, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს შექმნილი მონები გვერდში დაიყენა. მას ჰგონია, რომ ასეთი ადამიანები გაამაგრებენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. თუ ირაკლი ღარიბაშვილი არაკომფორტულად გრძნობს თავს ამ კოალიციაში, საკითხი დგას ძალიან მარტივად, მან გზა უნდა გაუხსნას ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებს. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საჯარო სამსახურებში, აქცენტი კეთდება ისევ ოდიოზურ ფიგურებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც „ნაციონალი“ ლიდერების დავალებებს ასრულებდნენ ულაპარაკოდ. თუ პრემიერს სურს თავისი პოზიციების გამაგრება, მაშინ პროფესიონალები უნდა დაიყენოს გვერდით. დღეს არაკომპეტენტური გადაწყვეტილებები, რასაც მისი ხელქვეითები იღებენ, მას ჰბრალდება ისე, რომ შეიძლება თვითონ არც კი იცის ამის შესახებ. მე „ნაციონალებს“ შევადარებ მაგარ სიგარეტს და „ქართული ოცნების“ სახით კიდევ მივიღეთ „ლაითი“ სიგარეტი. მე მეჩვენება, რომ ზოგ შემთხვევაში ვითარება გაუარესდა კიდეც, ზოგიერთი მინისტრი უკვე ვეღარ აკონტროლებს, რა ხდება მის გარშემო. სააკაშვილის პერიოდში სისტემა იყო შექმნილი ერთი კაცისთვის და იმართებოდა ერთი კაცის ბრძანებით, თუ იგივე სისტემის შენარჩუნება დღეს ვინმეს უნდა, არ გამოუვა. ყველა რეგიონის მოგებაზე ლაპარაკი საჭირო არ არის.
– ჩემი აზრით, ეს იყო ნათქვამი მხოლოდ „ნაციონალებთან“ დაკავშირებით, რომ მათ ვერ უნდა გაიმარჯვონ.
– არ იყო მხოლოდ „ნაციონალების“ მისამართით ნათქვამი. მე ვუშვებ, რომ პრემიერმა ეს განცხადებები გააკეთა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, მაგრამ, ვინაიდან, ჩვენ 9 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით ისეთ ქვეყანაში, სადაც პირველი პირის მოწოდება იყო ყველა საჯარო მოხელისთვის კანონი, შესაძლებელია, პრემიერის ამ მოწოდებებსაც ისეთივე ეფექტი ჰქონდეს. მეტიც, ამას ბევრი მიიღებს, როგორც მითითებას.
– დღეს ერთი ამბავია ატეხილი ალავიძისა და ბაღათურიას დაჯილდოებასთან დაკავშირებით. ისე, ვერც მე გავიგე, რა იყო ეს?
– მე ძალიან უცნაურად მეჩვენება ის კამპანია, რაც ამ დაჯილდოებასთან დაკავშირებით დაიწყო. ეტყობა, დაგვავიწყდა, რამდენი ისეთი ადამიანია დაჯილდოებული დღევანდელ ხელისუფლებაში, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა ქართველ ხალხს. ამ ადამიანების ნამოქმედარი რომ შევადაროთ ალავიძის ნამოქმედარს, ეს უკანასკნელი ბავშვად მოგეჩვენება. სხვათა შორის, დღეს რომ ბაღათურიაზე „ნაცმოძრაობა“ ლაპარაკობს, ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ეგ კაცი ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო. ასე რომ, ვერ ვხვდები, რატომ აიწია ამ თემამ იმ ფონზე, როცა „ნაციონალი“ ჩინოვნიკები დღესაც კარგად გრძნობენ თავს სხვადასხვა სტრუქტურებში. როდესაც მოსახლეობის 80 პროცენტი გთხოვს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას, შენ სირაქლემას პოზაში კი არ უნდა დადგე, კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედო თამამად.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია“