reportiori.ge - შოთა არველაძე: მთავარი მწვრთნელის კარიერაზე ვფიქრობ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:40
ინტერვიუ
შოთა არველაძე: მთავარი მწვრთნელის კარიერაზე ვფიქრობ...
ავტორი:
04 ივნისი, 2014. 17:00



მანჩესტერში ვან გაალთან?

 

 

შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ქასიმფაშამ“ თურქეთის ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა ჩვენებურის გუნდს მეტიც შეეძლო... თურქთის ჩემპიონატს თავისი სპეციფიკა აქვს, იქ ძალიან ძნელია, ჩაერიო სამი გრანდის: „ფენერბახჩეს“, გალათასარაისა“ და „ბეშიქთაშის“ ბრძოლაში. მიუხედავად ამისა, „ქასიმფაშამ“ სამივე  გუნდის დამარცხება მოახერხა.

 

შოთას თურქეთში კარგად იცნობენ, თბილისის „დინამოდან“ ის წორედ თურქულ „ტრაბზონსფორში“ გადავიდა 1994 წელს და იქ შთამბეჭდავად ითამაშა. „ქასიმფაშამდე“ შოთა ასევე თურქული „ქაისერისფორის“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ, მწვრთნელობა კი ჰოლანდიაში, „ალკმაარში“ დაიწყო მთავარი მწვრთნელის, სახელგანთქმული ლუის ვან გაალის თანაშემწედ.

 

შოთა შვებულებას თბილისში ატარებს, ამიტომ „ქრონიკა+“-მა ამ შემთხვევით ისარგებლა და ინტერვიუც ჩაწერა:

 

– მეექვსე ადგილი თურქულ სუპერლიგაში – ასეთმა შედეგმა რა განცდა დაგიტოვა?

 

– უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად ვითამაშეთ. „ბეშიქთაშთან“ მატჩის შემდეგ სამი ქულა დაგვაკლეს. რომ არა ეს, მეოთხე ადგილზე აღმოვჩნდებოდით და, შესაბამისად, ევროსარბიელზე თამაშის უფლებას მოვიპოვებდით.

 

–ახლა სატრანსფერო პერიპეტიების დროა და, ალბათ, „ქასიმფაშაც“ აპირებს რამდენიმე კარგი ფეხბურთელის დამატებას. უკვე გაქვთ კონკრეტული მონახაზი ?

 

– ზოგადად, ფეხბურთელის ყიდვა საკმაოდ ძნელია. იყიდი ფეხბურთელს, გადაიხდი ბევრ ფულს და არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს მოთამაშე ასი პროცენტით გაგიმართლებს, არ იყიდი ასეთ ფეხბურთელს და ის სხვა კლუბში გადავა, სადაც, შესაძლოა, მართლაც ძლიერად ითამაშოს. ამ ყველაფერზე ნერვები არ უნდა მოგეშალოს. ვნახოთ, სატრანსფერო სეზონი ახალი დაწყებულია. მომდევნო სეზონში უკეთეს შედეგს ნამდვილად დასჭირდება კარგი ფეხბურთელებით გაძლიერება.

 

– ვან გაალი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი გახდა. თანაშემწედ რომ მიგიწვიოს, დათანხმდები ასეთ შემოთავაზებას?

 

– ზოგადად, არ ვიტყოდი კატეგორიულ უარს ვან გაალის თანაშემწეობაზე, თუმცა ამაზე მაშინ უფრო კარგად დავფიქრდები, თუ ასეთ შემოთავაზებას მივიღებ. ახლა უკვე ისეთი სიტუაციაა, უფრო ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის კარიერაზე რომ ვფიქრობ.

 

– უახლოეს გეგმებზე რას გვეტყვი? რა პირობით რჩები „ქასიმფაშაში“?

 

– კლუბთან კონტრაქტი სამი წლით გავაგრძელე. უახლოესი მიზანი ევროტურნირზე გასვლაა, მერე ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ასე შემდეგ. ახლა იმას ვცდილობ, რომ „ქასიმფაშაში“ მეტწილად 26-27 წლის ფეხბურთელები შემოვიკრიბო, რათა წლობით მომიწიოს მათთან მუშაობა.

 

– ქართულ ფეხბურთზე გადმოვერთოთ. სახელმწიფო აპირებს, რომ საკლუბო ფეხბურთს კონცეპტუალურად დაეხმაროს. ამასთან დაკავშირებით კამათი არ წყდება, ზოგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პროფესიულ კლუბებს კი არა, პირველ რიგში, ბავშვთა ფეხბურთს უნდა დაეხმაროს. რას იტყოდი ამ ყველაფერზე?

 

– სანამ ქართული ფეხბურთი წელში არ გაიმართება, დახმარება ყველა სეგმენტს დასჭირდება, რომელიღაც რგოლის გამოცალკევება კი მართებულად არ მიმაჩნია. სახელმწიფოს შეუძლია განავითაროს საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, ააშენოს ბაზა, დააგოს მოედნები და მერე მიაქირაოს საფეხბურთო სკოლებს. ცხადია, დახმარება კლუბებსაც სჭირდებათ, საფეხბურთო სკოლის შემდეგ ფეხბურთელი პროფესიონალურ კლუბში თუ არ მოხვდა, როგორ განვითარდება? თუ სახელმწიფოსგან მიზანმიმართული დახმარება მართლა იქნება, კონტროლიც უნდა დაწესდეს ყველაფერზე.

 

– ამ ეტაპზე საქართველო ფეხბურთელების ექსპორტიორი ქვეყანა უნდა გახდეს – ასეთი, მკვეთრად გამოხატული მიმართულება რამდენად მისაღებია შენთვის?

 

– საქმე ის არის, რომ ევროპის მოწინავე ქვეყნებში არაევროკავშირელ ფეხბურთელზე სახელფასო ცენზია დაწესებული, ანუ თუ კლუბი მიიწევს, მაგალითად, ქართველ ფეხბურთელს, კანონით გათვალისწინებული სახელფასო მინიმუმი უნდა გადაუხადოს, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა და 18-19 წლის ფეხბურთელში ამხელა ფულს ევროპის უმეტესი კლუბები არ გადაიხდიან. რუსეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი – გვრჩება ასეთი ვარიანტები. მე მაინც მგონია, რომ სწორი მიმართულება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და ჩვენი კლუბების მომძლავრებაა.

– ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშებაზეც გკითხავ: პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი „ბაიერნის“ მარცხს მადრიდის „რეალთან“ (ორი მატჩის ჯამში 0:5, – დ.თ.) რას დააბრალებდი? ზოგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ გვარდიოლა მწარედ შეცდა, თავის საყვარელი ტაქტიკა, ე.წ. ტიკი-ტაკა რომ აირჩია კარლო ანჩელოტის „რეალთან“...

 

– გვარდიოლას „ბაიერნმა“ მხოლოდ ერთი გადამწყვეტი თამაში წააგო სეზონში და ასეთი რამ ხომ ყველა გუნდს ემართება? ეს როდესღაც უნდა მომხდარიყო და მოხდა „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ „ბაიერნმა“ ძალიან ადრე გაინაღდა ბუნდესლიგის ჩემპიონობა და გუნდიც ძალაუნებურად მოშვებული იყო, „რეალთან“ ცოტა იღბალმაც უმტყუნა, მადრიდში არწასაგები თამაში წააგო, მიუნხენში გოლი კუთხიდან გაუშვა მატჩის დასაწყისში...

 

– 12 ივნისს ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და ერთი ბანალური კითხვაც, – ვის ქომაგობ?

 

– არგენტინას, ლეო მესის გულშემატკივარი ვარ...

 

– მესი სანაკრებო ტურნირებში ჯერ ისევ ბრწყინავს, როგორც „ბარსელონაში“...

 

– ნაკრები სხვა სპეციფიკაა, მსოფლიო ჩემპიონატი დაახლოებით ოთხი კვირა გრძელდება და თუ ერთი შეხვედრა მაინც ჩააგდე, თუ ერთ დღეს ვერ მოახერხე სრული მობილიზება, საქმის გამოსწორება შეუძლებელი ხდება...

 




დავით თავართქილაძე

 

 

გაზეთი „ქრონიკა +“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016