reportiori.ge - ნაპოლეონ ქარქაშაძე: აფხაზეთში მოღვაწე ქართველებს ახალი ხელისუფლებაც არაფერს გვეკითხება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:11
ინტერვიუ
ნაპოლეონ ქარქაშაძე: აფხაზეთში მოღვაწე ქართველებს ახალი ხელისუფლებაც არაფერს გვეკითხება
05 ივნისი, 2014. 14:55


თითქმის ერთკვირიანი არეულობის შემდეგ აფხაზეთში სიტუაცია თითქოს დამშვიდდა - ანქვაბი გადადგა, უღიარებელი ქვეყნის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები 25 აგვისტოსთვის დაინიშნა.

 

ინტერვიუ სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ყოფილ რექტორთან ნაპოლეონ ქარქაშაძესთან, რომელსაც გთავაზობთ, 20 მაისს ჩაიწერა.


- კონფლიქტი, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოიკვეთა. გახსოვთ, ალბათ,  როგორ დამარცხდა რაულ ხაჯინბა, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ანქვაბი პროქართველობაში დაადანაშაულა. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება არც კი შეეცადა, გარკვეულიყო სიტუაციაში. მაშინ, ალბათ, ანქვაბის ფაქტორის უფრო ეფექტიანად გამოყენება იყო შესაძლებელი, მაგრამ ჩვენ საპირისპირო გავაკეთეთ.

 

- რა გაქვთ მხედველობაში? ანქვაბი აფხაზეთის ომში ხომ სეპარატისტების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო?!


- ანქვაბი, ცხადია, სეპარატისტია. იგი ამ მოძრაობის სათავეებთან ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში იდგა, სეპარატისტული ორგანიზაცია „აიდგილარას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მაგრამ იგი აფხაზეთის დამოუკიდელობას რეალურ კონტექსტში განიხილავდა და აღიარებდა, რომ აფხაზეთის პრობლემის გასაღები არამარტო მოსკოვში, არამედ თბილისშიცაა. იგი საქართველოსთან უფრო ლიბერალური პოლიტიკის განხორციელების მომხრე იყო. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტშიც ზომიერად იქცეოდა, არ იყო აგრესიული. ქართული პოლიტიკის შეცდომა ის არის, რომ მისი შედარებითი პროქართულობა ვერ გამოვიყენეთ.

 

- რას ნიშნავს „ვერ გამოვიყენეთ"? ანქვაბს უნდა დავხმარებოდით, მის პრეზიდენტობას მივსალმებოდით, თუ რა?!


- ცხადია, არა, ქართველების აშკარა მხარდაჭერა საზიანოც კი იქნებოდა, მაგრამ მან ეკონომიკური ხასიათის რამდენიმე სერიოზული მოსაზრება შემოგვთავაზა, რომლებშიც შეიძლებოდა შეხების წერტილების მონახვა, თუნდაც, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. ეს წმინდა პრაგმატული მოსაზრება იყო, რომელიც, ეკონომიკური თვალსაზრისით, ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნებოდა. ალბათ, გახსოვთ, რა აჟიოტაჟი მოჰყვა საქართველოს პოლიტიკური სპექტრიდან მის ამ პოზიციას: „არავითარი დათმობა!", „არავითარი მოლაპარაკება სეპარატისტებთან. ეს მათი დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია" და ა. შ. ამით ქართველმა პოლიტიკოსებმა, ფაქტობრივად, ანქვაბის მოწინააღმდეგეების, უპირველესად კი, ხაჯინბას წისქვილზე დაასხეს წყალი.


დღეს ხაჯინბა, რომელიც კვლავ წინა პლანზე გამოვიდა, მოითხოვს რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებას, ხოლო ქართველებთან ყოველგვარი ურთიერთობის წინააღმდეგია და აფხაზეთში დარჩენილ ქართველებს გენოციდით ემუქრება. ჩვენ თავის დროზე ანქვაბთან დაახლოება უნდა დაგვეწყო, მის წარმომადგენლებთან საუბარი ჟენევის ფორმატით არ უნდა შეგვეზღუდა.


ხაჯინბა ცბიერი და ჭკვიანი პოლიტიკოსია, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ძმებ ტარას და სერგეი შამბებთან, რომლებიც „რუსული პროექტებია". მათი ტანდემი საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. ვფიქრობ, ანქვაბს აიძულებენ, გადადგეს, როგორც ეს „სახალხო კრებამ" მოითხოვა. იგი თავმოყვარე კაცია და სავარძელს არ ჩააფრინდება.

 

- თქვენ იცნობთ ანქვაბს?


- ანქვაბს საქართველოში ბევრი იცნობს, მათ შორის, - მეც. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე კარგა ხანს მუშაობდა და ცნობილი იყო თავისი პირდაპირობითა და პრინციპულობით. მახსოვს, რომ ქართველებთან მეგობრობდა. მე ვიცნობ ნუგზარ აშუბასაც, აფხაზეთში ჩემი მუშაობის პერიოდში იგი კომკავშირის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო, მას ვატყობდი ანტიქართველობას. ცხადია, იგი აფხაზების საქმის მკეთებელი იყო, მაგრამ სიძულვილი ქართველებისადმი არ ჰქონდა, აშუბა პარლამენტსაც ხელმძღვანელობდა. იგი ანქვაბთან დაახლოებული პიროვნებაა. ქართველებს მასთანაც შეეძლოთ კონტაქტის დამყარება.


ჩვენ თავიდანვე ხელიდან გავუშვით ძალიან სერიოზული კოზირი. აფხაზებთან სასაუბროდ უნდა გამოგვეყენებინა „იქაური" ქართველები, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ცუდად არ გამიგოთ, თუ გეტყვით, რომ მე ვიყავი აფხაზეთში ქართული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1990 წელს ამირჩიეს „სასოფლოს" რექტორად და გადმოვედი თბილისში. სამწუხაროდ, არავის გახსენებია, რომ მე, რეზო სალუქვაძეს, ავთანდილ საყვარელიძეს, ჯემალ ბერაძეს, გიორგი ჟორჟოლიანს, ვილენ ალავიძეს და კიდევ სხვებს შეგვეძლო აფხაზებთან დალაპარაკება, რასაც მშვიდობიანობის დროს ვახერხებდით კიდეც... სერგეი ბაგაფში ჩემი სტუდენტი იყო და, როცა მეუღლე გარდამეცვალა, თბილისში ჩამოვიდა (იგი მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო), სამძიმარზე შინ მეწვია და ჩვენ სამი თუ ოთხი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით. მასთან ერთად დავით ფილიაც იყო. სამწუხაროდ, არავის უკითხავს, რაზე ვისაუბრეთ, თუ არ ჩავთვლით ავთანდილ იოსელიანის სატელეფონო ზარს...

 

- ე. ი. დღევანდელი ქართველები საჭირო მომენტში სწორად ვერ ვიქცევით?


- ასე გამოდის. გაიხსენეთ, შევარდნაძის დროს სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტი ლიკანში ჩამოვიდა, თითქმის გადაწყდა საკითხი, რომ ეს კუთხე ავტონომიური რესპუბლიკის სახით დაბრუნებოდა საქართველოს შემადგენლობაში. მაგრამ ე. წ. ეროვნულებმა მაშინ კატეგორიულად გააპროტესტეს სახელწოდება „სამხრეთ ოსეთი"... უგუნურებაა, არა? ნუთუ ყველაზე მთავარი სახელწოდებაა?! წავიდა თიბილოვი ცხინვალში და აღარც დაბრუნებულა. ასე მოხდა ბაგაფშის დროსაც, რომელიც პრემიერის რანგში თბილისში ორჯერ ჩამოვიდა, მაგრამ შევარდნაძეს გარემოცვამ ბაგაფშის მიერ დაყენებული საკითხების განხილვის საშუალებაც კი არ მისცა... მე ძალიან მაფიქრებს, რომ ჩვენი ხელმძღვანელობა არც ამჯერადაა მზად აფხაზეთში მიმდინარე პროცესების ანალიზისთვის. გაცვდა ყბადაღებული ე.წ. რუსული კვალი, რომელსაც წამდაუწუმ იმეორებენ ტელევიზიით. რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და მისი ორბიტიდან პატარა ქვეყნებისა თუ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ხელოვნურად ჩამოცილება შეუძლებელია. დაუკვირდით, შეიძლება ითქვას, რომ ნიუტონის მიზიდულობის კანონი ეკონომიკაშიც და საგარეო პოლიტიკაშიც მოქმედებს, ჩვენ ჩვენი ორბიტა ჯერ კიდევ ვერ განვსაზღვრეთ...


რამდენიმე სიტყვით შევეხები ევროკავშირის თემას. ამ საერთაშორისო გაერთიანებას აქვს ორი შემადგენელი ნაწილი - პოლიტიკური და ეკონომიკური, ასოცირების პოლიტიკურ ნაწილზე ხელმოწერა დასაშვებია, მაგრამ ეკონომიკური ნაწილი სერიოზული ანალიზის საგანი უნდა გახდეს. სამთავრობო წრეებში და ცნობილი ექსპერტებიც ამ საკითხზე რატომღაც მორიდებით საუბრობენ. არადა, საფრხეები სერიოზულია, იმდენად სერიოზული, რომ დროა, ვიყვიროთ. ალბათ, იმათ, ვინც დოკუმენტს ზედმიწევნით კარგად იცნობენ, თავიანთი მოსაზრება უფრო მკვეთრად უნდა დააფიქსირონ.

 

- რადგან ეს თემა წამოიწია, რა აზრის ხართ ევრაზიულ კავშირზე, რომელსაც ასტანაში ხელი უკვე მოაწერეს სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა?


- საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან თუ რაიმე გადის ექსპორტზე, ესაა, ძირითადად, რუსეთის და დსთ-ს ქვეყნების ბაზარი. უფრო მაღალი ერთიანი ტარიფების შემოღება, რომელსაც ითვალისწინებს ევრაზიის კავშირი, ჩვენს საექსპორტო პროდუქციას დაბლოკავს...

 

- მერე რა? აგერაა ევროკავშირის 350 მილიონიანი ბაზარი!..


- ევრობაზარზე შესვლა მარტო სურვილი არაა. შეხვალ, მაგრამ საკითხავი ისაა, იყიდის თუ არა ვინმე ჩვენს პროდუქტს? არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რატომ არავინ არ სწავლობს ამ სტანდარტების მოთხოვნებს? ვაკმაყოფილებთ თუ არა ამ მოთხოვნებს, იცის ვინმემ? ჩემი და ჩემი კოლეგების აზრით, საქართველოში წარმოებული პროდუქცია ამ სტანდარტებისგან ჯერ კიდევ შორსაა და, რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, იგი ძვირადღირებულია.

 

- დამეთანხმებით, თუ ვიტყვი, რომ სააკაშვილმა ისე გააუარესა დამოკიდებულება აფხაზებთან, რომ დღეს ჩვენს მხარეს მათთან ურთიერთობის ყველა გზა გადაეკეტა? გავლენის მოხდენაზე აღარაფერს ვამბობ. გაუცხოება სრული გახდა - მიხაილ ნიკოლაევიჩი ისე იქცეოდა, თითქოს მიზნად ჰქონდა დასახული,  ვიღაცის სიამოვნებისთვის უნდა შევგუებოდით აფხაზეთის დაკარგვას.


- სააკაშვილის დროს გაფუჭდა ურთიერთობა აფხაზებთანაც და ოსებთანაც. მანამდე რაღაცნაირად ვახერხებდით საუბარს, ვუსმენდით ერთმანეთს, გარკვეულ საკითხებში ვთანხმდებოდით კიდეც. ჩემთან, მაგალითად, სხვებთანაც ჩამოდიოდნენ აფხაზეთში დარჩენილი ქართველებიც, აფხაზებიც. სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ ეს ურთიერთობები მოშალა, არამარტო მოშალა, არამედ შიში დანერგა, თანაც ისეთი, რომ აფხაზეთში ვერავის ტელეფონითაც ვერ დაელაპარაკებოდი, იქ რა ხდებოდა, რა სიტუაცია იყო. ორივე მხარე დააზარალა - ჩვენც და აფხაზებიც.


სამწუხარო ის არის, რომ სააკაშვილის გაფუჭებული ეს საქმე, ახალმა მთავრობამაც ვერ გამოასწორა. გრძელდება იგივე გამრუდებული, არასწორი და მავნე უგულებელყოფის პოლიტიკა.


- თუ საერთოდ არ გვაქვს პოლიტიკური ნება ვითარების გამოსასწორებლად?


- სამწუხაროდ, ასე გამოდის.

 

- ვერ „გავიზარდეთ" ამ პრობლემამდე, თუ ვინმე გვიკრძალავს?


- არავინ არავის არაფერს უკრძალავს. რუსული ფაქტორიც მოგონილია. ამით იმართლებენ თავს: ჩვენ რა ვქნათ, დათვი თუ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო.

 

- მიგაჩნიათ, რომ ახლაც ასეა?


- არავითარი რუსული ფაქტორი. აფხაზეთში არის პრორუსულად განწყობილი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც, ვერ ვუარყოფ, აქვს გავლენა. აფხაზეთის ეკონომიკა, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობს, რუსეთსაა მიბმული.

 

- რუსეთი აქამდე 4 მილიარდამდე რუბლით ყოველწლიურად აფინანსებდა აფხაზეთს. შედეგი პრაქტიკულად არ ჩანდა. ახლა, როგორც ირკვევა, ერთ მილიარდამდე ამცირებენ დახმარების ოდენობას. ამან ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია.


- ეს ხალხი ამბობს: თუ ჩვენ რუსეთს ვართ მიბმული, მაშინ ისე დაგვაფინანსოს, როგორც ყირიმს აფინანსებსო.

 

- რუსეთთან შეერთების ქვეტექსტს ხედავთ?


- რეაქციონერი სეპარატისტების ლოგიკას აქეთ მივყავართ. ვერ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთი ევრაზიის კავშირშიც გაერთიანდეს. თუ ამ მისწრაფებას განხორციელება უწერია, მაშინ აფხაზეთი ჩვენთვის დაკარგული აღმოჩნდება საბოლოოდ: თუ ახლა აფხაზეთის დამოუკიდებულება ოთხმა სახელმწიფომ აღიარა, მაშინ იმ სახელმწიფოების მიერაც აღმოჩნდება აღიარებული, რომლებმაც გააფორმეს პრეზიდენტების ხელმოწერით ამ კავშირის დაარსება. ემატება ამას სომხეთიც და ყირგიზეთიც, რომელთაც სურვილი გამოთქვეს ევრაზიის კავშირში გაერთიანების.


ხედავთ, საით მიდის საქმე?


აქედან გამომდინარე, ჩვენ სერიოზულად უნდა გავააანალიზოთ ევრაზიის კავშირთან დამოკიდებულება, ავწონ-დავწონოთ მინუსები და პლუსები, რათა უკან მოუხედავად არ გადავეშვათ ევროპულ მორევში, რომლიდანაც თავის დაღწევას ცდილობს ამ კავშირის წევრი ქვეყნები.


ევროკავშირს თუ სამასმილიონიანი ბაზარი აქვს, აღმოსავლეთში მილიარდ შვიდას მილიონს აღწევს. ევრაზიული კავშირის პერსპექტივას განსაზღვრავს ჩინეთი, რომელიც აუცილებლად გახდება ამ კავშირის წევრი და დომინანტურ ადგილს დაიკავებს. მოვლენების განვითარება მსოფლიოში სწორედ აქეთკენ მიდის.


ჩვენ სად უნდა ვიყოთ, ვიფიქროთ ამაზე.

 

- ჭკვიანი ხალხის დაკვირვებით, აფხაზეთში ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ირეოდა სიტუაცია. ახლაც ბობოქრობს აფხაზეთი საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ. რით შეგიძლიათ ამ მოვლენის ახსნა?


- ჩვენ, ვინც აფხაზეთში წლების განმავლობაში ვმოღვაწეობდით, კარგად ვიცოდით აფხაზის ხასიათი. აფხაზი მეამბოხე ბუნებისაა. თავისივე ჯიშისა და ჯილაგის მთავრობასაც კი დიდი ხნით ვერ იტანს - 8-10 წლის შემდეგ აუცილებლად აუჯანყდება. ასე ხდებოდა პერმანენტულად და ეს მარტო ქართულ-აფხაზური მოვლენა არ არის.

 

- გკითხათ კი ამის თაობაზე რომელიმე მთავრობამ?


- არა. ჩემთვის აბსოლუტურად არავის არაფერი უკითხავს, არ დავუბარებივართ ქართულ-აფხაზურ პრობლემებთან დაკავშირებით.


ერთადერთხელ, რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მონაწილეობით გაიმართა, დავრჩი და ვესაუბრე ქვეყნის პირველ პირს. მთავარი საკითხი აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გახსნა იყო. ვუთხარი, რომ ამ რკინიგზის ამოქმედება, ჩემი აზრით, ლოკალური მოვლენა არ არის, რომ იგი ცდება აფხაზეთის საზღვრებს და ევროპისკენ მიმავალ გზად წარმოგვიდგება. ამ გზით პორტუგალიამდე შევძლებდით ჩასვლას, ხოლო რას ნიშნავდა ჩვენთვის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის დამყარება ევროპის ქვეყნებთან, ამაზე სიტყვა არ გამიგრძელებია. ისედაც ნათელი იყო.


იცით, რა მიპასუხა?

 

- არა.


- მიპასუხა, ესენი რომ დამესევიან და მე მარტო რომ დავრჩები ამ პარლამენტში, არ გინდა, გაუმკლავდე მოწინააღმდეგეებსო? დაასახელა რამდენიმე დეპუტატი, რომლებსაც ტრიბუნიდან ვერ ჩამოიყვანდა. სხვებიც, რომლებიც კი ფიქრობდნენ, რომ რკინიგზის გახსნა აუცილებელია, მაგრამ იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორი პატრიოტები არიან და როგორ სძულთ რუსეთი, მოწინააღმდეგეებს აჰყვებიანო.


გზა რომ ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეკონომიკური კავშირები რომ ბევრად განსაზღვრავს პოლიტიკას, ეს ცნობილია და ამაზე მსჯელობით თქვენს მკითხველებს თავს არ შევაწყენ.


რამდენი ასეთი მომენტი გავუშვით ხელიდან? თუნდაც ერგნეთის ბაზრობა დავასახელოთ... იმ ბაზრობის ნაცვლად, რომელიც ოსებთან ურთიერთობის საშუალება იყო, ახლა მავთულხლართები გვაქვს. ასეთი მეტამორფოზა კი, როგორც ვთქვი, სააკაშვილის უგნური პოლიტიკის შედეგია.

 

მორალი:

 

კოაბიტაციის ქოლგას შეფარებული ობივატელი ხშირად იმეორებს, - სააკაშვილის დროს რაღაც ხომ მაინც კეთდებოდაო.

 

კეთდებოდა ის პოლიტიკა, რომელმაც აფხაზეთი დაგვაკარგვინა, ოსეთი დაგვაკარგვინა. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც თვითონ აცხადებენ, საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვით აპირებენ აფხაზეთის მოვლენებზე ზემოქმედებას.

 

აქედან რა გამოდნება, ჩვენმა განათლებულმა მკითხველებმა კარგად იციან.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016