reportiori.ge - ელენე კავლელაშვილი: საქართველო, შესაძლოა ხელოვნების მუზეუმის გარეშე დარჩეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:25
ინტერვიუ
ელენე კავლელაშვილი: საქართველო, შესაძლოა ხელოვნების მუზეუმის გარეშე დარჩეს!
05 ივნისი, 2014. 15:13


შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საგანძურის ფონდი  XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის 20-30-იან წლებში შეიქმნა. დღეს კი, როგორც ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის კურატორი, ხელოვნების დოქტორი ელენე კავლელაშვილი „რეპორტიორთან" ინტერვიუში აცხადებს, მისი არსებობა საფრთხის ქვეშ დგას.

 

 

-ხელოვნების მუზეუმი ეროვნული მუზეუმიდან გამოყოფას წელიწადნახევარია ითხოვს. დამოუკდებლობას ჯერ-ჯერობით საშველი არ დაადგა. ორი დღის წინ ბატონმა დავით ლორთქიფანძემ გამოსცა ბრძანება, მუზეუმის ევაკუაციაზე.

 

 

როდესაც ეროვნული მუზეუმი შეიქმნა, ხელისუფლებამ გენერალურ დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს განუზომელი უფლებები მიანიჭა. დღეს დავით ლორთქიფანიძე ერთპიროვნული მმართველია და რა გადაწყევტილებასაც უნდა, იმას იღებს. ერთადერთი პრობლემა, რომელიც დღეს ხელოვნების მუზეუმს აწუხებს, ესაა სახურავის პრობლემა. 2006 წელს სპეციალური პროექტი შეიქმნა, რომ სახურავი შეკეთებულიყო, თუმცა დღემდე არ შეკეთებულა. ბოლო ხანებში რამდენჯერმე ჩამოვიდა წყალი. „კონსერვატორებმა" ლორთქიფანიძეს მიმართეს, წყალი ჩამოდის და როგორმე დაეხმარეთო, ამის საპირისპიროდ, მან მუზეუმის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ბრძანებაში წერია, რომ მუზეუმი ინგრევა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საგანძურების ასე ხელაღებით შენობიდან გადატანა კი სავალალო შედეგებს მოიტანს. ხელოვნების მუზეუმი შველას ითხოვს. შველა არა მხოლოდ მუზეუმს, თანამშრომლებსაც სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ხელოვნების მუზეუმის გარეშე დარჩება, რომელსაც 150 წლიანი ისტორია აქვს. ასეთ მუზეუმებს არავინ შლის, არსად გადააქვთ! ბარბაროსულად არ ექცევიან!

 

 

-  ვიცით, რომ მუზეუმიდან ნამუშევრები აქამდეც გაჰქონდათ.

 

 

- დამოუკიდებლობა იმიტომაც გვინდა, რომ როგორც კი ხელოვნების მუზეუმი ეროვნულ მუზეუმთან გაერთიანდა, ერთი წლის თავზე გამოფენები დაიხურა. მხოლოდ საგანძური მუშაობს. თანდათანობით, მიზანმიმართულად გაიტანეს ფერწერის ნიმუშები მუზეუმიდან როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ისე უცხოეთში. ფიროსმანის, კაკაბაძეების და სხვათა ფერწერული ნამუშევრები გაიტანეს და დარბაზები საწყობებად აქციეს. „ცისფერი გალერეა" როცა გახსენს, აქედან გაიტანეს ფერწერის ძეგლები და სველ კედლებზე გამოფინეს. შემდეგ მოვითხოვეთ, მესამე სართულზე გამოთავისუფლებულ ადგილზე გამოფენის გაკეთება. თავიდან დირექტორი დაგვთანხმდა. რამდენიმე დღეში კი დაიბარა ფონდის ხელმძღვანელები და აიძულა ე.წ. თავისუფალ ადგილზე ფონდები აეტანათ. 7 ფონდი აურიეს ერთმანეთში. სწორედ ამ ფონდებს აწვიმს ახლა. ამ დროს კი საზოგადოებაში გამოდის ლორთქიფანიძე და საუბრობს, რომ უზარმაზარი სამუზეუმო გარდაქმნები ხდება, რაც ასე არ არის. საქართველოში სამუზეუმო საქმიანობა სრულიად ჩავარდა. ხელოვნების მუზეუმის შექმნაში უზარმაზარი წვლილი აქვთ შეტანილი ილია ჭავჭავაძეს, კალისტრატე ცინცაძეს, ექვთიმე თაყაიშვილს, შალვა ამირანიშვილს, კათალიკოს პატრიარქებს - კირიონ მეორესა და ამბროსი ხელაიას. ამათი რუდუნებით შექმნილი მუზეუმი დღეს დავით ლორთქიფანიძის კაპრიზის გამო იშლება და ნადგურდება იმისთვის, რომ თითქოს მსოფლიო დონეზე უნდა რომ აიყვანოს. ქართველმა საზოგადოებამ თავისი საგანძური უნდა დაიცვას! თანამშრომლები უძლურნი ვართ. ამდენი ხნის მანძილზე, თხოვნა-მუდარის მიუხედავად, პრობლემა არ მოაგვარეს. კულტურის სამინისტრო არაფერს აკეთებს.

 

 

- რას გეუბნებიან, რამდენი ხნის შემდეგ დაუბრუნდება მუზეუმი ჩვეულ საქმიანობასო?

 

 

-ამაზე პასუხი არ აქვთ. არც არაფერს გვეუბნებიან. კულტურის სამინისტრო გვეუბნება, როგორც დავით ლორთქიფანიძე იტყვის, ისე იქნებაო. მუზეუმებზე მაღლა ეს კაცი დგას. შენობა, სადაც მუზეუმია განთავსებული, ისტორიულია, მეცხრამეტე საუკუნეშია აშენებული. ადრე აქ უამრავი დაწესებულება იყო . სასულიერო სემინარიაც იყო, სადაც სტალინი სწავლობდა. დავით ლორთქიფანიძეს კი სურს, ნაწილ ნაწილ დაარიგოს მუზეუმის საგანძური.  მისი თქმით, მუზეუმი კვლავ დაბრუნდება, თუმცა როდის, ამას არ ამბობს. ასეთ შემთხვევაში, ახლავე უნდა იყოს გამოყოფილი ალტერნატიული ფართი, სადაც მუზეუმი გადავა და აღარ გადმოვა, თორემ ასეთი საგანძურის წინ და უკან ტარება არ შეიძლება. ჯანაშიას ისტორიულ მუზეუმში უნდა ნაწილი ნივთების გადატანა. ჯანაშიას მუზეუმს 9 წელი არემონტებდნენ და საკმარისი ფართი თავისთვისაც კი არ აქვთ. რა უნდა დაეტიოს. ჩვენ გვინდა დამუკიდებლობა , ჩვენვე გავაკეთებთ რემონტს და მუზეუმს საერთაშორისო დონემდე მივიყვნთ. რაც მთავარია, მისი სიძველეები არ დაზიანდება. აქ დაცული ფერწერის ნიმუშები გადაადგილებას არ ექვემდებარება, მითუმეტეს ოქროს ფონდი.

 

 

- რაც გაიტანეს, რამე დაბრუნდა?

 

 

- არაფერი დაუბრუნებიათ. 146 ტილო გვქონდა ფიროსმანის და 24 -მდეა დარჩენილი მხოლოდ. არაფერს აბრუნებენ და არც დაბრუნდებაო, ამბობენ. ერთი წლის წინ გამოცემული წესდებით, ყველა მუზეუმი ეროვნული მუზეუმთან  გაერთიანდა, ანუ ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა, რაც გაუმართლებელია. სერიოზული დანაშაულია.

 

 

- თუ მოთხოვნამ  შედეგი არ გამოიღო, რას აპირებთ?

 

 

-არ ვიმუქრებით, მაგრამ ფართომასშტაბიან აქციებს ვაპირებთ. მოვალე ვართ, ქართველი ხალხი საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ მისი საგანძური საფრთხის ქვეშ არის.

 

 

- საუბარში აღნიშნეთ, რომ მუზეუმიდან გადატინილი ფერწერული ნიმუშები საზღვარგარეთაც გაიტანეს. ეს ნამუშევრებისთვის საფრთხის შემცველია?

 

 

- დავით ლორთქიფანიძე ამაყობს, რომ უცხოელები აღფრთოვანებული არიან,  მსგავსი გამოფენები არ უნახავთო. მართალიც არის, არცერთ ქვეყანას ძვირფასი ნივთები საზღვარგარეთ ამდენი ხნის მანძილზე არ გააქვს. ვანის გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთები ლორთქიფანძეს 5 წელი დაჰქონდა ევროპასა, თუ ამერიკაში, როცა მაქსიმუმ 2 კვირით შეიძლება ასეთი ისტორიული მონაპოვარის გატანა. არ შეიძლება ნივთების წინ და უკან ასე ტარება. არ ვიცი ეროვნულ მუზეუმს მიღება-ჩაბარების საქმე როგორ აქვს, მაგრამ ერთხელ გავატანეთ ჯანაშიას მუზეუმს მეხუთე საუკუნით დათარიღებული ვერცხლის სამაჯური და გატეხილი დაგვიბრუნეს.

 

 

P.S. მუზეუმის შენობა პუშკინის ქუჩის თავში მდებარეობს და მთავარი ფასადი თავისუფლების მოედნისკენაა მიმართული. ნაგებობა ქართველ მეცენატსა და მეწარმეს იაკობ ზუბალაშვილს ეკუთვნოდა, ხოლო 1840-იანი წლებიდან მასში მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია ამოქმედდა. 1952 წლიდან შენობაში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი განთავსდა. შენობის ავტორია იტალიელი არქიტექტორი ჯუზეპე ბერნარდაჩი. ნახევარწრიულ თაღეს დაყრდნობილი, გიგანტური ორდერით მორთული პორტიკით შემკული ნაგებობა გვიანი კლასიციზმის უმნიშვნელოვანესი ძეგლია თბილისში. ისტორიკოსების ცნობით, გვიანშუასაუკუნეებში შენობის ადგილას ლევან მეფის დიდი 80 ოთახიანი ქარვასლა იდგა, რომელიც 1724 წლის შემოსევისას დაიწვა.

 

 

მუზეუმის კოლექციის ოქროს ფონდში დაცულია ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუშები: შუა საუკუნეების დროინდელი ხატები, მათ შორის სასწაულმომქმედი ანჩისხატი და თამარის ეპოქის შედევრი ხახულის კარედი. უმდიდრესია მუზეუმში დაცული ტიხრული მინანქრის კოლექცია. ექსპოზიცია ასევე მოიცავს ქართველ მხატვართა დაზგური ფერწერისა და კამერული ქანდაკების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს. მათ შორის XX საუკუნის დასაწყისის გენიალური ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნაწარმოებთა ყველაზე სრულყოფილ კოლექციას. მუზეუმი ასევე მდიდარია დასავლეთ ევროპისა ხელოვნების ნიმუშებით. მათ შორისაა რენესანსის პერიოდის მხატვრის ლუკას  კრანახის ფერწერული ტილო. მუზეუმის აღმოსავლური კოლექცია მდიდარია უნიკალური ხალიჩებითა და ნაქარგობით. ასეთმა მნიშვნელოვანმა ისტორიულმა ძეგლმა კი, როგორც მუზეუმის წარმომადგენელი აცხადებს, შესაძლოა ფუნქცია დაკარგოს, რაც ნამდვილად დიდი დანაკლისი იქნება ქართველი ერისთვის. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016