„ალია" ჯერ კიდევ შარშან, 16 სექტემბრის ნომერში, წყაროებზე დაყრნდობით, ექსკლუზიურად სწერდა, რომ გიგი უგულავას ქვისლს, გიორგი ღონიაშვილს „ნაცმოძრაობის" „შავ ფულთან" ჰქონდა კავშირი და პანამის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ მის კომპანიის „obinoton invest korp"-ის საბანკო ანგარიშს დავით კეზერაშვილი ამ ფულის შესანახად იყენებდა. ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რას ვწერდი მაშინ, რადგან უგულავას ქვისლის დაჭერა და შემდგომ „ნაცების" ცენტრალურ ოფისში მომხდარი ამბავი, ამ ამბავთან პირდაპირ კავშირშია.
სექტემბერში საფრანგეთის პოლიციამ დავით კეზერაშვილი დააკავა, მაგრამ მანამდე ის და მიხეილ სააკაშვილი პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს. კეზერაშვილმა სააკაშვილს უთხრა, რომ პანამის ოფშორულ ზონაში, გიორგი ღონიაშვილის სახელზე რეგისტრირებული „obinoton invest korp"-იდან 1 მილიარდი დოლარი 20 სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე იყო გადარიცხული და ამის შესახებ წინასწარ არავინ გააფრთხილა. ცხადია, ამას ქვისლის, გიგი უგულავას გარეშე ღონიაშვილი ვერ გაბედავდა. თბილისში დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა გიგი უგულავა და ანდრო ბარნოვის, გიორგი ბარამიძისა და გიგა ბოკერიას თვალწინ სცემა, ფულის „მოტეხვაში" დაადანაშაულა და ამ 1 მილიარდის უკან დაბრუნება მოსთხოვა. თბილისის მერი პრეზიდენტს მისმა პირადმა დაცვამ ძლივს გამოჰგლიჯა ხელიდან. ნაცემმა უგულავამ ბოლოს სააკაშვილი დაარწმუნა, ეს თანხა იმიტომ გადარიცხა პანამური კომპანიიდან 20 სხვადასხვა ბანკში, რომ კეზერაშვილს დაჭერა ემუქრებოდა და შეეშინდა, „ნაცმოძრაობის" ოფშორული ანგარიშები სამართალდამცავებს არ გაეგოთ და ეს ფული არ დაკარგულიყო. საბოლოოდ სააკაშვილი და უგულავა შერიგდნენ და ევროპულ ბანკებში გადარიცხვული ამ 1 მილიარდის კონტროლი მასვე დაევალა.
როგორც ჩანს, ამ ინფორმაციის „ალიას" მეშვეობით გახმაურების შემდეგაც არ ჩახსნეს „ნაცმოძრაობის" „შავი ფულის" შენახვისა და გათეთრების სქემიდან გიორგი ღონიაშვილი და როგორც ვხედავთ, კარგი ჩიტიც დაიჭირეს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა. „ნაცონალები" ხომ ცას ქუდად არ მიიჩნევენ და დედამიწას ქალამნად, ეჭვი მაქვს, ბევრ მათგანს ისევ ჰგონია, რომ კვლავ ხელისუფლებაშია და ქვეყანას ისინი მართავენ. ეს უაზრო თავდაჯერებულობა, სიჯიუტე თუ წინდაუხედაობა კი ძალიან ძვირად დაუჯდათ - ფინანსური პოლიცია უგულავას ქვისლს ფულის გათეთრებასა და შემდეგ, ამ ფულის „ნაცმოძრაობისთვის" გადაცემას ედავება.
ამჯერად, საქმეში დავით კეზერაშვილის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია „ეხსიმუს ჰოლდინგი" და გიორგი ღონიაშვილის ფირმა „გუდაური სქაი რესორტი" მონაწილეობდნენ. ღონიაშვილს, 760 000 დოლარი ნაღდი ფული უნდა მიეტანა „ნაცმოძრაობის" ოფისში და „ალიას" ინფორმაციით, ის გიგი უგულავასთვის უნდა გადაეცა. ღონიაშვილი, მოგეხსენებათ, დაკავებულია და საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს. უგულავას ქვისლს კიდევ ერთ საქმეს ედავებიან და ისიც „ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ ფულის გათეთრებას ეხება, თუმცა ამ ეპიზოდში კეზერაშვილი არ ფიგურირებს.
„ალიას" „ნაცმოძრაობის" ცენტრალური ოფისიდან მოაწოდეს კულუარული ინფორმაცია, რომ 3 ივნისს, გიორგი ღონიაშვილის დაჭერის დღეს, გიგა ბოკერიამ აგინა და მერე ხელიც გაარტყა გიგი გულავას და პარტიის სხვა ლიდერებმაც არ დაინდეს თბილისის მერი. „ალია" თავს არ სდებს ამ ინფორმაციის უტყუარობაზე, რაც მითხრეს, იმას მოგახსენებთ. ახლა კი იმ ჩხუბის დეტალებზე, რომელიც სავარაუდოდ, პარტიის ოფისში გაიმართა.
გიორგი ღონიაშვილის დაჭერის ამბავი რომ გახმაურდა, „ნაციონალთა" ყველა ლიდერი ცენტრალურ ოფისში შეკრებილია. გიგი უგულავა და წამყვანი ლიდერები გიგა ბოკერიამ დაიბარა კაბინეტში და თბილისის ექსმერს სწორედ იქ გაურჩია საქმე. ბოკერიას უგულავასთვის, პირველ რიგში, სწორედ შარშან, 16 სექტემბერს „ალიაში" გამოქვეყნებული ის წერილები შეუხსენებია, სადაც დავით კეზერაშვილისა და გიორგი ღონიაშვილის კავშირზე ვწერდით და რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ.
ბოკერიას უგულავასთვის ჯერ წყნარად უთქვამს, რომ ამ პუბლიკაციის შემდეგ, გიორგი ღონიაშვილი უნდა მოეცილებინათ „ნაცმოძრაობის" „ობშიაკიდან" და მას კეზერაშვილთან აღარანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა. ბოკერიას ვარაუდით, ქართველი სამართალდამცავები, სწორედ „ალიას" ამ სტატიის შემდეგ დაინტერესდნენ ღონიაშვილისა და კეზერაშვილის კავშირით, ღონიაშვილის კომპანიებითა და საბანკო ანგარიშებით და საერთოდ, მისი საეჭვო კავშირებით. გიგა ბოკერიას ამგვარი წინდაუხედაობისთვის უსაყვედურებია უგულავასთვის, უთქვამს, რომ მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის და პარტიის ბედი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. უგულავას ბოკერიასთვის სიტყვა უხეშად შეუბრუნებია და საკუთარი ქვისლის გამართლებას შესდგომია, სქემის გაშიფვრა და საქმის ჩავარდნა დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილისთვის დაუბრალებია, რადგან ამ სქემის ავტორები სწორედ ისინი ყოფილან.
პარტიის ორ ლიდერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გინებამდე მისულა, შემდეგ გიგა ბოკერიას უგულავასთვის დედა შეუგინებია და სახეში ხელი გაურტყამს. უგულავას მისკენ გაუწევია, მაგრამ სხვებს დაუჭერიათ და ამ გაწევ-გამოწევაში ერთი ალიყური გივი თარგამაძისგანაც მიუღია. უგულავას არავინ გამოჰქომაგებია, რადგან ყველა ლიდერი მას ადანაშაულებდა ამ 760 000 დოლარის დაკარგვაში, ფულის გათეთრების სქემის გაშიფვრაში და ყველა ბოკერიას ვარაუდს იზიარებდა, რომ სამართალდამცავები ღონიაშვილისა და კეზერაშვილის კავშირით, „ალიას" პუბლიკაციის შემდეგ დაინტერესდნენ, ღონიაშვილს კუდზე დააჯდნენ და გამოიჭირეს კიდეც. ბოკერია უგულავას დამუქრებია, არჩევნების მერე შენი ფეხი აღარ იქნებ პარტიაში, თუ ამ ჩაოხრებულ საქმეს არ გამოასწორებო. გიგი უგულავასთვის მიხეილ სააკაშვილთან სკაიპით ლაპარაკს მოუთავებია ხელი. მიშას სულ დედ-მამა უგინებია უგულავასთვის და შეშლილი სახით მის ლანძღვასა და ყვირილს, ცხადია, ბოკერიას კაბინეტში თავმოყრილი ყველა ლიდერი უყურებდა და უსმენდა. სააკაშვილიც სწორედ იმაში ადანაშაულებდა უგულავას, რაშიც ბოკერიამ დასდო ბრალი - მას შემდეგ, რაც „ალიამ" კეზერაშვილისა და შენი ქვისლის კავშირი გაშიფრა, ეგ შენი კრეტინი ქვისლი უნდა მოგეცილებინა ამ სქემიდან და საქმეში სხვა, სუფთა და ეჭვმიუტანელი ადამიანი შემოგეყვანა, ღონიაშვილის კომპანიები საერთოდ აღარ უნდა გამოგეყენებინა ამ საქმეშიო. უგულავას სააკაშვილიც დამუქრებია - კეზერაშვილს რამე საფრთხე რომ შეექმნას, იცოდე, ცოცხალს არ დაგტოვებო. საუბრის დასრულების შემდეგ გივი თარგამაძეს უთქვამს უგულავასთვის, - მადლობა თქვი, რომ კიდევ იოლად გადარჩი, ბედი შენი, რომ მიშა აქ არ არის, თორემ შენს თავს ხელიდან ვერ გავაგდებინებდითო.
გიგი უგულავა შავ დღეშია. ცხადია, გიორგი ღონიაშვილი საკუთარი ინიციატივით არ იმოქმედებდა. თუ ღონიაშვილმა უგულავა თანამზრახველად დაასახელა, მაშინ მას მესამე ბრალსაც წაუყენებენ და შესაძლოა, გირაოთი უკვე აღარ გაათავისუფლონ და ციხეში უკრან თავი. ღონიაშვილი სხვა მხრივაც საფრთხეა. თუ მან ხელი დავით კეზერაშვილს დაადო და აღიარა, რომ ფულს ის ურიცხავდა ოფშორული ზონიდან, კეზერაშვილს წაუყენებენ კიდევ ერთ ბრალდებას და ხელახლა დადგება საფრანგეთიდან მისი ექსტრადირების საკითხი. ამით კი, „ნაცმოძრაობის" „შავი ფული", სავარაუდოდ, რამდენიმე მილიარდი დოლარი, შესაძლოა, ქართველი სამართალდამცავების ხელში აღმოჩნდეს და საბოლოოდ, ბიუჯეტში დაბრუნდეს.
პრინციპში, ღონიაშვილს კეზერაშვილთან დანაშაულებრივი კავშირის აღიარების გარდა, სხვა გზა არც დარჩენია, რადგან საბანკო გადარიცხვები და ფულის მოძრაობის სქემა ამ კავშირს ისედაც დაადასტურებს. თუმცა, ღონიაშვილის აღიარების გარეშეც ვერ იქნება კეზერაშვილი მშვიდად. მართალია, ფულის გათეთრება და ზოგადად, საბანკო კრიმინალი რთულად გამოსაძიებელია, მით უფრო, როცა ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებსა და ბანკებს ეხება საქმე, მაგრამ თუ ჩვენმა სამართალდამცავებმა ეფექტურად იმუშავეს, არ უნდა გაუჭირდეთ კეზერაშვილისთვის ბრალის დამტკიცება.
„ნაცმოძრაობა" ისევ იმ საფრთხის წინაშე დადგა, რომელიც სექტემბერში დაატყდა თავს - კეზერაშვილის დაჭერა, უზარმაზარი ოდენობით „შავ ფულს" დაკარგვა ემუქრება, ეს კი საარჩევნოდ პარტიის დაფინანსების გარეშე დარჩენას ნიშნავს. ისედაც უდაბლესი რეიტინგის პარტიისთვის კი ეს სრული კატასტროფაა - „ნაციონალები" სწორედ ამ ფულისა და კეზერაშვილი-ღონიაშვილის სხვა ტრანშების იმედად იყვნენ საარჩევნო კამპანიის დარჩენილ პერიოდში.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ჩვენმა სამართალდამცავებმა უნაკლოდ იმუშავეს, მაშინ გიგი უგულავა მალე თავის ქვისლს უნდა მიუსვან გვერდით და კეზერაშვილიც ბორკილებით ჩამოიყვანონ საფრანგეთიდან.
„ალია" „ნაცმოძრაობის" ოფისში მომხდარი ჩხუბისა და აყალმაყალის თაობაზე, კომენტარისთვის პარტიის პრესცენტრის უფროსს, გიორგი პატარაიას დაუკავშირდა: „არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა პარტიის შიგნით და არც არავის არავინ უცემია. გიგი უგულავა ამჟამად ვანში იმყოფება და საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. რაც მითხარით, ეგ არის უსაფუძლო ჭორი". - გვითხრა პატარაიამ.
სხვაგვარ კომენტარს არც ველოდით. „ნაციონალები" პარტის შიგნით მომხდარ ნებისმიერ დაპირისპირებას და ყველა ნეგატიურ ფაქტს უარყოფენ, რაც მათ ეხებათ, თუმცა, მოგვიანებით საპირისპირო დასტურდება. სხვათა შორის, „ნაციონალებმა" შარშან, სექტემბერში დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას ქვისლის, გიორგი ღონიაშვილის საეჭვო კავშირიც უარყვეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მაშინ „ალია" სიმართლეს სწერდა.
ხათუნა ელბაქიძე
გაზეთი „ალია"