„ალიას“ ესაუბრება სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი, მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, პეტრე მამრაძე:
– ბატონო პეტრე, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩავიდა და თავი ისე ეჭირა, თითქოს ისევ პრეზიდენტია, ობამასაც შეხვედრია... რა უნდა, რას დადის?
– პოლონეთში ღონისძიებაზე, სადაც ობამაც იმყოფებოდა, სააკაშვილი თვითონ გააქტიურდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ობამას ადმინისტრაციაში სააკაშვილს არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. მას ჰქონდა გარკვეული მხარდაჭერა „რესპუბლიკური პარტიის“ ნეოკონსერვატორთა ჯგუფში. ის ადამიანები, ვინც მიშას ხმარს უჭერდა, არ არიან წარმოდგენილნი ობამას ადმინისტრაციაში. მათ შორის დიდია გაწბილება სააკაშვილით. ის რად ღირს, რომ 2012 წელს არჩევნების წინ სენატორმა მაკ კეინმა, რომელიც სააკაშვილის ძალიან ენერგიული და თანმიმდევრული მხარდაჭერით გამოირჩეოდა, თბილისში ყოფნისას განაცხადა, შემოწმდა ყველაფერი და დამტკიცდა, რომ ივანიშვილის უკან არ დგას არანაირი რუსული ფული, ყველა ინფორმაცია ტყიული აღმოჩნდაო. ეს სააკაშვილისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო.
ახლა კი, ამ ფონზე სააკაშვილი იყენებს ახალი ხელისუფლების უხეშ შეცდომებს და ამიტომ არის გააქტიურებული, იყენებს თავის კონტაქტებს. მაგალითად, უკრაინის პოლიტიკოსებთან გააჩაღა მოქმედება და ნამდვილად ვიცი ჩემი უაღრესად სანდრო წყაროებისგან, რომ ამერიკაში ყოფნისას ის შეხვდა ბევრ ადამიანს, მათ შორის, ქართველებს ამერიკაში, რუსეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს.
– მაინც ვის და რა კონკრეტული საკითხების გასარკვევად?
– არ მინდა დაზუსტება, რომ ყველაფერი არ გავშიფრო. ყველა მათგანს უთხრა, რომ ყველაფერი კარგადაა, ადამიანი ასხივებს საოცარ თავდაჯერებულობას. სააკაშვილი უცხოეთში იმიტომ დადის, რომ წარმოაჩინოს, თითქოს ერთადერთი ნამდვილი მებრძოლია საქართველოსთვის, მისი გამთლიანებისა და თავისუფლებისთვის, ყველას ეუბნება, რომ მალე დაბრუნდება ხელისუფლებაში და ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია ახლო მომავალში. ეუბნება, ჩვენც კი არ გვგონია, ისე მალე ვბრუნდებით ხელისუფლებაშიო.
– რაიმე სხვა ფორმას ხომ არ გულისხმობს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად? უფრო მალე როგორ მოხდება, თუ არჩევნები არ ჩატარდა?
– აი, აქ საკითხავია, რა შეიძლება იგულისხმოს, ბევრი ვარიანტია. ნაცვლად იმისა, რომ პასუხს აგებდეს ჩადენილი დანაშაულის გამო, ზის და ელოდება, როდის დაასრულებს ეს ხელისუფლება მმართველობას, ხალხს ალტერნატივა არ ექნება და ამიტომ ის დაბრუნდება თავის თანამზრახველებთან ერთად. ერთმა ადამიანმა საკმაოდ შეშფოთებულმა მითხრა, ვაი თუ ეს სიმართლეა და ასე მოხდესო. გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, პრემიერი ღარიბაშვილი უცნაური ადამიანია და მალე დასრულდება ამ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნაო.
– ობამასაც გამოელაპარაკა სააკაშვილი. ახლა რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან?
– ხაზი მინდა გავუსვა, სააკაშვილი ობამამ ერთადერთხელ მიიღო, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დათანხმდა, რომ რუსეთი გამხდარიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, ანუ შესრულებულიყო ობამას ნება. მედვედევისთვის მიცემულ პირობას არღვევდა, თუ საქართველო მას ხმას არ მისცემდა. საქართველო კი 130 ქვეყნიდან ერთადერთი იყო, რომელიც ამას ეწინააღმდეგებოდა. ბოლო მომენტში, სააკაშვილმა ამაყად კი არ დათმო პოზიცია, არამედ საოცრებები ქნა, დათანხმდა საქართველოს ტერიტორიაზე, ფოთთან და ზუგდიდთან საბაჟოები გახსნილიყო, რომელიც ინფორმაციას მიაწვდიდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამის შემდეგ შეხვდა ობამა სააკაშვილს, სადაც დაფიქსირდა, რომ ახლა ხელისუფლება სხვა ძალას უნდა გადასცემოდა. მაშინ, „გუდიანმა ქალმა“, ჰილარი კლინტონმა უთხრა , სამართლიანი არჩევნების პირობებში არჩევნებს ვერ მოიგებო. დღეს სააკაშვილი ჩაუსაფრდება ხან ვის, ხან ვის, როგორც ეს ვიცი უმაღლესი რანგის ევროპელი ლიდერებისგან. ისინი მეუბნებოდნენ, ნებისმიერ ფორუმზე მიდიოდა პრეზიდენტობის ბოლო წლებში, სადაც ერთი უცხო ქვეყნის პრეზიდენტი მაინც იყო, დერეფნებში უსაფრდებოდა, რომ ხელი ჩამოერთმია და ფოტო გამოეფინაო. მერე თურმე ხალისობდნენ, შენ გადაურჩი სააკაშვილსო? ფეხბურთის საყურებლად ჩავიდა ლუკაშენკოსთან ერთად რომ დაფიქსირებულიყვნენ. ამ ფონზე არ უნდა გვიკვირდეს, ობამა ხელს ხომ არ ჰკრავს და არ გალანძღავს სააკაშვილს?
– პროპაგანდა კარგად ეხერხებათ „ნაციონალებს“, ისე წარმოაჩენენ სააკაშვილს, თითქოს ისევ ლიდერია, ისევ მოთხოვნადია.
– ამ პროპაგანდას ქმნის სააკაშვილი და მისი გუნდი. ჯამში, ასობით მილიონი დოლარი გადახდილი აქვთ ლობისტური კომპანიებისთვის, ამას ხელს უწყობს სააკაშვილის ყველაზე დიდი ლობისტური კომპანია – ესაა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. თავისი განცხადებებით და მოქმედებით, საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინეს საერთაშორისო დონეზე და ამან მაშინვე გამოიწვია უცხოეთში სააკაშვილის გუნდის მიმართ პოზიციის ცვლილება.
– ახლა რა ვითარებაა „ნაციონალებში“, ზოგი ამბობს, რომ დაქსაქსულები არიან, ზოგი – ახლა უფრო შეიკვრნენო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– დეპრესია და დაქსაქსულობა იყო მაშინ, როცა საზიზღარი კადრები გავრცელდა, მერე როგორც „მაღალი“ იტყოდა, ნურას უკაცრავად, შეიცვალა სიტუაცია, შეტევაზე გადავიდნენ „ნაცები“, დაინახეს, რომ არაფერი ემქურებათ, სამართლიანობა არ აღმდგარა. ახლა კი, როცა ხელითაც კი შეეხნენ ერთმანეთს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ დაკარგეს საკმაოდ სოლიდური თანხა, თუმცა მთლად ისეც არაა, რომ „შავი ფული“ ადვილად დახარჯონ, არადა ბევრი აქვთ ასეთი თანხა. მომდიოდა ინფორმაცია, რომ საზღვარგარეთ გაიტანეს ძალიან სერიოზული თანხა. ქართველმა ბიზნესმენებმა მითხრეს, რომ თანხის დიდი ნაწილი საქმეში ჩადეს დასავლეთში, მათ შორის გადაზიდვების ბიზნესში. კეზერაშვილი ერთ-ერთი ფირმის ხელმძღვანელია. რაც ეწერა „ალიაში“ 3 ივნისს „ნაციონალების“ ოფისში მომხდარ დაპირისპირებასთან და დიდი თანხის დაკარგვასთან დაკავშირებით, იმ ინფორმაციას მინდა დავამატო ერთი დეტალიც, რომ უგულავა იყო ყოველთვის შემსრულებელი, მისი ხელმძღვანელი იყო ადეიშვილი. წლიდან წლამდე, თუ მთავრობის სხდომა იყო ოთხშაბათობით, ხუთშაბათს უგულავას მოადგილე უგულავას სახელით პირადად აბარებდა ანგარიშს ადეიშვილს, როგორ შესრულდა წინა კვირის გრაფიკი ბიზნესისა და ბიზნესმენების დატერორების თვალსაზრისით. საქმე ეხებოდა ტენდერების დარიგებას, შესყიდვებს, ყველაფერს, საიდანაც ფული ასობით მილიონი ლარის ოდენობით მიედინებოდა „ნაცების“ ხელში. იმ დღესვე ეს ადამიანი იღებდა დავალებას ადეიშვილისგან კიდევ ერთი კვირისთვის. ასე ხდებოდა ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. მე გავხდი მოწმე , ეს ადამიანი პატარა ბავშვივით როგორ წუხდა, ვერ იტანდა ხუთშაბათს. ადეიშვილი, თავის მხრივ, სააკაშვილზე მუშაობდა და ის საიმედო დასაყრდენი იყო მისთვის. ეს სქემა, რომელიც ფულთან იყო დაკავშირებული, იყო ადეიშვილი-კეზერაშვილის, რომელიც ჩავარდა. უგულავა და მისი ქვისლი შეიძლება თაღლითობდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოკერია სუფთად გამოვიდა ამ თამაშიდან. ის ყოველთვის ფრთხილობდა, შორს იდგა მსგავსი საქციელებისგან და უცხოელებთან თავის რენომეს ამიტომ ინარჩუნებდა.
– ახლა რა სიტუაციაა „ნაცებში“, უნდობლობის მომენტიც გაჩნდა. ხომ არ დაერევიან უარესად ერთმანეთს?
– შიგნით, „ნაცების“ ნარჩენები არასდროს იყვნენ ერთმანეთთან მეგობრულად, ადამიანური მხარდაჭერა მათში არ ყოფილა. ქურდებსა და ყაჩაღებშიც არსებობს ძმაკაცობა, მაგრამ არა მათში. მათ კრავდათ საერთო დანაშაული და დიდი ფული, რომელიც „ობშიაკში“ აქვთ. მგლებს ხროვასავით არიან, ერთმანეთს არ ინდობენ და თუ მომენტი მიეცემათ, უსიტყვოდ გაწირავენ. ჭიაბერაშვილმა და სხვებმა კარგად იციან, რომ, თუ გუნდს მოსწყდებიან, იმასაც დაკარგავენ, რაც აქვთ. რა ქონებაც დააგროვეს, შეიძლება გაჟონოს და მივიდეს ხელისუფლებამდე. რამდენჯერ დაიბეჭდა, რომ ბაქრაძის სიმამრი და ჭიაბერაშვილი სამშენებლო კომპანიებს ფლობენ დღემდე, მაგრამ არავინ იცის, სად წავიდა ეს მილიონები. მსვლელობა არ მისცემია ამ ბიზნესების საქმეს, მაგრამ „ნაცებს“ სრული ინფორმაცია აქვთ. როცა დასჭირდებათ, თავადვე ისაუბრებენ ამაზე. თუ არის ძალა, არის დამორჩილებაც. რატიანსა და მისნაირებს არანაირი უანგარობა და ინოვაციები, ახალი იდეები არ ამოძრავებთ, საკუთარი ანგარებითა და ამბიციების გამო იბრძვიან, არავინ გასწირავს თავს სხვისთვის, არც იდეის გამო. მზად არიან, ერთმანეთი შეჭამონ. ხელისუფლებას არ ეყო პროფესიონალიზმი და პოლიტიკური ნება, რომ შარშანვე დაესრულებინა სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების ბედი. ეს რომ გაეკეთებინათ, დღეს ესენი პერსონა ნონ გრატები იქნებოდნენ და არავინ არაფრად ჩათვლიდათ არც საქართველოში, არც უკრაინაში და არც დასავლეთში. მათ დაღდასმულ, კორუმპირებულ ადამიანებად მიიჩნევდნენ და არავინ დანიშნავდა სააკაშვილს მრჩევლად. ხელისუფლებამ ისინი პოლიტიკურად გადაარჩინა, რითაც გაუხსნა გზა პოლიტიკური მომავლისკენ.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია“