reportiori.ge - ვინ არის გიორგი ღონიაშვილი და რა კავშირი აქვს „თბილისის განვითარების ფონდთან“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:56
პრეს-დაიჯესტი
ვინ არის გიორგი ღონიაშვილი და რა კავშირი აქვს „თბილისის განვითარების ფონდთან“
ავტორი:
06 ივნისი, 2014. 15:04



ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი ღონიაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ შპს „გუდაური სქაი რესორტის“ მფლობელს, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ჰქონდა კომპანია „ბრუკტრეიდი“. ღონიაშვილმა შპს-ს მფლობელს შესთავაზა, წინასაარჩევნოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დახმარებოდა, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. გამოძიების მასალების მიხედვით, დახმარება გამოიხატებოდა იმაში, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული ოფშორული კომპანია „ექსიმუს ჰოლდინგიდან“, საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ, კომპანია „ბრუკტრეიდში“ 760 000 აშშ დოლარი გადაირიცხა. ორ ოფშორულ კომპანიას შორის კი ფიქტიური ხელშეკრულება 1 500 000 აშშ დოლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურებაზე გაფორმდა. 760 000 აშშ დოლარი „ბრუკტრეიდიდან“ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა, რომელიც მოგვიანებით, ღონიაშვილის ხელში აღმოჩნდა, რათა ნაციონალური მოძრაობისთვის გადაეცა.

 

გამოძიებით ისიც დადგინდა, რომ 2011 წლის 12 ივლისს, თბილისის მერიასა და შპს „გუდაური სქაი რესორტს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიას სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, თბილისის ზღვის მიმდებარედ, 200 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. საპრივატიზაციო პირობად კი 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის 5 წლის ვადაში განხორციელება განესაზღვრა. იმის გამო, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შესრულდა, თბილისის მერიამ პირგასამტეხლოს სახით, შპს „გუდაური სქაი რესორტს“ 193 500 აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა. ამის შემდეგ, გიორგი ღონიაშვილმა „გუდაური სქაი რესორტის“ ერთ-ერთ მფლობელს შესთავაზა, რომ 50 000 ლარის სანაცვლოდ, ქვისლის, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დახმარებით, მერიას საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მიღებულ დადგენილებას გააუქმებდა. თბილისის მთავრობის 2014 წლის 25 აპრილის დადგენილებით, რომელსაც ხელს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი აბესაძე აწერს, შპს „გუდაური სქაი რესორტი“ 193 500 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან მართლაც გათავისუფლდა. სანაცვლოდ, ღონიაშვილმა „გუდაური სქაი რესორტის“ ხელმძღვანელისგან შეპირებული თანხა – 50 000 ლარი აიღო.

 

თბილისის მერიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სიცრუესა და ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა. განცხადებაში, რომელიც მერიამ 4 ივნისს გააავრცელა, ნათქვამია: „2012 წლის 2 ნოემბერს, თბილისის მერიის სსიპ-ქონების მართვის სააგენტოს შპს „გუდაური სქაი რესორტის“ დირექტორმა მიმართა, რომლითაც 2011 წლის 12 ივლისის პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და 1 500 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 18 თვის განმავლობაში განხორციელების ვალდებულებისგან გათავისუფლება მოითხოვა.

 

დოკუმენტაცია შემდგომი სამართლებრივი პროცედურების გავლის მიზნით, თბილისის მთავრობამ, საქართველოს ცენტრალური მთავრობის კანცელარიაში, 2012 წლის 28 დეკემბერს, ანუ ინვესტორის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე გადააგზავნა. საქართველოს მთავრობამ, იქ არსებული ბიუროკრატიული თუ სხვა ხელოვნური შეფერხებების გამო, ამ საკითხთან დაკავშირებით დაგაწყვეტილება, საკითხის უწყებაში შესვლიდან 5 თვის შემდეგ, 2013 წლის 14 ივნისს მიიღო. ცვლილების თანახმად, კომპანია გათავისუფლდა 1 500 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 18 თვის განმავლობაში განხორციელების ვალდებულებისგან. თუმცა აღნიშნული ცლივლების შეტანამდე ინვესტორს, რომელმაც კეთილსინდისიერად, ვადის დარღვევამდე მოითხოვა ცვლილების განხორციელება, პირგასამტეხლო – 193 500 აშშ დოლარის ოდენობით დაერიცხა. სწორედ საქართველოს ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებამ, გაეზიარებინა ინვესტორის თხოვნა და თბილისის მთავრობის შუამდგომლობა, თბილისის მთავრობას საშუალება მისცა, მიეღო გადაწყვეტილება, რაც ინვესტორს დაკისრებული ჯარიმისგან გაათავისუფლებდა“.

 

თავის მხრივ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგი უგულავამ, გიორგი ღონიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, სპეციალური ბრიფინგი გამართა. უგულავას თქმით, ღონიაშვილს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებასთან, არამედ ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი არ აქვს და პოლიტიკისგან შორს დგას. მისივე განცხადებით, ამ საქმესთან დავით კეზერაშვილიც ხელოვნრად დააკავშირეს.

 

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ქვისლის, გიორგი ღონიაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის დანაშაულებრივი სქემა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაშიფრა, ყოვლად მიუღებელია: „ჩვენ ვნახეთ დანაშაულებრივი სქემა, რომლითაც კეზერაშვილის ოფშორული ფირმიდან თანხები ირიცხებოდა და ფული თეთრდებოდა, რაც შემდგომში, ნაციონალურ მოძრაობას ხმარდებოდა. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. ეს ჩვეულებრივი დანაშაულია, რომელსაც გამოვიძიებთ და ყველა ძალიან მკაცრად დაისჯება“.

 

ვინ არის გიორგი ღონიაშვილი და რა კავშირი აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან? „ვერსიაში“ ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა, რომელიც თბილისის მაშინდელი მერის, გიგი უგულავასა და მასთან დაახლოებული პირების ბიზნესინტერესებს ეხებოდა. მათ შორის, უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილიც ფიგურირებდა, რომელიც წლების წინ პრეზიდენტ სააკაშვილის დაცვაში მუშაობდა.

 

მაგალითად, დედაქალაქის მერიამ „თბილისის განვითარების ფონდს“ უძრავი ქონება გადასცა. კერძოდ, პუშკინის ქუჩასა და აღმაშენებლის მოედანზე მდებარე შენობები, ასევე კოტეჯი დაბა წყნეთში. მერიისგან ნაჩუქარი უძრავი ქონება ფონდმა სხვადასხვა პირზე გაყიდა. აღაშენებლის 150-ში მდებარე ისტორიული შენობა (200 კვადრატული მეტრი), „თბილისის განვითარების ფონდმა, 2011 წლის 19 სექტემბერს, კომპანია „რეალ ინვესტს“ 200 000 აშშ დოლარად, სამთვიანი უპროცენტო განვადებით მიჰყიდა. „რეალ ინვესტის“ დამფუძნებელია ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „ოლდინგტონ ინვესტ კორპი“, რომლის წარმომადგენელი საქართველოში, გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილია. მარჯანიშვილის მოედანზე უგულავას ქვისლი კიდევ ერთ შენობას ფლობს, ესაა აღმაშენებლის 103-ში მდებარე, ასევე ისტორიული შენობა, რომელიც გერმანელმა არქიტექტორმა გოტიკურ სტილში ააშენა. სხვადასხვა დროს, ამ შენობაში განთავსებული იყო, როგორც სასტუმრო, ასევე – საგარეო საქმეთა სამინისტრო და კონტროლის პალატა. ახლა კი, „თბილისის განვითარების ფონდმა“ ეს ისტორიული შენობა, 510 კვადრატული მეტრი, „ვეტსელ პლაზას“ გადასცა. ამ კომპანიის დამფუძნებელიც გიორგი ღონიაშვილია.

 

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული, დაბა გუდაურის რეაბილიტაციის პროექტი გიგი უგულავას სახელს უკავშირდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მშენებარე სასტუმროები, არაოფიციალურად უგულავას მფლობელობაშია. მეტიც, „გუდაურის განვითარების ფონდიდან“, თანხები არამიზნობრივად იხარჯება, რადგან პროექტის ყველა ტენდერი უგულავას ნათესავ-მეგობრების კომპანიებმა მოიგეს, რომლებიც ტენდერში გამარჯვების საფასურად, გიგი უგულავას 20 %-ს უხდიდნენ!

 

ქართულ-ყაზახური კომპანია „ტიფლის დეველოპმენტი“, „თბილისის განვითარების ფონდის“ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობდა, მათ შორის, დავით აღმაშენებლის რეაბილიტაციის პროექტშიც. ვაკის პარკის ტერიტორიაზე, რესტორან „ბუდაპეშტის“ ადგილზე, 22 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციით, სასტუმროს მშენებლობასაც, „ტიფლის დეველოპმენტი“ ახორციელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ტიფლის დეველოპმენტის“ წარმომადგენლებს, აქტიური კავშირი აქვთ თბილისის მერის, გიგი უგულავას ქვისლთან, გიორგი ღონიაშვილთან.

 

არც ისე დიდი ხნის წინ, შუაგულ ვაკეში, „ტიფლის დეველოპმენტის“ ყოფილი მფლობელი, ნოშრევან ნამორაძე ბიზნესმენ დავით კოდუას სასტიკად გაუსწორდა. ფიზიკური დაპირისპირების დეტალებზე „ვერსიაში“ უკვე ვწერდით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ „ვერსიის“ წყაროს ინფორმაციით, დავით კოდუას დახმარებით, ნოშრევან ნამორაძეს „ტიფლის დეველოპმენტში“ წილი იმიტომ დაათმობინეს, რომ ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებს ეს კომპანია საკუთარი მიზნებისთვის, ანუ სხვადასხვა სამშენებლო პროექტებზე, დიდი ოდენობით თანხების „ატკატისთვის“ გამოეყენებინათ. ამის ნათელი მაგალითი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობაა, რასაც თბილისელები დიდი ხანია აპროტესტებენ და რის გამოც, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას თანხმობით, ორიოდე წლის წინ, ამ ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარი გაანადგურეს!

 



მაია მიშელაძე

 

გაზეთი „ვერსია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016