"თბილისობა 2013-ისთვის" გიგანტური საწნახელის მოსაწყობად თბილისის მერია ტენდერს აცხდებს.
კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო განცხადების მიხედვით, საწნეხელი ( ზომებით 12*5*2,8მ) ხის მასალისაგან უნდა აეწყოს, რომელიც იზოლირებული უნდა იყოს ყურძნის წვენის გაჟონვისაგან.
საწნეხელი გაფორმებული უნდა იყოს ძველი ქართული ტრადიციული ხის წნულებით და თიხის და ხის სხვადასხვა აქსესუარებით. საწნახელს უნდა ჰქონდეს წვენის მინიმუმ 5 გამოსასვლელი და წვენის ყველა გამოსასვლელთან უნდა იდგეს 200 ლიტრიანი მუხის კასრი, სიძველის იერით. შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს 7 ტონა ყურძნის ჩაყრა საწნახელში ეტაპობრივად და სტუმრებისათვის 50 წყვილი სხვადასხვა ზომის რეზინის ჩექმით მომსახურება.
გიგანტური საწნეხელის მონტაჟი და დემონტაჟი უნდა განხორციელდეს თბილისში.
საწნახელი 2013 წლის 4 ოქტომბერს დილით 10-00 საათზე მზად უნდა იყოს. ყურძნის დაწურვის ცერემონია 5 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო საწნახელის დემონტაჟი 11 ოქტომბრამდე უნდა განხორციელდეს.
სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25 000 ლარს შეადგენს. განცხადებების მიღება 11 სექტემბერს იწყება და 16 სექტემბერს დასრულდება.