„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გია გაჩეჩილაძე კრწანისის რაიონში, რუსული ეკლესიის მიმდიბარე ტერიტორიაზე მწვანე ზოლის გაყიდვის ფაქტს აპროტესტებს. მისი თქმით, გასხვისებულ ტერიტორიაზე უამრავი წიწვოვანი ნარგავია და მისი გაჩეხვა ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასია. გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ტერიტორიის შესაყიდვაში ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძე „რეპორტიორს“ ესაუბრა:
-ჩვენ დაგვიკავშირდა აღშფოთებული მოსახლეობა. მათი ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, რუსული ეკლესიის მიმდებარე ტეროტორიაზე წიწვოვანი ნაგავების უნიკალური გამწვანების ზოლი ვიღაცაზეა გასხვისებული. აღნიშნული გამწვანება მოსახლეობას აძლევს საშუალებას ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვროს. გამწვანებული ზოლის გასხვისება არ შეიძლება. გარდა ამისა, ეს არის ძველი თბილისის რაიონი.
-ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყება იგეგმება?
-დიახ, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია ამ გამწვანეულ ტერიტორიაზე 9 სართულიანი კორპუსის მშნებლობა. ჯერ ერთი, სიმახინჯე იქნება და მეორე, გაიჩეხება უამრავი რაოდენობის ნარგავი, რაც კატასტროფით დამთავრდება მოსახლეობისთვის. ამას გარდა, კორპუსი აშენდება ფერდობზე, რომელიც შეიძლება მეწყერული ზონა იყოს და არც ვიცი, რა გეოლოგიური დასკვნები აქვთ ამასთან დაკავშირებით. ამხელა კორპუსის მშენებლობამ, არაა გამორიცხული, კატასტროფული პროცესები გამოიწვიოს იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. წმინდა ზნეობრივი და მორალური საკითხია, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დასრულდეს ქალაქში ეს ბარბაროსობა?!
-ვინ შეისყიდა ეს ტერიტორია?
-ვის მოუვიდოდა ეს თავში, გარდა „ნაციონალებისა“?! ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ ამ საქმეში არის ჩარეული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე და მისი ძმა. მოსახლეობას აქვს ეს ინფორმაცია, რომ ისინი გარკვეული ფორმით არიან დაკავშირებული ამ საქმესთან. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა ამას იძახის. ახლა ჩქარობენ, რომ მშენებლობის პროცესი დაიწყონ, რადგან იციან, რომ არჩევნები მოდის და შესაძლოა, „მწვანეთა პარტიამ“ გაიმარჯვოს (მეორე ადგილზე ვართ NDI-ს კვლევებით), აქედან გამომდინარე, ჩქარობენ, რომ მოასწრონ, რადგან მერე ეს პროცესი ძნელი შესაჩერებელი იქნება. დედაქალაქის მერიას რომ „მოხვდება“ ეს ცხადია, მაგრამ კულტურის სამინისტროს ვაფრთხილებ, ამ უწყებას ისედაც უამრავი ცოდვა აქვს ზურგზე მოკიდებული, ნუღარ დაამატებს კიდევ! განსაკუთრებით კულტური მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტს. ახალი ხელმძღვანელია მისული და ვეუბნები, მას, რომ ნუ გაიფუჭებს თავს. ვაფრთხილებს , როგორც პარლამენტის წევრი და როგორც მომავალი მერი.
- თუ ესაუბრეთ კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს ამ საკითხთან დაკავშირებით?
-არავისთან საუბარი არ მქონია. ეს ინფორმაცია გუშინ მივიღე.
-რა ფასად არის გაყიდული ტერიტორია?
-ოთხმაგ ფასში აქვთ ეს ტეროტორია შესყიდული. ზუსტი ციფრი არ ვიცი, დაახლოებით 180 000 ლარად.
-აქამდე მშენებლობა რატომ არ დაიწყო?
- დოკუმენტი, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გასცა, არ აძლევს უფლებას დაიწყონ მშენებლობა გარკვეული მიზეზების გამო. კერძოდ, ის, რომ საზღვრებში ვერ ჯდება ეს მშენებლობა და სხვის ტერიტორიაზე იჭრება. ახლა დარბიან არქიტექტურის სამსახურში, რომ მიიღონ უფლება მშენებლობის დაწყებისთვის. ვაფრთხილებს არქიტექტურის სამსახურს, არ გადაგას ეს ნაბიჯი.
-ტერიტორიის გასხვისების საკითხი უნდა შეეთანხმებინა თუ არა მერიას კულტურის სამინისტროსთან?
-რა თქმა უნდა. ისე ნაბიჯს ვერ გადადგამენ. ახლა კი საინტერესოა, რას იზამს კულტურის სამინისტრო.
-კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ტერტიტორიის გასხვისების შესახებ მათთვის ცნობილი არაა...
-უახლოეს დღეებში ვნახავთ ამას. ჩემი ინფორმაციით, საქაღალდეებით დააქვთ ეს დოკუმენტები და საიტებზე არაფერს დებენ. ეს არ დაიმალება, გამოჩნდება უახლოეს დღეეში. ამ საკითხით ვფიქრობ, პროკურატურაც უნდა დაინტერესდეს.
P.S. „რეპორტიორი“თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.