ბრიტანული ჟურნალის „The Economist" -ის პუბლიკაციაში განხილულია აფხაზეთში ამ რამდენიმე დღის წინ მომხდარი მოვლენები. „მსოფლიოსაგან არაღიარებული ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარმა ხალხმაც მიატოვა. ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც რამდენიმე დღეს თავს რუსეთის სამხედრო ბაზას აფარებდა, თანამდებობიდან გადადგა", - წერს გამოცემა.
„რუსეთმა, რომელიც აფხაზეთის მთავარი დამფინასებელი და მფარველია, სწრაფად იმოქმედა: სიტუაციის დასაწყნარებლად სოხუმში ჩავიდა პუტინის თანაშემწე სურკოვი, მაგრამ პოლიტიკურ ოპოზიციას ისე სძულდა ანქვაბი, რომ დათმობებზე უარი განაცხადა - პრეზიდენტი უნდა გადადგეს, რადგან იგი ავტორიტარია და კორუფციას არ ებრძვისო.
თბილისში ბევრი შიშობდა, რომ რუსეთი აფხაზურ არეულობებს თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა და მოსკოვი აფხაზეთის ფორმალურ ანექსიას მოახდენდა. ქართველების შეშფოთებას ჰქონდა თავისი საფუძველი, რადგან სულ მალე თბილისმა ხელი უნდა მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ამ ფონზე რუსეთის პროვოკაციები შესაძლებელი იყო, თუმცა ყველაფერი ადგილობრივად მოგვარდა.
ამის მიუხედავად, მაინც დარჩა საშიშროება გალის რაიონის ქართველებისათვის, რომლებიც მრავალი წელია აფხაზეთში მძიმე პირობებში ცხოვრობენ. საქმე იმაშია, რომ ე.წ. „აფხაზურმა ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ" ალექსანდრე ანქვაბი გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისათვის პასპორტების უკანონო გაცემაში დაადანაშაულა. ეს ფაქტი ზოგიერთმა მისმა მოწინააღმდეგემ „აფხაზეთის სუვერენიტეტის საფრთხედ" შეაფასა.
აფხაზეთში მოსახლეობის ეთნიკური ბალანსის დაცვას ხელისუფლების პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. პოლიტიკური ელიტა თითქმის მთლიანად აფხაზურია და ეს იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთში ცხოვრობენ სომხები, ქართველები, რუსები, რომელთა საერთო რაოდენობა მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს. აფხაზური ეთნოსის გამრავლების მიზნით ამჟამად სირიაში მცხოვრები აფხაზების რეპატრიაცია მიმდინარეობს და ეს მაშინ, როცა აფხაზეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარს ამბობს ასი ათასობით ქართველი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის დაბრუნებაზე, რომლებიც 1992 წელს აფხაზეთში მიმდინარე სისხლიან კონფლიქტს გამოექცნენ.
მოსკოვი მიესალმა კრიზისის მოგვარებას და აცხადებს, რომ პატივს სცემს აგვისტოში დაგეგმილი საპრეზიდენტოს არჩევნების შედეგებს, თუმცა, აფხაზი რუსოფილები, ალბათ, უკრაინის მოვლენების გავლენით, ძალიან თამამად მოქმედებენ: ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ აუცილებელია უფრო მეტი და ღრმა ინტეგრაცია რუსეთთან, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების ჩათვლითაც კი.
აფხაზეთი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთზე, რადგან სწორედ მოსკოვიდან ხდება საბიუჯეტო სუბსიდიებით სოხუმის ხელისუფლების უზრუნველყოფა და სწორედ რუსი ტურისტებისაგან ღებულობს ადგილობრივი ბიუჯეტი შემოსავალს. მიუხედავად ამისა, ბევრი აფხაზი დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთგულია. თუ აფხაზთა ამგვარ დამოკიდებულებას საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონთან - სამხრეთ ოსეთთან შევადარებთ, აშკარად გასაკვირ კონტრასტს დავინახავთ: ოსების ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ორ ივნისს ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლო მომავალში სამხრეთ ოსეთი უკვე ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდებაო, ანუ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში", - ნათქვამია „The Economist" -ის პუბლიკაციაში.