reportiori.ge - გიგა ბოკერიასა და ბრიუს ჯექსონის საიდუმლო გეგმა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:51
პრეს-დაიჯესტი
გიგა ბოკერიასა და ბრიუს ჯექსონის საიდუმლო გეგმა
ავტორი:
09 ივნისი, 2014. 16:52

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „ნაცმოძრაობის" დაისი და დასასრულია და ამ რეალობას თვალი პარტიის ყველაზე ოპტიმისტმა ლიდერებმაც გაუსწორეს. მიშა სააკაშვილმა და სხვა ლიდერებმა, მშობლიური პარტია ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ ქართულ პოლიტიკაში დარჩენის ყველანაირი შანსი მოუსპეს. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა პირდაპირ განუცხადა გიგა ბოკერიას ერთი-ერთზე შეხვედრისას. ამ ყველაფრის შემდეგ, ცხადია, არჩევნების ჩაშლისა და ქვეყანაში არეულობის პროვოცირების მეტი, „ნაციონალებს" სხვა არაფერი დარჩენიათ. არეულობა, დესტაბილიზაცია, სამოქალაქო დაპირისპირება და ბოლოს სამოქალაქო ომი - ეს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცების" სხვა ლიდერების ავანტიურისტული გეგმაა, ძირითადად იმ ხალხისა, ვისაც მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და იციან, მომავალში ციხეს თუ გადაურჩნენ, მათგან გაუბედურებული ხალხის შურისძიებას ვერ გადაურჩებიან და მუდმივ შიშში უნდა იცხოვრონ, ან უცხოეთს უნდა შეაფარონ თავი ოჯახებიანად. მოკლედ, „ნაცმოძრაობა" საბოლოოდ გაკოტრებულია და ეს არჩევნები ამ რეალობას დააფიქსირებს.

 


არეულობა და ომი მიხეილ სააკაშვილის ოცნება კი არის, მაგრამ ეს არ შედის ამერიკელთა, NATO--ს ინტერესებში. ამერიკას მშვიდობიანი საქართველო სჭირდება, რადგან საქართველოშიც და მთელ კავკასიაშიც, მხოლოდ ამ პირობებში მოახერხებს საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესების გატარებას. სამოქალაქო ომის შემთხვევაში, რუსეთი უეჭველად ხელში აიღებს ინიციატივას, შესაძლოა, მიზეზიც მოეძებნოს საქართველოში სამხედრო ძალით შემოსაჭრელად და ამით ამერიკელთა ყველა გეგმა ჩაიშლება, წყალში ჩაიყრება ის მილიარდები, რაც მიხეილ სააკაშვილსა და მის რეჟიმს დაახარჯეს, მათი შორსმიმავალი პროექტები კი დასამარდება. ამიტომ ამერიკელები გამოსავალზე ფიქრობდნენ. მათ „ნაცმოძრაობის" ერთი ნაწილის გადასარჩენად ორიგინალური სქემა უნდა მოეფიქრებინათ...

 


პრინციპში, ამერიკელების ასეთი მონდომება გასაკვირი არცაა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები ენდობიან „ქართულ ოცნებას", მეტადრე, „რესპუბლიკელებსა და „თავისუფალ დემოკრატებს", ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტთანაც ეფექტურად თანამშრომლობენ, მაინც თავს იზღვევენ. ამერიკელები მოქმედებენ პრინციპით - რაც მეტი, მით უკეთესი. არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკელები ისევ ქართული პოლიტიკური სივრცის სრულ მონოპოლიზებას აპირებენ, მაგრამ ამჯერად არა ერთი, არამედ რამდენიმე პოლიტიკური ძალით. მათ შორის იქნება „ნაცმოძრაობაც", თუ პარტია ისეთ სახეს მიიღებს, როგორც ეს ამერიკელთა გარკვეულ ნაწილს უნდა. „ქრონიკამ" „ნაცმოძრაობის" ცენტრალური ოფისიდან კულუარულად შეიტყო იმ დეტალების შესახებ, როგორ და რა გზით აპირებენ ამერიკელები „ნაციონალთა" რეინკარნაციას.

 


წინასაარჩევნოდ ქართულ პოლიტიკაში ისეთი დომხალია, რომ ბევრს გამოეპარა საქართველოში ბრიუს ჯექსონის სტუმრობა. ჯექსონი ამერიკის კონგრესის პროექტის „გარდამავალი დემოკრატიის" ხელმძღვანელია და საქართველოში „ვარდების რევოლუციიდან" დაწყებული ის კურატორობდა „ნაციონალთა" საქმიანობას. შეიძლება ითქვას, ჯექსონი სააკაშვილის პატრონიც იყო. თუმცა, ჯექსონს იმაზე მეტი გავლენა აქვს ამერიკის პოლიტიკაზე, ვიდრე რიგით კონგრესმენსა და თუნდაც ამ პროექტის ხელმძღვანელს. ამერიკულ და ევროპულ მედიაში არაერთხელ თქმულა, რომ ბრიუს ჯექსონი, რეალურად, ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელია. ამ სააგენტოს გადაწყვეტილების შეცვლა ან შეჩერება, ამერიკის პრეზიდენტსაც არ შეუძლია. უსაფრთხოების სააგენტო, ფაქტობრივად, სახელმწიფოა სახელმწიფოში. სხვაგვარად დასავლური მედია ვერ ხსნის იმ უზარმაზარ გავლენას, რაც ჯექსონს აქვს თეთრ სახლზე. ოფიციალურად, ჯექსონი საქართველოში წინასაარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად იყო ჩამოსული, მისი ვიზიტის რეალური მიზანი კი, „ნაცმოძრაობის" ნარჩენების გადარჩენა, მისგან ბრძოლისუნარინი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, ამ ძალის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებაა. თუმცა, ეს გეგმის ერთი ნაწილია. ბრიუს ჯექსონი თბილისში ყოფნისას რამდენჯერმე შეხვდა გიგა ბოკერიას და მისი გუნდის წევრებსაც. ბოკერიამ, როგორც ჩანს, ის დაარწმუნა, რომ მისი გუნდის ჩამოწერა ნაადრევია და გარკვეული ფსონიც ამ გუნდზე დაადებინა. სამაგიეროდ, ამერიკელები პოლიტიკიდან საბოლოოდ გაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს. მას რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში სთავაზობენ 4-5-წლიანი ვადით არჩევით პოსტს, ასევე, სოლიდურ სამსახურს ამერიკაში. სააკაშვილის პოლიტიკის მიღმა ყოფნა გეგმის ნაწილია, რათა ექსცენტრიკულმა მიშამ ამ გეგმას ზიანი არ მიაყენოს თავისი გაუთვლელი ქმედებებით. გიგა ბოკერიამ საბოლოოდ გაწირა სააკაშვილი და საკუთარი გუნდის არათუ გადარჩენაზე, სამომავლოდ სოლიდურ ძალად ჩამოყალიბებაზე დაითანხმა ამერიკელები. ბოკერიამ მიშას მამობილი, ჯონ მაკკეინიც კი დაარწმუნა, რომ მიშა ჩამოეწერათ. ამერიკაში ყოფნისას მაკკეინს სააკაშვილისთვის განუცხადებია, რომ პოლიტიკას გარიდებოდა და რაც „ნაცმოძრაობისგან" დარჩებოდა, იმას მაინც ნუ გადაიყოლებდა. მაკკეინს პირდაპირ უთქვამს სააკაშვილისთვის, თუ ამას არ გააკეთებ, ამერიკისგან იმ მინიმალურ მხარდაჭერასაც დაკარგავ, რაც შეგრჩა და რომ დაგაპატიმრონ კიდეც, ჩვენ ხმას არ ამოვიღებთო. არადა, სააკაშვილის დაპატიმრება „რესპუბლიკური პარტიის" ნეოკონსერვატორთა ფრთისთვის სერიოზული დარტყმაა, მიშა მათი პროექტია და მისი დაჭერა ამ გუნდის რეიტინგს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. სააკაშვილს, ამერიკაში, ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინიც შეხვედრია და მასაც კატეგორიულად მოუთხოვია, რომ პოლიტიკაში აღარ გაერიოს. დიკ ჩეინის სააკაშვილისთვის უთქვამს, რომ ეს მხოლოდ ორი მოხუცის, მისი და მაკკეინის გადაწყვეტილება არ იყო და „რესპუბლიკური პარტიის" ნეოკონსერვატორთა ფრთის ერთობლივი პოზიციაა. ნეოკონსერვატორები კი რესპუბლიკელთა ღერძს წარმოადგენენ, რადგან პარტიის ყველა მთავარი დამფინანსებელი, სწორედ ამ ძალის ლიდერთა მეგობარია. ცხადია, სააკაშვილი წინააღმდეგობას ვერ გაუწევს ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ლიდერთა ნებას, გაუწევს და მისი აჯობებს, გასრესენ, როგორც შექმნეს, ისევე გააქრობენ, თუ დასჭირდათ. მიშას ვერ უშველა უკრაინაში აქტიურობამ, ვერ დაიბრუნა საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსის იმიჯი, ამერიკელებმა მოისროლეს და ევროპელებს ხომ მისი დანახვაც აღარ უნდათ.

 

 

ახლა მივყვეთ გეგმის იმ დეტალებს, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი. გეგმის კოორდინატორი, ცხადია, ბრიუს ჯექსონი იქნება. არჩევნების შემდეგ, გიგა ბოკერიას გუნდი გაემიჯნება „ნაციონალთა" იმ ფრთას, რომლის წევრებიც კრიმინალში იმხილებიან. ჩამოაყალიბებს ახალ პარტიას, მაგრამ თავად არ ჩაუდგება სათავეში, ვინ უთავკაცებს პარტიას, ამასაც ჯექსონთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს. სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე უცხოეთში მცხოვრები ქართველი იქნება, რომელსაც ქართულ პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია, ამ ეტაპზე ეს ვარიანტი, სუფთა იმიჯის ლიდერი განიხილება. ამერიკელები რომ დააფინანსებენ ამ პარტიას, ეს ცხადია. ამერიკული ფულით დაფინანსებული ჩვენი საზოგადოების პატივსაცემი წევრები (პოლიტიკოსები, კულტურის, მეცნიერების, სპორტის წარმომადგენლები) ატეხენ ერთ ალიაქოთს, რომ „ნაცმოძრაობის" ყველა წევრი დამნაშავე არ იყო, კრიმინალი ვისაც არ ჩაუდენია, მათ სხვის ნაცვლად არ უნდა მოეკითხოთ, რომ მავანთ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკაში დარჩენის უფლება. ცხადია, დიდ შერიგებაზეც დაიწყება ლაპარაკი. არ გაგიკვირდეთ, ბოკერიას გუნდის გადასარჩენად ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხმა იყვიროს, რომლებიც 2 წლის წინათ „ნაცმოძრაობის" აკრძალვასა და ამ პარტიის ყველა წევრის დაპატიმრებას ითხოვდა, ან დღესაც ითხოვს. ამ ხალხს ხმას აუბამენ ამერიკული გრანტებით დაფინანსებული ჩვენი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მართალია, მათ დიდი გასავალი არა აქვთ ხალხში, მაგრამ მის ნაწილს მუდმივი ჩიჩინით დაარწმუნებენ, რომ ბოკერია და მისი თანაგუნდელები სააკაშვილის პოლიტიკას ემსხვერპლნენ, სააკაშვილმა დემოკრატიულ პრინციპებს უღალატა და ამით ამ გუნდს მიაყენა დარტყმა, ვითომ დემოკრატიის ერთგულ გუნდს. გამოჩნდებიან მოწმეები, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ბევრის მცოდნე ადამიანები, რომლებიც ყველა მიუტევებელ ცოდვას მხოლოდ სააკაშვილს აჰკიდებენ. ბოკერია-ჯექსონის გეგმიდან, სავარაუდოდ, გივი თარგამაძეც ამოვარდება, ამ ეტაპზე, ახალ პარტიაში ის არ მოიაზრება. თარგამაძე იმდენად ნეგატიური ფიგურაა, ეტყობა, მისი გათეთრება მათთვისაც კი შეუძლებელია. ამის პარალელურად ბოკერია და მისი გუნდის წევრები შეიცვლიან რიტორიკას, სააკაშვილის ნაცვლად დაიწყებენ ხალხთან ბოდიშის ენით საუბარს, ვითომ თავად არაფერი დაეშავებინოთ და ანგელოზები იყვნენ.გეგმის საეტაპო მიზანი, 2016 წლის არჩევნებამდე გიგა ბოკერიას ახალი პარტიისთვის ძველი სახეებისთვის ჭუჭყის ჩამორეცხვა და ამ არჩევნებში მეტ-ნაკლებად სოლიდური შედეგის ჩვენებაა. თუმცა, ამერკელებმა ჩინებულად იციან, რომ ეს სოლიდური შედეგიც კი პარლამენტში დიდ ანგარიშგასაწევ ძალად ვერ აქცევს პარტიას, ამიტომ მას სხვაგვარადაც შეაშველებენ ხელს.

 

 

გეგმის თანახმად, ამერიკელები შექმნიან ორ პარტიას. ერთი მემარცხენე, სოციალურ თემებზე ორიენტირებული პარტია იქნება. ცხადია, არავის ეცოდინება,რომ ეს პარტია გიგა ბოკერიას მოკავშირე იქნება. მეტიც, ერთმანეთს ბოკერიასა და ამ პარტიის ლიდერები კრიტიკას არ დააკლებენ. პარტია ამერიკული ფულით დაფინანსდება და მემარჯვენე ფრონტზე „ქართულ ოცნებასაც" სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. ამ პარტიას იმდენად მოაძლიერებენ 2016 წლისთვის, რომ საარჩევნო ბარიერი უპრობლემოდ გადალახოს და ერთი სოლიდური ფრაქცია შექმნას პარლამენტში.

 

 

მთავარი აქცენტი კი მეორე, ნაციონალურ-კონსერვატიული ტიპის პარტიის შექმნაზე კეთდება. „ქრონიკის" ინფორმაციით, ამერიკელები ამგვარი პარტიის შექმნას ისედაც აპირებდნენ, მაგრამ პროცესი რუსეთში მოღვაწე ქართველი მილიარდერის, ლევან ვასაძის გააქტიურებამ, პოლიტიკაში მისმა შესაძლო მოსვლამ გაააქტიურა. ფაქტია, რომ ლევან ვასაძეს კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, აქტიურად გააკრიტიკა პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი. ქართველი საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილს, ესიმპათიურება ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მილიარდერი. ვასაძე ეფექტურად მანიპულირებს რელიგიური თემებით, შესაძლოა, გულწრფელიცაა, ამას დრო დაგვანახებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აფინანსებს საპატრიარქოს სხვადასხვა პროექტებს, ცალკეულ ეპარქიებს და ეკლესიის არაერთი მაღალი იერარქი მის მეგობრად ითვლეება - მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები. ვასაძე თუ პოლიტიკაში მოვიდა, უეჭველად, მას ეკლესიის სერიოზული მხარდაჭერა ექნება. მგონი, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ მორწმუნე მრევლის დახმარებით პოლიტიკაში იოლად დამკვიდრდება. აი, სწორედ ეს აფრთხობთ ამერიკელებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ვასაძე პოტენციური რუსული პროექტია და ვიდრე რუსეთი ამ კარტს გაათამაშებს, უნდა დაასწრონ. ამერიკელთა ნაციონალურ-კონსერვატიული პარტიის თავკაცად აპოლიტიკოსი, ჩვენი საზოგადოებისთვის ფრიად პატივსაცემი ადამიანი შეირჩა. ამ პარტიას ნაციონალურად განწყობილი ადამიანები წარმოადგენენ და თავადაც არ ეცოდინებათ, ისე დაანგრევენ ყველაფერ ქართულს. ქართულ ეკლესიაში „ნაცმოძრაობას" რომ მრავლად ჰყავს მომხრეები, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება, ამას არაერთი მღვდელმსახური ღიადაც აფიქსირებდა კიდეც. გიგა ბოკერია შეეცდება, ეს სასულიერო პირები ამ ნაციონალისტური პარტიის მომხრეებად აქციოს, რათა მორწმუნე მრევლის მხარდაჭერა მოიპოვოს პარტიამ და მოძლიერდეს. ამერიკელები ამით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობენ. თუ ლევან ვააძემ, ან სხვამ შექმნა ამ ტიპის პარტია, კონკურენტი უკვე ეყოლება. მეორეც,„ქართული ოცნების" კონსერვატიულ ფრთას დააბალანსებენ. ცხადია, ეკლესიისგან მხარდაჭერილ პარტიას არ გაუჭირდება პარლამენტში მოხვედრა. ბუნებრივია, ეკლესიასთან მებრძოლ გიგა ბოკერიასთან ეს პარტია ღიად ვერ ითანამშრომლებს და მეტიც, ერთმანეთის მტრებადაც წარმოაჩენენ თავს, მაგრამ პარტიების ლიდერები კულუარებში ითანამშრომლობენ კიდეც კრიტიკულ მომენტში, ერთმანეთს მხარდაჭერასაც აღმოუჩენენ. ბრიუს ჯექსონის გეგმით, ნაციონალისტური პარტია „ნაციონალების" მწვავე კრიტიკით, სამართლიანობის აღდგენის, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების, სექსუმცირესობის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით უნდა შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში ან იმ თემებით, რითაც ლევან ვასაძე მანიპულირებს. მეტიც, ახალი პარტიის ლიდერები მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდზე უამრავ ახალ კომპრომატს დაახვავებენ, ბევრს ისეთს გავიგებთ მათი დანაშაულების შესახებ, რაც დღემდე არ გაგვიგია. სისხლის სამართლის საქმეებიც კი აღიძვრება რამდენიმე ფაქტზე, ამას პროკურატურა ვერ გაექცევა, იმდენად ამაზრზენ დანაშაულებს გამოაშკარავებენ. ფარდა აეხდება შეთქმულების სერიას პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ. რეალურად, ამ ყველა შეთქმულების სათავეში გიგა ბოკერია და მისი გუნდი იდგა, ეს ყველამ იცის, მაგარმ ეფექტური პიარის შემდეგ, ბევრს გადაარწმუნებენ, რომ ყველაფერში დამნაშავე სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და მიშას ეს უვარგისი გარემოცვა იყო.

 

 

ამერიკელები, ბრიუს ჯექსონის ხელით, ფაქტობრივად, მთლიანად ცვლიან ქართულ პოლიტიკურ ველს. შემოვლენ ახალი, ფინანსურად ზურგმომაგრებული და ხალხისგან მხარდაჭერილი მოთამაშეები, ამ მოცემულობით, ნინო ბურჯანაძის დასუსტებული პარტიის გარდა, მათ კონკურენტი არ ეყოლებათ. გიგა ბოკერია, ფაქტობრივად, სამი პარტიის კონტროლს განახორციელებს - ერთი საკუთარი ეყოლება, ფერნაცვალი „ნაციონალები", მემარჯვენე და ნაციონალ-კონსერვატორები კი მისი ფარული მოკავშირეები იქნებიან. ამას „ქართული ოცნების" გამოკვეთილი პროდასავლურობაც დაუმატეთ და ამ ფონზე, ნინო ბურჯანაძე და მისი პრორუსული რიტორიკა, საფრთხეს აღარ წარმოადგენს ამ პოლიტიკური დასავლური ჯავშნისთვის. მით უფრო, რომ ბურჯანაძეზე ხმამაღლა და ეფექტურად, სამართლიანობის აღდგენას ნაციონალ-კონსერვატორები მოითხოვენ და მისგან განსხვავებით, მარტო მოთხოვნას არ დასჯერდებიან, სერიოზულ კომპრომატებსა და სამხილებს დადებენ „ნაცმოძრაობის" უკვე გარიყული ლიდერების წინააღმდეგ. ეს ერთგვარი ბონუსი იქნება ამერიკელთათვის, რადგან ბრიუს ჯექსონის გეგმაში ნეინო ბურჯანაძე საერთოდ არ შედიოდა, მაგრამ ამ პოლიტიკური თამაშის შედეგად, ბურჯანაძე ავტომატურად ჩაჩოჩდება და საქართველოში პრორუსული ძალები სერიოზულ ზარალს ნახავენ.

 

 

ძალიან ბევრი პარტიისთვის, რომლებიც ოპოზიციონერობაზე დებენ თავს და ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების ხიბლით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დიდი რიხით მონაწილეობენ, ეს ბოლო არჩევნები იქნება. ამერიკული გეგმა, მათ, უბრალოდ, ადგილსა და სივრცეს აღარ დაუტოვებს. მარცხნივ ახლად შექმნილი ბოკერიას პარტია გამწესდება, მარჯვნივ - ამერიკული მემარჯვენე პარტია, ცენტრში კი, ასევე, ამერიკული ნაციონალისტები და „ქართული ოცნება" იქნებიან შორიახლოს. ამ წვრილ-წვრილ პარტიებს გადარჩენის ერთადერთი გზაღა დარჩებათ. უნდა გაერთიანდნენ და დამფინანსებელი იპოვონ. უარეს შემთხვევაში კი ამ ერთკაციანი პარტიის ლიდერები, ქუდებს დაიხურავენ და შინ წავლენ.

 

 

ხათუნა ელბაქიძე

გაზეთი „ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016