რამდენიმე დღის წინ, ირმა ინაშვილმა, „ობიექტივის" მიერ მომზადებული სპეციალური გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, გამოკითხულთა 5,7% მხარს ნაციონალურ მოძრაობას უჭერს, 28,8% - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, კოალიცია „ქართულ ოცნებას" კი, გამოკითხულთა 50%.
რატომ თვლის „პატრიოტთა ალიანსს" მეორე პოლიტიკურ ძალად და რა შედეგებს ელოდება ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში?
„რეპორტიორი", „პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატს, ირმა ინაშვილს ესაუბრა:
- ჩვენ, თბილისში ვცხოვრობთ, გვესმის მოსახლეობის მოსაზრებები, ვგრძნობთ საზოგადოების განწყობას. გავიდეთ ქუჩაში და ვნახოთ, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს მელიას - 100 კაციდან, მათი რიცხვი 5 იქნება, ნარმანიას - 20 კაცი, ვიკითხოთ, რამდენი ადამიანი მიჭერს მხარს მე - ეს იქნება 40 კაცი. ის, რომ ჩვენ, ყველანირად შეზღუდულები ვართ საარჩევნო პროცესში, ჩემს ამომრჩეველს კიდევ უფრო ააქტიურებს. უფრო მოტივირებულს ხდის. რეიტინგებით მანიპულაციის დრო, უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. რეიტინგი რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.
- ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მოსალოდნელი არჩევნები, ბოლო არჩევნები იქნება, როცა ამომრჩეველი მხარს კოალიცია „ქართულ ოცნებას" დაუჭერს. უერთდებით თუ არა ამ მოსაზრებას?
- თუ „ქართული ოცნება" იმ გზით წავა, რა გზითაც „ნაციონალური მოძრაობა" დადიოდა, თუ „ქართული ოცნება" არ გახსნის ამ საარჩევნო სივრცეს, თუ ისევ წნეხი შეიქმნება საარჩევნო სუბიექტებზე, თუ დემოკრატიული საარჩევნო გარემო არ იქნება და მხოლოდ მათთვის მისაღებ რეიტინგებს მოგვახვევენ თავს, თითქოს ნარმანია უალტერნატივოა, მაშინ, რა თქმა უნდა, დაკარგავს ეს ხელისუფლება რეიტინგს და ხარდაჭერას. მე, არ ვარ ამ ხელისუფლების მტერი, ხელისუფლების ბევრი ლიდერი, ჩემი მეგობარია და მე მათი ცუდი არ გამიხარდება, მაგრამ ჩემთვის, ქვეყნის კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია.
- რამდენად მისაღები იყო თქვენთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლის თანახმადაც ხელისუფლება კოალიცია „ქართული ოცნების" კანდიდატების გარდა, სხვა, არც ერთი კანდიდატის გამარჯვებას არ დაუშვებს?
- მე მგონია, რომ პრემიერმა, ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" მისამართით გააკეთა, მაგრამ მაინც, ფრთხილად უნდა იყოს ასეთი განცხადებების გაკეთებისას. ქვეყნაში ერთპარტიულობას სიკეთე არასდროს მოუტანია! დემოკრატია - მრავალპარტიულობას ნიშნავს, პარტიათა ჩაგვრას კი არა!
- ვის თვლით მეორე პოლიტიკურ ძალად, ამ დროისთვის?
- საუბრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მეორე პოლიტიკური ძალაა. ჩვენი გამოკითხვების თანახმად, მეორე კი არა, მეხუთეც არაა, როგორც პოლიტიკური ძალა.
- მაშინ, რატომ თვლიან ამგვარად?
- საპრეზიდენტო არჩევნებით მანიპულირებენ. მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა. ეს გლეხსაც ესმის და ინტელიგენტსაც!
- ხელისუფლებაც ხომ არ უწყობს ხელს ამას?
- ხელისუფლება, ამას კოჰაბიტაციის პირობებში უწყობდა ხელს. დღეს, არამგონია ხელს უწყობდეს. ჩვენ, ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ „პატრიოტთა ალიანსი" ვართ მეორე პოლიტიკური ძალა და კარგი იქნება თუ ამას შეეგუებიან.
- რის საფუძველზე ამბობთ, რომ მეორე პოლიტიკური ძალა ხართ?
- ჩვენ, რეიტინგი, 28,8%, საარჩევნო სუბიექტად დაფიქსირებამდე გვქონდა. დღეს, ჩვენი რეიტინგი, კიდევ უფრო მაღალია.
- როგორ აფასებთ „ნაციონალური მოძრაობის" შანსს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში?
-„ნაციონალური მოძრაობის" შანსი, 5.7%-ია. წინასაარჩევნოდ, თუ ვინმეს აწყობს ქაოსი, დესტაბილიზაცია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა". არ გამოვრიცხავ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ქაოსი, სწორედ ამ მოსალოდნელი, დაბალი მაჩვენებლის დაფარვას ემსახურებოდეს.
- წინასაარჩევნოდ, ბიზნესზე წეზოლაზე საუბრობენ აქტიურად. რა ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
- ბიზნესზე წნეხი არსებობს, რაც აისახება შემოწირულობებზე, არ შემოდის არანაირი შემოწირულობა ჩვენნაირ პარტიებში. როგორც ჩანს, სააკაშვილის პერიოდიდან მოყოლებული შიშის ფაქტორი არსებობს, ეს კომპლექსი გარდასატეხია.
- ელით თუ არა მეორე ტურს და ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად?
- არ გამოვრიცხავ მეორე ტურს. სატელევიზიო დებატებში რომ მიმეღო მონაწილეობა, აუცილებლად მექნებოდა კითხვები „ნაციონალურ მოძრაობასთან" და „ქართულ ოცნებასთან", მიმაჩნია, რომ დანარჩენი პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის თანამებრძოლები ვართ ამ უთანასწორო ბრძოლაში. „ნაციონალურ მოძრაობას" საერთოდ არ მოვიაზრებ კონკურენტად, მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში!
P.S. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ოთხი დღე დარჩა. პოლიტიკური სუბიექტებისგან წინასაარჩევნო, უთვალავი დაპირება უკვე გაცემულია. ვინ გახდება მეორე პოლიტუკური ძალა, ამას საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩეველი გადაწყვეტს.
ამომრჩეველი, რომელიც იმედგაცრულებულია!