reportiori.ge - იპოთეკის კიდევ ერთი მსხვერპლი - 13 სულიან ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:41
ინტერვიუ
იპოთეკის კიდევ ერთი მსხვერპლი - 13 სულიან ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება
12 ივნისი, 2014. 12:18


ბოლო წლებში საქართველოში უსახლკაროდ უამრავი ოჯახი დარჩა. ამ ოჯახებმა ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეებისგან კრედიტები აიღეს და ვალი ვეღარ დააბრუნეს. ნაწილი იძულებული გახდა, საცხოვრებელი თავად გაეყიდა, ზოგიერთის ქონება იპოთეკარებმა პირდაპირ გადაიფორმეს.


აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გადახდისუუნარო კრედიტორების ნაწილი უკვე გამოასახლა საცხოვრებლებიდან, ნაწილი კი დღე-დღეზე ელოდება განაჩენის აღსრულებას. იპოთეკის გამო ბინის დაკარგვის და ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშე დგას უგრეხელიძეების 13 სულიანი ოჯახიც, რომლებიც დღე-დღეზე ელოდებიან სახლიდან გამოსახლებას. როგორც „რეპორტიორთან" ინტერვიუში ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა კოკა უგრეხელიძემ განაცხადა, 180 კვ.მ საცხოვრებელ ფართს და 80 კვ.მ ეზოს 28 000$ გამო კარგავენ. უგრეხელიძეების ოჯახი ნუცუბიძის ქუჩაზე  კერძო სახლში ცხოვრობს.

 

- როდის დაგჭირდათ ვალის აღება და როგორ აღმოჩნდით კრიზისულ მდგომარეობაში?


- თავიდან 6000 ლარი გვქონდა ე.წ. პროცნეტიანი ვალი. როდესაც ფულის დაბრუნების დრო მოვიდა, თანხა არ გვქონდა. ქალბატონი, ვისი ვალიც გვქონდა, გვემუქრებოდა, სახლიდან გამოგყრით, თუ ფულს არ დამიბრუნებთო. სხვა შესაძლებლობა არ გვქონდა და ერთადერთი გამოსავალი იყო იპოთეკური სესხი. ერთ-ერთმა ახლობელმა გვირჩია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „swiss capitali". მანვე შემდეგ გვიპოვა ორი პიროვნება, რომელსაც  ეს მიკრო საფინანსო კომპანია ენდობოდა, ე.წ. თავდები პირები, რადგან ამის გარეშე სესხს არ იძლევიან.


ეჭვი გვაქვს, ეს ადამიანები შეკრულები იყვნენ ამ ორგანიზაციასთან. ჩვენ გვჭირდებოდა მხოლოდ 6000 $, ამ ორმა პიროვნებამ ისარგებლა ჩვენი სახლით და გამოიტანეს სესხი 28 000 $, საიდანაც მხოლოდ 6000 $ მოვიხმარეთ, დანარჩენი მათ აიღეს. ერთი მათგანი საერთოდ გაქრა და მეორეც, როგორც შემდეგ გავარკვიეთ, აღმოჩნდა თაღლითი,  რომელსაც რამდენიმე ბინა ჰქონდა ასე იპოთეკით ჩადებული.  რასაკვირველია, არც პროცენტს და არც არაფერს არ იხდიდნენ,  ჩვენ გვიწევდა პროცენტის გადახდა. ბოლოს კი მთლიანად  ჩვენ გადმოგვაწერეს ეს ვალი...  ამოგვეწურა ვალის დაბრუნების ვადა და დღედღეზე ველოდებით სახლიდან გაძევებას.

 

- როდემდე გაქვთ  ვალის დაბრუნების ვადა?


- 14 ივნისამდე მოგვცეს ვადა. 3000 $ უნდა გადავიხადოთ, რომ ვალი ოქტომბრამდე გადაგვივადონ. სამწუხაროდ, ეს 3000 $ არ გვაქვს ამ დროისთვის. საქმე გადაეცემა აღმასრულებელ სასამართლოს და პროცედურის შემდეგ აუქციონზე გაიტანენ ამხელა სახლს 28 000 დოლარის გამო. ჩასაფრებულები არიან უკვე კონკრეტული პიროვნებები, რომ იაფად ჩაიგდონ ხელში ჩვენი სახლი. 180 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 80 კვ. მ ეზო.

 

- რამდენი ადამიანი ცხოვრობთ ამ სახლში და რამდენია აქედან დასაქმებული?

 

- სახლში ვართ სულ 13 ადამიანი. ბებია, რომელიც 15 წელია უსინათლოა, მამა, დავით უგრეხელიძე, (ხეზე მუშაობს და მისი ანაზღურება გამომუშავებაზეა დამოკიდებული). საეკლესიო თემატიკის ხელნაკეთობებს ამზადებს. ხეზე ჭრა, ხატებისთვის ჩარჩოების გაკეთება, სამების ტაძრის კანკელის კარი მამაჩემის გაკეთებულია ოქროში. დედა დიასახლისია, არ მუშაობს. ვართ 7 ძმა და ერთი და.  აქედან 2 სკოლის მოსწავლეა,  ერთი -  სტუდენტი. ერთ-ერთ ძმას ჰყავს ცოლი და 2 წლის შვილი. სულ გამოვდივართ 13. ოჯახიდან სულ 3 ადამიანი მუშაობს. ძალიან რთულია ჯერ ამხელა ოჯახის შენახვა და ამ შესაძლებობით ვალის დაფარვასაც ვერ ვახერხებთ. ახლა სახლიც რომ დავკარგოთ, არ ვიცით რა უნდა ვქნათ, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ვრჩებით.

 

- გაქვთ რაიმე გეგმა, ან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი?


- სამწუხაროდ, სხვა საცხოვრებელი ფართი არ გვაქვს, ამიტომაც ვცხოვრობთ ყველანი ერთად. რაც შეეხება გეგმას. ჩვენი ოჯახის დახმარება მხატვრებმა გადაწყვიტეს. 20 ცნობილმა მხატვრმა  (ლევან ხარანაული, ოლეგ ტიმჩენკო,  პოლიკო ქლიბაძე,  დავით გაგოშიძე, იურა ბერიშვილი,  ლევან მარგიანი,  კარლო კაჭარავ,  იურა ბერიშვილი, გია მირზაშვილი, მამუკა ცეცხლაძე,  ლია შველიძე,  ვახო ბუღაძე, მიშა ნონიკაშვილი, გიორგი გაგოშიძე და.ა.შ )  შეგაროვეს ნამუშევრები, რომელიც გვინდა რომ გავყიდოთ. ეს არის ჩვენი ერთადერთი იმედი ამ დროისთვის. გამოფენა-გაყიდვას ვერ ვაწყობთ, რადგან ამასაც ფინანსები სჭირდება. თუ ესეც არ გამოვიდა, აუცილებლად დავკარგავთ სახლს და მერე სად და როგორ უნდა ვიცხოვორთ ამდენმა ხალხმა წარმოდგენა არ გვაქვს.


P.S „რეპორტიორი"  მიმართავს კერძო კოლექციონრებს და ბიზნესმენებს, თუ ვინმეს დააინტერესებს აღნიშნული მხატვრების ნამუშევრები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ რედაქციაში. იქნებ ერთი ოჯახი მაინც გადავარჩინოთ უსახლკაროდ დარჩენას... 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016