13 ივნისს "უფლებადამცველთა კავშირი" პრესკონფერენციას მართავს. რის შესახებ იქნება საუბარი, ამაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მჟავანაძე გვესაუბრება:
– „ნაციონალები“ და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ცდილობენ, შეფასდეს ყველაფერი ისე, რომ საქართველოში ტარდება ანტიდემოკრატიული არჩევნები. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ წინასაარჩევნოდ ხდება სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა „ნაციონალური“ მოძრაობის მიერ და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დადასტურება, ვითომ „ნაცმოძრაობის“ წევრებზე ხდება ზეწოლა და ამის გამო მოიხსნეს „ნაცმოძრაობის“ წევრებმა კანდიდატურები. ამის შემდეგ ეს გაჟღერდა „საიას“ და „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან და რა მოჰყვა ამას? განცხადება დასავლეთის ცალკეული სტრუქტურების მხრიდან, რომლებმაც ხელისუფლებას მოუწოდეს, ფაქტები გამოეკვლიათ. კი, ბატონო, არჩევნებია და, შეიძლება ერთი-ორი შემთხვევა მართლა მოხდეს, მაგრამ მასობრივად? ეს დაახლოებით იმას ჰგავს, თურმე ერთი რემბო“ წიკლაური ელექტროშოკებით კბილებამდე შეიარაღებულმა ათმა კაცმა რომ ვერ ჩატენა მანქანაში და ეს ყველაფერი შეფასდა ძალადობად. ჩემი აზრით, ეს იყო თვითგვემა წიკლაურისა, რათა შემდგომში ხელისუფლებას დაჰბრალებოდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაახლოებული სამოქალაქო სექტორი არაფერზე დაიხევს უკან, ოღონდ „ნაციონალებმა“ შეინარჩუნონ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი. როცა კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს ჩადენილი ძალადობისა, რასაც „ნაციონალები“ გაჰყვირიან და ამ დროს არსებობს მარნეულის ნამდვილი ფაქტი, სადაც „ნაციონალებმა“ დაარბიეს მარნეულში საარჩევნო ოლქი. კი, შემდგომ აღიდგინეს თავისი კანდიდატი, მაგრამ ისიც ვიცით, სასამართლო ვისი გავლენის ქვეშაა. ვის ჰქონდა ძალის მეთოდით ოლქში შეჭრაზე უფლება? 9 წლის მანძილზე რა გაყალბებებიც იყო და როგორც ხდებოდა არჩევნების ჩატარება, კარგად ვიცით და მაშინაც კი არავის მოსვლის აზრად, საარჩევნო ოლქში შევარდნილიყო, შეურაცხყოფა მიეყენებინა ოლქის თავმჯდომარისთვის და ამაზე რატომ არავინ გააკეთა კომენტარი?
– „ენჯეოებს“ გულისხმობთ?
– მაგათ ვგულისხმობ ზუსტად. ერთადერთი „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ აიმაღლა ხმა და განაცხადა, ეს არ უნდა მომხდარიყოო, დანარჩენებმა პირში წყალი დაიგუბეს სად იყო საერთაშორისო ორგანიზაციების, იგივე „საიას“ და „სამართლიანი არჩევნების“ კომენტარი? ერთი კომენტარიც არ გაკეთებულა, რომ არ არის სწორი საქციელი საარჩევნო ოლქში შევარდნა და ხელების ტრიალი. ისე, თუ გინდათ გაიგოთ, რა განცხადებას გააკეთებს „საია“, „სამართლიანი არჩევნები“ და „სოროსის ფონდი“, ათი წუთით ადრე უნდა მოუსმინოთ ნაციონალების წარმომადგენლებს, ამის შემდეგ ესენი გაიმეორებენ იმავე განცხადებებს და არც შეამოწმებენ, სიმართლეს შეესაბამება თუ არა განცხადება. სამოქალაქო სექტორში ყოფნა არ არის გარკვეული იმუნიტეტი, ეკლესიის გინებას და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას არ ერიდებიან და თქვან სიმართლე არჩევნებზე. სამოქალაქო სექტორი თუ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს დგამს და ისე წარმოგვიდგენს სურათს, რომ თურმე ქვეყანა ინგრევა არჩევნების წინ, ესაა შეგნებული პოლიტიკა და საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ორგანიზაციები არიან „ნაციონალების“ დაკრულზე მოცეკვავე და მათი დაკვეთით მომუშავე ორგანიზაციები. ვიმეორებ, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი! როცა ნამდვილად ყალბდებოდა არჩევნები, როცა ნამდვილად ტოტალურად ილახებოდა უფლებები, იმაზე კოსმეტიკურად იყო საუბარი, დღეს კი, როცა ნამდვილად არავითარი პრობლემა არ არის, რატომ არის ატეხილი ერთი ამბავი?
„საია“ და „სამართლიანი არჩევნები“ გაჰყვიროდნენ სწორედ, რომ ნამდვილად ზეწოლას განიცდიან „ნაციონალების“ კანდიდატებიო. მაინტერესებს, თუკი მტკიცებულება არ აქვთ შესაბამისი, როგორ შეიძლება ამაზე საუბარი? ამ არჩევნების შემდეგ „აციონალური მოძრაობა“, დიდი ალბათობით, დამთავრდება, ხოლო ის ხალხი, ვინც სამოქალაქო სექტორში არის, გადაბარგდებიან ჯერ პოლიტიკაში, შემდგომ ისევ გადმობარგდებიან სამოქალაქო სექტორში და ასე. მაგრამ ის, რაც ხდება, უნდა შეფასდეს სამართლიანად, ესაა მთავარი.
მჟავანაძე რომ პრესკონფერენციას ჩაატარებს, ალბათ, ამის შემდეგ დააფიქსირებენ თავის პოზიციას.
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ალია“