ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მამებს სერიოზულ ბრალდებებს უყენებს – ფულის გათეთრება და ბიზნესზე ზეწოლა. პრინციპში, ისეთი არაფერი უთქვამს, რაზეც ჩვენ არ დაგვიწერია, მაგრამ შიდა სამზარეულოს გადმოლაგება მაინც სხვანაირად აღიქმება.
მისი თქმით, წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დასაფინანსებლად დავით კეზერაშვილმა თანხები მის კომპანიაშიც გადარიცხა, ფულადი ტრანზაქციის განხორციელება მას გიგი უგულავას ქვისლმა, გიორგი ღონიაშვილმაც სთხოვა. ვანო მერაბიშვილი, კახა ბენდუქიძე, ირაკლი ოქრუაშვილი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები წინა წლებში აქტივების ყიდვას, შემდეგ კი სახელმწიფოსთვის სიმბოლურ ფასად გადაცემას აიძულებდნენ. გარდა ამისა, ბიზნესმენის განცხადებით, მისი კომპანიების ლობირებაში მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას მილიონი დოლარიც გადაუხადა.
– „ალიას“ ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრა:
– კი, ბატონო, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა შავი ფულის შემოტანას, გაცოცხლებას და საარჩევნოდ გამოყენებას. ფაქტობრივად, ეს გეგმა ჩაეშალათ, მაგრამ მოდით, უახლოესი წარსულიც გავიხსენოთ. მე 2009 წელს მივმართე ჰააგის სასამართლოს. მაშინ „ნაციონალებმა“ დამადანაშაულეს, საქართველოს უჩივლეო, მაგრამ სინამდვილეში ვუჩივლე სააკაშვილს, კეზერაშვილს, უგულავას, მერაბიშვილსა და ახალაიებს. ჩემი საჩივარი დაყოფილი იყო თავებად – ცალკე გახლდათ ჩამორთმეული ქონების შესახებ, უკანონო პატიმრები, ქუჩაში ჩაცხრილული ბიჭები და ასე შემდეგ. ამ საჩივრის, ერთ-ერთი ავტორი იყო ასევე მერაბ რატიშვილი და ბუნებრივია, მისი საქმეც მოხვდა. როდესაც ბიზნესმენებს ველაპარაკებოდი და მხარდაჭერას ვთხოვდი, ყველა ერთხმად იძახდა: არა, შენი ჭირიმე, თავი დაგვანებეო. სააკაშვილის დროს რომ მართლა ყველა ბიზნესმენი ალაპარაკებულიყო, ჩასულიყვნენ ევროსაბჭოში, ჩაეტარებინათ აქციები, საქმე აქამდე ხომ არ მივიდოდა? ალბათ, გახსოვს, ბადრი პატარკაციშვილი რომ გამოვიდა ბიზნესმენთა ფედერაციის შეკრებაზე და თქვა, სააკაშვილის რეჟიმი ბიზნესს ატერორებსო. მე ვერ ვივიწყებ ბიზნესმენების სახეებს, მახსოვს, ერთი ლამის სკამის ქვეშ ჩაძვრა, იქნებ კადრში არ მოვხვდეო.
მე კაპანაძეს არ ვიცნობ. როდესაც შენთან მოდიან ახლობლები, გელაპარაკებიან, გენდობიან და ამ დროს ყველაფერს კამერით იღებ, ეს უკვე „ნაციონალების“ მიერ დანერგილი თამაშია. როცა ბადრი პატარკაციშვილი რისკავდა, ესენი სკამების ქვეშ არ უნდა დამალულიყვნენ. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ამერიკის ელჩის განცხადება, სადაც ამბობს, აქ რაღაც ვერ არის საქმე კარგად, კანდიდატები დასისხლიანებულები დადიანო. თქვე მამაცხონებულებო, სად იყავით 9 წელიწადი, როცა საქართველოში მართლა სისხლის გუბეები იდგა? სად იყვნენ, როცა სააკაშვილი და მისი ბანდის წევრები ჩვენს სისხლს სვამდნენ? 2011 წლის 26 მაისის შესახებ ამ ელჩის წინამორბედმა თქვა, ხელისუფლება სწორად მოიქცა, როცა მიტინგი დაარბიაო. კი, მაგრამ იგივე ნორლანდისა და ამერიკელების მოგონილი არ არის ეს ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია? არიქა, „ნაციონალებს“ ხმა არ გასცეთ, თითი არ დააკაროთო. გაგიჟდები კაცი, ბოლო დღეებში „ნაციონალებმა“ დაიწყეს ლაპარაკი, ხელისუფლებაში უნდა დავბრუნდეთ და სამართლიანობა აღვადგინოთ, ესენი უნიათოები არიანო.
– მართალი ხარ, სამართლიანობის აღდგენას თავად „ნაციონალები“ ითხოვენ, ვინც დასასჯელია, დასაჯეთო.
– ამ დღეებში ერთ-ერთი მაგათი კანდიდატი გამოდიოდა ტელევიზიით, ამირჩიეთ და აღვადგენ სამართლიანობასო. კინაღამ მოვკვდი სიცილით. კიდევ კარგი, ეს ხალხი კვერცხებს ისვრის და არა ტყვიას! სხვათა შორის, ამ პროვოკაციებიდან უმეტესობა ისევ მაგათი მოწყობილია, გიგა ბოკერია რომ გქვია და ბათუმის ქუჩებში დაიწყებ ხელების გაშლას, არ იცი, რას გიზამენ? რომელი მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია შენ მყავხარ, დროშებით დაგხვდნენ? ბოკერიას ტელევიზორში რომ ვხედავ, აქ ვესვრი რაღაცებს და ქუჩაში თავი როგორ უნდა შევიკავო?! მაშინ ამ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს უნდა ეთქვათ: აღადგინეთ სამართლიანობა და ამის შემდეგ თუ კვერცხებს დაუშენენ, დასაჯეთ! მე პირადად ძალიან მეშინია, არჩევნების დროს რამე ისეთი არ მოხდეს. ხალხში არის უზარმაზარი აგრესია. ესენი მეორე ადგილზეც ვერ გავლენ, ეს იციან და ყველაფერზე წავლენ. არჩევნების შემდეგ აუცილებლად უნდა დაიწყოს სულ სხვა პროცესები, თუნდაც სასამართლოში და თუნდაც სხვა სფეროებში.
– „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი დედას იფიცებს, ყველაფერი სხვანაირად იქნება, სამართალმა პური უნდა ჭამოსო.
– ვნახოთ, იმედი არსებობს... დავუბრუნდეთ ისევ „ნაციონალების“ თემას, ანუ იმას, რაში სჭირდებოდათ მათ დიდი ფული? ეს გადმორიცხვა კი ჩაუვარდათ, მაგრამ მანამდეც ხომ შემოდიოდა თანხები? აქ არის „ქეშ“ ფულზე ლაპარაკი, რომელიც არსად არ აღირიცხება. უკვე შედგენილი ჰქონდათ სიები, თუ ვისთვის უნდა მიეცათ ფული. ამ ყველაფრის შესახებ ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ჩემი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები აყვანილი არიან კონტროლზე და ამიტომაც ვაფრთხილებ მოსახლეობას, არავინ გასულელდეს, ფულს არ მოჰკიდოს ხელი, თორემ ეგრევე დაფიქსირდება. აქვე შევახსენებ ყველას, ვინც ელოდებოდა „ნაციონალების“ მხრიდან რაღაც თანხებს: მოსყიდვის შემთხვევაში ფულის ამღებიც ისჯება და გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
– შალვა, ამ დღეებში გაჩნდა ინფორმაცია, რუსეთი აპირებს სააკაშვილსა და კეზერაშვილზე ძებნა გამოაცხადოს, მაგრამ ყველას გამოეპარა ერთი ნიუანსი – ინფორმაციაში არის ასეთი ფრაზა: „რუსეთი სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს ჰააგის სასამართლოში შეტანილი საჩივრის საფუძველზე“. ხომ არ არის ეს ის საჩივარი, რომელიც შენ შეიტანე, ვგულისხმობ 2008 წლის ომთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.
– დიახ, ასე წერია, რომ საქმე აღიძვრება არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. ეს დოკუმენტები ჩემი შეტანილია. ჰააგის სასამართლოში სხვა დოკუმენტები არ არსებობს. ვინაიდან ცხინვალში სააკაშვილმა მოაწყო პროვოკაციები, ამიტომ დავკარგეთ ტერიტორიები. აი, ამაზეა საუბარი იმ დოკუმენტებში და ჰააგის პროკურატურამ მიაწოდა რუსეთს.
– შალვა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა ამბობს, რომ დავით კეზერაშვილმა 20 მილიონი დოლარი გაიღო, რათა საკუთარი თავი „გაეპრავებინა“ ფულისმოყვარე მოსამართლეების საშუალებით. შენ ამაზე რამე ინფორმაცია გაქვს?
– კეზერაშვილს 20 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი, რათა სასამართლოებში გამოიტანონ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები. არსებობს კონკრეტული მოსამართლეების გვარები, არსებობს ეჭვები, ვისთანაც მივიდა ეს თანხები. ღარიბაშვილმა იცის ყველაფერი და ამიტომ ლაპარაკობს რამდენიმე მოსამართლეზე. თუმცა ასე პირდაპირ ვერ იტყვის, სანამ გამოძიება არ ჩატარდება. ეს მოსამართლეები კეზერაშვილის 20 მილიონიდან თანხებს ბონუსების სახით იღებენ. მე როგორც ვიცი, პროკურატურას ეს ინფორმაციები აქვს, მაგრამ ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის. კეზერაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ასე მალე არ დამთავრდება, სამი საქმე არის კიდევ სასამართლოში. აქედან ყველაზე მთავარია ფოთის პორტის საქმე.
ფოთის პორტი არის ამერიკელების, სადაც მნიშვნელოვანი ობიექტები ეკუთვნის ერთ-ერთ ებრაელ ბიზნესმენს, რომლის უკანაც დგას დავით კეზერაშვილი. ამაზე საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე დაობს, ეს ქონება კეზერაშვილმა წამართვაო. საქმე აღძრულია, მტკიცებულებები დევს პროკურატურაში, მაგრამ გამოძიებას საშველი არ დაადგა. ესე იგი, ფოთის პორტიდან თანხები მიდის კეზერაშვილის ანგარიშებზე და სწორედ ამ ფულიდან გამოიყო 20 მილიონი დოლარი. მაქვს ინფორმაცია, რომ არჩევნების მერე კონკრეტულად ამ საქმეზე კეზერაშვილს ვეღარავინ ვერ უშველის, ვერც ერთი სახელმწიფო ვეღარ შეინახავს. მეტსაც გეტყვი, ამ ადამიანმა საფრანგეთის სასამართლოშიც საკმაოდ დიდი ფული დახარჯა.
– მე მიმტკიცებენ, რომ საფრანგეთის სასამართლოში ასეთი რამ გამორიცხულია.
– კარგი, ერთი, გაიარეთ-თქო, რააა! საფრანგეთის სასამართლოშიც არის კორუფციის მაგალითები და ამერიკის სასამართლოშიც. ერთადერთი, სადაც ასეთი რამ არ არსებობს, ეს არის ისლანდია. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა. შენ გგონია, ასე პირდაპირ იღებენ ფულს? დღეს უამრავი ლობისტური კომპანია არსებობს, დაიქირავებ და ისე გააფორმებენ ყველაფერს, როგორც დაგიბარებია. თუ გინდა, „რუსთავი 2“ ავიღოთ, ესენი ხომ მიტაცებულ ტელევიზიაში მუშაობენ? ნამდვილი მფლობელები ჩივიან, მაგრამ საქმე პროკურატურაში უძრავად დევს.
თუ სასამართლოს არ ვუშველეთ, ძალიან ცუდად იქნება საქმე. კარგი, იმას ვითმენთ, რომ მოსამართლეები „ნაციონალების“ დავალებებს ასრულებენ და მათ ინტერესებს ატარებენ, ახლა ხომ კონკრეტულად დიდი ფულის აღებაზეა ლაპარაკი? თუ ზოგიერთის დავთრებს გავყვებით, სასამართლოს ეშველება, როცა კოტე კუბლაშვილი წავა, ეს მოხდება 2015 წლის თებერვალში. თუ ხელისუფლება არ ჩაერევა, მაშინ თითქმის ერთი წელი ისევ ვიქნებით ამ მდგომარეობაში. სასწრაფოდ რეფორმაა ჩასატარებელი, უნდა გაუქმდეს იუსტიციის საბჭო და საერთოდ, ნუ ველოდებით ვიღაცების ვადების ამოწურვას, ამასობაში ხალხი ზარალდება.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი "ალია"