მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს 13 ივნისს ზუგდიდში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი გოგოხიას საარჩევნო შტაბში მომხდარი ინციდენტის გამო.
შტაბის წევრებმა tspress-ის ჟურნალისტს მერაბ როდონაიას, რომელიც საარჩევნო ოფისში კანდიდატთან საარჩევნო პროგრამაზე გასაუბრების მიზნით მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერაზე ხელი უკრეს და სახეში წყალი შეასხეს.
ვთვლით, რომ მოცემული შემთხვევა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას წარმოადგენს. მივმართავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.
იმისათვის, რომ არჩევნები ნორმალურ ვითარებაში წარიმართოს, მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს და მათი საარჩევნო შტაბის წევრებს ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება მისცენ, უარი თქვან კომუნიკაციის შეურაცხმყოფელ ფორმებზე და პატივი სცენ ამომრჩევლის უფლებას, იყოს ინფორმირებული.