წუხელ გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „იმედში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, თანამდებობიდან გაანთავისუფლეს ტელეკომპანია „იმედის” გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ბახტაძე, დირექტორის მოადგილე რევაზ საყევარიშვილი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბაია ცანავა.
„რეპორტიორი“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ბაია ცანავას ესაუბრა:
„ტყუილად მირეკავთ! რა უნდა დაგიდასტუროთ, ტყუილია, რა სისულელეა. საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა „იმედში“, თუ განხორციელდება თავად გავაკეთებთ განცხადებას,“ - განუცხადა ცანავამ „რეპორტიორს“.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ხდება ტელეკომპანია „იმედში“, განხორციელდა თუ არა საკადრო ცვლილებები. ამ დროისათვის, არსებობს ვერსია, რომ სამივე მათგანის გათავისუფლება ეგზიტპოლების გამოქვეყნებას უკავშირდება.