„ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი დავით ზურაბიშვილი „facebook"-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვა საბურთალოს სააარჩევნო ოლქში, რისთვისაც ყველას მადლობას უხდის.
„მოკლედ, ოფიციალური ინფო კი იგვიანებს, მაგრამ არაოფიციალური (ანუ შტაბში მოსული ოქმების) ინფორმაციით ზუსტად ვიცი, რომ საკმაოდ დამაჯერებლად გავიმარჯვე საბურთალოს (დოლიძე-ხილიანი-ბახტრიონი) საარჩევნო ოლქში, მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც სერიოზულად იმუშავა და არწმუნებდა ამომრჩეველს ჩემს მხარდაჭერის საჭიროებაში, ანუ ჩემი საარჩევნო შტაბის წევრებს, ზონის უფროსებს, კოორდინატორებს და ა.შ. ასევე დიდი მადლობა მათ ამომრჩევლებთან საინტერესო შეხვედრების ორგანიზებისთვის როგორც კანდიდატის უბან-უბან ჩამოტარებით, ისე ჩადგმით.
- ყველა ამომრჩეველს, ვინც მხარი დამიჭირა და ნდობა გამომიცხადა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვიწრო წრეში ფართოდ გავრცელებული აზრი რესპუბლიკელებისა და ლიბერალების არაპოპულარობაზე, მხოლოდ იმ ვიწრო წრეშია გავრცელებული, რომელიც თვითონაა არცთუ მაინცა და მაინც პოპულარული.
- ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, კლასელებს, კურსელებს, თანაპარტიელებს და ა.შ... თანადგომისა და გამხნევებისთვის.
- ჩემს მეუღლეს, რომელიც ტვინს კი მიბუღრავდა მთელი ეს საარჩევნო პერიოდი, მაგრამ მაიძულებდა მუდამ ფორმაში ვყოფილიყავი და მგონი ჩემზე მეტად განიცდიდა ყველაფერს...
- ჩემს თანაშემწე რუსა მუმლაძე-ავალიანს, პროფესიონალიზმის, ულევი ენერგიისა და პოზიტიური მუხტისთვის.
- ჩემს კონკურენტებს (ერთის გარდა), რომლებმაც (იმ ერთის გამოკლებით) პატიოსნად იბრძოლეს და არ უკადრიათ არაფერი ისეთი , რაც პოლიტიკური და ადამინური ეთიკის ფარგლებს სცილდებოდა.
- საგანგებო მადლობა იმ ამომრჩევლებს, რომლებიც, დანამდვილებით ვიცი, არ შემოხაზავდნენ 41-ს, რომ არა პირადად ჩემს მიმართ სიმპატია და მხარდაჭერა. ვეცდები გავამართლო ყველა თქვენგანის ნდობა", - წერს ზურაბიშვილი.