თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო მალკას ერევნიდან „საქმრო“ გრანდი ჩამოუყვანეს. სწორედ მათი პაემანი იყო დღეს.
„დღეს ჩვენი სპილოების ცხოვრებაში დიდი და მნიშვნელოვანი დღე იყო. გრანდსა და მალკას პირველი პაემანი ჰქონდათ. არა, არა, ხელიხელჩაკიდებულები, ღაწვებაწითლებულები და დარცხვენილები სკამზე არ იყვნენ ჩამომსხდარნი გვერდიგვერდ. უბრალოდ, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ. ყველა დაძაბული იყო. არავინ იცოდა, რით დამთავრდებოდა ეს შეხვედრა... შესრულდა თუ არა 12:00 საათი, სპილოების გერმანელმა მწვრთნელმა და შეკრებილი ლაშქრის მთავარსარდალმა ტობიასმა ოპერაციის დაწყების ნიშნად სიტყვით მოგვმართა - სპილოს ვოლიერის გარშემო ალყის შემორტყმისა და სრული მობილიზაციის ბრძანება გასცა და იარაღიც დაგვირიგა. რა იარაღი? თანამშრომლები პატარა ქვებით და კენჭებით გამოტენილი პლასტმასის ბოთლებით ვიყავით შეიარაღებულნი. ახლა არ იფიქროთ, თბილისის ზოოპარკში სპილოებს ქვებს უშენენო... ეს ყველაფერი იმისთვის იყო საჭირო, რომ იმ შემთხვევაში, თუ სპილოებს ჩხუბი მოუვიდოდათ, ხმაური უნდა აგვეტეხა, ბოთლები გვეჩხარუნებინა, კენჭები დაგვეშინა და ამით დაგვეფრთხო შეტევაზე გადასული სპილო (აბა გასაშველებლად მრავალტონიან მოჩხუბრებს მანდილით ვერავინ შეუხტებოდა)...საბედნიეროდ გადავრჩით და ყველაფერმა კარგად, კონფლიქტების გარეშე ჩაიარა. ჩვენი ბუშტი გოგო კარგად იქცევა, სიძე კია ცოტა დაბნეული და ჯერ-ჯერობით პატარძალს, ვაშლების ხრამუნსა და აუზში წუწაობას ამჯობინებს. ხვალ, 12:00 საათზე მორიგი პაემანი იგეგმება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - იტყობინება „თბილისის ზოოპარკის“ ადმინისტრაცია.
სიძე - სპილო გრანდი 18 წლისაა და ერევნის ზოოპარკიდან 12 ივნისს, გამთენიისას ჩამოვიდა. მის ნაცვლად სომხეთში თბილისის ზოოპარკის ბინადარი მამრი სპილო, ბუნკა გაემგზავრება.
თბილისის ზოოპარკში აქამდე 2 სპილო ბინადრობდა: 17 წლის მდედრი, სახელად მალკა და მისი ნაშიერი – ბუნკა, რომელიც უკვე 6 წლის გახდა და იმ ასაკს მიუახლოვდა, როდესაც ბუნებაში ახალგაზრდა მამრი სპილოები დედებს შორდებიან, ვინაიდან მათ მზრუნველობას აღარ საჭიროებენ და დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას. ზოოპარკები, სადაც მამრი სპილოები ამ ასაკს აღწევენ, სხვა ზოოპარკებში გზავნიან.
გრანდის მისაღებად თბილისის ზოოპარკში არსებულ სპილოების ვოლიერს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, გაფართოვდა დახურული ვოლიერი და მას გარე ტერიტორიაც მიემატა. ამჟამად გრანდი დახურულ ვოლიერში იმყოფება და ნელ-ნელა ეჩვევა ახალ გარემოს და მომავალ „მეუღლეს“.
მანამდე მდედრ სპილოს პედიკური გაუკეთეს და საქმროსთან შესახვედრად გაალამაზეს. სხვათა შორის, ეს პროცედურა მალკას სისტემატურად უტარდება. მომვლელები მას ყოველკვირეულად უკეთებენ სპილოურ „პედიკიურს“, რაც ფრჩხილებისა და ფეხის გულების დამუშავებასა და გასუფთავებას გულისხმობს.