reportiori.ge - ალეკო ელისაშვილი: ხალხის პრობლემები არ უნდა მიივიწყო, თორემ მეორე ტურს მიიღებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:46
ინტერვიუ
ალეკო ელისაშვილი: ხალხის პრობლემები არ უნდა მიივიწყო, თორემ მეორე ტურს მიიღებ
17 ივნისი, 2014. 18:34

 

საბურთალოს მაჟორიტარობის გამარჯვებულმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „რეპორტიორთან"  ინტერვიუში თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა  და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელმაც მეორე ტურის საჭიროება გამოიწვია.

 

 

_ ბატონო ალეკო პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას, მიუხედავად მმართველი გუნდის მხრიდან  გაკეთებული წინასწარი პროგნოზებისა, რომ მეორე ტური არ გაიმართებოდა, პირველივე ტურში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, თქვენი აზრით რამ განაპირობა მეორე ტური?

 

_ „ ქართულმა ოცნებამ" იცოდა, რომ პირველ ტურში ვერ მოიგებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს პოლიტიკოსები ასე ლაპარაკობენ, რომ წინასწარ დაარწმუნონ თავისი ამომრჩევლები. ვიცოდი, რომ ისინი ვერ გადალახავდნენ პირველ ტურს და ეს ლოგიკურია. ძალიან არადემოკრატიულად მოხდა დავით ნარმანიას  კანდიდატურის წარდგენა. მათ შეეძლოთ ჩაეტარებინათ პრაიმერი და არ ყოფილიყო მხოლოდ ერთი ადამიანის გემოვნებაზე დამოკიდებული თბილისის მერობის კანდიდატი. მეორე ტური განაპირობა ასევე იმ შეცდომებმა, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში უშვებდნენ.  „ქართულ ოცნებას"  დაავიწყდა , რომ ხალხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმ შავი ჯიპებიდან და კაბინეტებიდან, რომელიც ძალიან ბევრმა მშვენივრად მოირგო 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ,  არ ჩანს ხალხის დარდი და რეალური პრობლემები.  კავშირი გაწყვიტეს ხალხთან და  შედეგიც მიიღეს მეორე ტურის სახით. წელიწადნახევრის  თავზე უზარმაზარი  ეიფორიით მოსული „ქართული ოცნება" ასეთი პრობლემის წინაშე დადგა. ხალხი არასდროს უნდა დაგავიწყდეს და მათი პრობლემების მოგვარებაზე უნდა იფიქრო.


_ როგორია თქვენი სამომავლო სამოქმედო გეგმა, როგორ იქნება საკრებულოში თქვენი ურთიერთთანამშრომლობა „ქართული ოცნების" და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან?

 

_ ფაქტია, რომ ერთ-ერთი მთავარი გამკრიტიკებელი ვიქნები, თუმცა ამასთან ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერიც. იყო შემთხვევა, როდესაც  გიგი უგულავასაც კი შევუქე ნამოქმედარი, რომლისადმი  არანაირი სიმპათია არ გამაჩნია. მან ლეღვთა ხევში განახორციელა ერთი პროექტი, ხელმიუწვდომელი ჩანჩქერი და გახსნა ქალაქის შუაგულში დამალული ხევი.

ჩვენთან ოპოზიციონერობა და კრიტიკულობა სამწუხაროდ სიძულვილად აღიქმება. თუ ვინმეს აკრიტიკებ ე.ი. გძულს და გინდა დაიჭირო და მის ადგილზე მოხვიდე. არანაირი მსგავსი მიზანი არ გამაჩნია. თუ ვინმე ქალაქისთვის სასიკეთო ინიციატივით გამოვა, ვინც არ უნდა იყოს,  მისი მხარდამჭერი ვიქნები და პირიქით, თუ ვინმე ქალაქისთვის საზიანო ინიციატივას წარადგენს, მისი დაუძინებელი კრიტიკოსი და ოპოზიციონერი გავხდები. ვითანამშრომლებ ყველასთან, ვინც ეცდება  ქალაქს პრობლემები მოუგვაროს.


_ ქალაქში ბევრი მოსაგვარებელი პრობლემაა, რა იქნება ამ შემთხვევაში პრიორიტეტი, საიდან დაიწყებთ?

 

_ საკრებულოს აქვს ძირითადად ორი კომპეტენცია. პირველი - ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობს და თბილისის ბიუჯეტი, 785 მილიონი ლარი არაა ცოტა. ეს არის ხალხის ფული და ეს თანხა უნდა იხარჯებოდეს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება სწორედ ის, რომ ეს თანხები მოხმარდეს ხალხისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას.


ვეუბნებოდი ამომრჩევლებს, რომ ვიქნებოდი ინიციატორი თბილისში პენსიონრებს ჰქონდეთ დანამატი. თბილისის ბიუჯეტს დღეს გააჩნია რესურსი, რომ 20 ლარიანი დანამატი ჰქონდეს პენსიონრებს და 50 ლარიანი თბილისელ პედაგოგებს. ეს არაა სხვების დისკრიმინაციაა, რადგან  სოფელსა და ქალაქს  შორის ცხოვრების თვალსაზრისით არის განსხვავება. აქ ტრანსპორტზე,  კვებაზე  გაცილებით მეტი ჭირდება ადამიანს ვიდრე  სოფელში.


თბილისის საკრებულოს მეორე ფუქნცია არის ის, რომ ბოლოსდაბოლოს თბილისს ჰქონდეს ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი, რომელიც ჩვენდა  სამრაცხვინოდ 40 წელია აღარ გაგვაჩნია. თბილისი ვითარდება, თუ ამას განვითარება ქვია, ქაოტურად. თბილისს სჭირდება განვითარების კვალიფიციური, პროფესიონალთა მიერ დაწერილი გენგეგმა. მე ვიქნები ამის შემუშავების ერთ-ერთი მხარდამჭერი. რა თქმა უნდა, არ ვარ ურბანისტი, არც სანიაღვრე სისტემების სპეციალისტი,  მაგრამ საორგანიზაციო საკითხებში ჩავერთვები. ასევე არ დავუშვებ ცვლილებების შეტანას უკვე დამტკიცებულ გეგმაში.  2009 წელსაც მიიღო უგულავას დროს საკრებულომ მიწათსარგებლობის გენგეგმა, მაგრამ დამტკიცებიდან ყოველთვე 30-30 ცვლილება შეჰქონდათ.



_  პრაქტიკულად „ქართულ ოცნებას" აბსოლუტური უმრავლესობა ჰყავს საკრებულოში, ამ პროექტებს მარტო ცხადია ვერ გაიტანთ, რამდენად გაქვთ მათი მხარდაჭერის იმედი?

 

_ „ქართულმა ოცნებამ" საკუთარ ტყავზე იგრძო, როგორ კარგავენ მხარდაჭერას. მამა-პაპას არავისთვის არ დაუტოვებია მანდატი. დღეს ამ არჩევნებით ყველამ იგრძნო, რომ ხელისუფლების რეალური წყარო ხალხია. მათი პრობლემები არ უნდა მიივიწყო, თორემ მეორე ტურს მიიღებ, ეიფორიული არჩევნებიდან წელიწადნახევრის თავზე.  ამომრჩევლებს ვეუბნებოდი, რომ საკრებულოში მარტო არ მივალ და დაგვიანებული სტუდენტივით უკანა მერხზე არ ჩამოვჯდები, მე იქ მივდივარ ხალხის მანდატით. არაამქვეყნიური ინიციატივების დაყენებას არ ვაპირებ. მაგალითად ვიტყვი, რომ „სითი პარკთან" კონტრაქტი უნდა გაწყდეს. არცერთი ვალდებულება, რომელიც ამ კომპანიას ჰქონდა არ შეუსრულებია. პარკინგის პრობლემა არ მოგვარებულა. ქალაქი რეზინის არაა, რომ გაიწელოს და რაც არ ეტევა ის დაატიო. პარკირების პრობლემა მოგვარდება იმ შემთხვევაში, თუ ავტოსადგომებს ააშენებენ. სხვაგვარად ფიზიკურად ვერ დაატევ. უნდა გაწყდეს „სითი პარკთან"  კონტრაქტი და დაიწყოს გამოძიება სად მიდიოდა უზარმაზარი თანხა.


თბილისში 400 ათასი მანქანაა, რომელიც მარტო მომსახურებისას 50 ლარს იხდის. ვღებულობთ 20 მილიონს. აქედან თბილისის ბიუჯეტში „სითი პარკი" იხდის მხოლოდ მილიონ 200 ათასს.18 მილიონ 800 ათასი ლარი ვიღაცეების ჯიბეებში ილექებოდა. ამას დავუმატოთ 10 ლარიანი ჯარიმები და საჯარიმოზე გადაყვანილი მანქანები, რაც საშუალოდ გამოდის კიდევ 15 მილიონი. 35 მილიონიდან ქალაქი კარგავდა 34 მილიონს. ამ ყველაფრის შემდეგ, რომელი ადგება გინდ „ქართული ოცნებიდან",  ბურჯანაძის პარტიიდან ან „ნაციონალური მოძრაობიდან" და იტყვის რომ არა, კონტრაქტი არ გავწყვიტოთ?!   ერთ-ერთი ინიციატივა იქნება ასევე, რომ იპოდრომი არ იყოს ასეთი უპატრონო ტერიტორია. შესანიშნავი მოცემულობა გვაქვს,  საამაყო პარკი გავაშენოთ ამ ტერიტორიაზე. თბილისს არცერთი ახალი პარკი არ გაუშენებია ბოლო 20 წლის მანძილზე, მხოლოდ ავიწროვებდნენ და კრეჭდნენ არსებულ პარკებს. რომელი დეპუტატი ადგება და წავა ამის წინააღმდეგ?!


მე არავისთან საომრად არ მოვსულვარ, ვინც ქალაქისთვის სასიკეთო ინიციატივით გამოვა, მისი მხარდამჭერი ვიქნები.

 

 

შეგახსნებეთ 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის გამარჯვება ალეკო ელისაშვილმა მოიპოვა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016