საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ხონელიძის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ხონელიძის ავტორობით, წიგნი „საქართველოს არჩევანი" გამოიცა, რომელიც მკითხველს სამ ენაზე მოუთხრობს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ სივრცესა და რეგიონული თანამშრომლობის ახალ ფორმატზე. 3=1+1+1 ფორმატი გულისხმობს პარტნიორობას საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.
პროექტის ავტორის, ზურაბ ხონელიძის განცხადებით, საერთაშორისო ფუნქციიდან ამოვარდნილი საქართველოს მომავალი, თანამედროვე სამყაროში, ქვეყნის როლის ახლებურ გააზრებასა და მისთვის დამატებითი ფუნქციის შეძენის აუცილებლობაში მდგომარეობს.
„საქართველოს, რომლის ძალა მრავალფეროვნებაში, ეფექტიანობა კი სივრცის გაფართოებაში მდგომარეობს, დღეს, სწორედ ახალი ზოგადქართული პროექტით წარდგენის ჯამი დაუდგა. იდეა- საქართველომ სამხრეთ კავკასიაში და სამხრეთ კავკასიურმა სივრცემ გლობალურ მსოფლიოში იტვირთოს ახალი ფუნქცია და დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი, ერთადერთი სწორი არჩევანია, მეტიც, ჩვენი ბედისწერაა", - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.
პროექტის პრეზენტაციას მეცნიერები, ექსპერტები, საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.