საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა „მაესტროს 9-იანში", თანამდებობიდან მისი წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. მაჭავარიანი არ უარყოფს, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენა მასთან მიმართებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებამ იქონია.
„რომ გითხრათ, არ იქონია-მეთქი, დამიჯერებთ? ფაქტია, ძალიან რთულია, როცა ადამიანი ენერგიას ხარჯავ, ემსახურო ქვეყანას, პრეზიდენტის ინსტიტუტს და სანაცვლოდ ამხელა კრიტიკას იღებ, თან უსაფუძვლოს და ძალიან ბევრი რამ, რაც ბიძინამ გააჟღერა, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ამან იქონია თავისი გავლენა, მაგრამ გადამწყვეტი არ იყო, თუმცა ყოველთვის განვიცდიდი , რომ გარკვეულწილად, შავ სიაში მოვყევი, ეს იგრძნობოდა. ადამიანებმა, რომლებმაც იცოდნენ რა ბიძინას დამოკიდებულება ჩემდამი, უცბად შეიცვალეს თავისი განწყობა და დისტანცირება მოახდინეს. საბოლოოდ, გადაწყვეტილება მე და გიორგიმ ერთობლივად მივიღეთ. პრეზიდენტს არაერთხელ განვუცხადე, რომ ძალიან მიჭირს იმ სიტუაციაში ყოფნა, როცა მუდმივი უარყოფითი ფონი არსებობს და ადამიანები ადმინისტრაციაში და ადმინისტრაციის გარეთ ცდილობენ ქულების დაწერის მიზნით ვანო მაჭავარიანზე ენა მიიტანონ ან საქმიანობაში ხელი შეუშალონ", - განაცხადა მაჭავარიანმა.