უკვე ჰოლანდიასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ვივარაუდე,რომ ესპანეთი ჯგუფში ჩარჩებოდა და ამის შესახებ „რეპორტიორის" მკითხველსაც ვაუწყე. რატომ მოხდა ეს, წინა წერილის მნახველმა უკვე იცის და აღარ გავმეორდები. ამ ფორმაციის ნაკრებმა მოიგო ბოლო სამი დიდი ტურნირი (ორჯერ ევროპის პირველობა, ერთხელ მსოფლიო თასი), მოგვწონს თუ არა ეს „ტიკი-ტაკა" ფეხბურთი, ფაქტია, რომ ესპანეთის ნაკრები დიდი გუნდია და მოდით, ამ ერთი მარცხისთვის „მიწაში ნუ ჩავდებთ". ჩემი აზრით, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, თავისი როლი ითამაშა სხვებთან შედარებით ნაკლებმა მოტივაციამ, „დამშეული" ჰოლანდია და ჩილე, ამ ჯერზე აშკარად აღემატებოდნენ „გამძღარ" ესპანეთს, რომელსაც ეჭვი არ არის, კიდევ ვიხილავთ ტრიუმფატორთა შორის, რადგან გუნდში რჩებიან მაღალი დონის შემსრულებლები და თაობაც მშვენიერი ეზრდებათ. ასე რომ ესპანეთთან დამშვიდობება არასწორი მგონია.
ჰოლანდიამ კლასის ხარჯზე აჯობა ავსტრალიას და ახლა მშვიდად მოემზადება მერვედფინალისთვის.
პირველი შეხვედრის მერე, საინტერესო იყო ხორვატების ნახვა, რადგან მათი რეალური შესაძლებლობა, ბრაზილიასთან თამაშში, აშკარად არ გამოჩნდა და ეს კამერუნთან შერკინებამაც დაადასტურა. ძნელი სათქმელია ჯგუფიდან მეორე გამსვლელის დასახელება, რადგან მექსიკელებმა ტურნირის უპირველეს ფავორიტთან ისეთი „კლანჭები" გამოაჩინეს, მათი არ შეფასება სწორი არ იქნება; გაუძლებენ ლათინოამერიკელები ხორვატთა წნეხს? რთული სათქმელია, თუმცა, მე, ფსონს მაინც ნიკო კოვაჩის შეგირდებზე დავდებდი.
დღეს გასამართი შეხვედრებიდან დიდ ინტერესს იწვევს, ამ ჩემპიონატის პირველი ტურის ორი დამარცხებული ფავორიტის- ინგლისისა და ურუგვაის დაპირისპირება, სადაც სავარაუდოდ ჯგუფიდან გამსვლელი ერთ-ერთი საგზურიც გათამაშდება.
რაც შეეხება კოსტა-რიკას, როგორც ამბობენ სასწაულები ზედიზედ ორჯერ არ ხდება.