საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება. მისი თქმით, არჩევნები იყო ხელისუფლების და ქვეყნის შთამბეჭდავი გამარჯვება 27 ივნისისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ.
„დავამტკიცეთ დემოკრატიზაციის კურსის ურყეობა. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები ამ ფაქტს უპირობოდ აღიარებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ", - აღნიშნა დარახველიძემ.
მისივე განცხადებით, არჩევნებმა აჩვენა ასევე მოსახლეობის სრული მხარდაჭერა ხელისუფლებისადმი და ვერანაირი მანიპულაცია ციფრებით ამას ვერ გადაწონის და ვერ შეცვლის ფაქტს, რომ დასრულდა საკრებულოებში „ნაციონალების" ბატონობის ხანა და „ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად ყველგან 70 პროცენტი აიღო.
„დარწმუნებულები ვართ, ასევე მეორე ტურში უპირობო გამარჯვებაში ყველგან და უპირველეს ყოვლისა - თბილისში. არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში რეალური, ნამდვილი, ჯანსაღი დემოკრატიის დამკვიდრება ერთ-ერთი მთავარი გზაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ და ყველაზე მკაფიო და ყველაზე გასაგები გზავნილია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის ნდობისა და ჯანსაღი ურთიერთობების დასამყარებლად", - დასძინა მინისტრმა.