სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოჯახის წევრებს ვანო მერაბიშვილის მონახულებას კანონი უკრძალავს.
მისი თქმით, ყველა პატიმარი აუცილებლად უნდა იყოს ერთნაირ პირობებში.
"ციხე არ არის კემპინსკის სასტუმრო, პატიმრის მონახულებას კანონი არეგულირებს და ძიების ეტაპზე ამ პიროვნების მონახულება ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ", - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე განცხადებით, მერაბიშვილთან დაკავშირებით სამინისტრო გამონაკლისს ვერ დაუშვებს. რაც შეეხება იმას, რომ მერაბიშვილი გამხდარია, სოზარ სუბარი ამბობს, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, იგი საპყრობილეში ვარჯიშობს, მინისტრის თქმით, მერაბიშვილი კვებას არ უჩივის. რაც შეეხება ექიმის მონახულებას, სუბარის განცხადებით, მერაბიშვილს ამის უფლება აქვს.
"მაშინ როცა ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი, პატიმრებისთვის ექიმის მოსანახულებლად მხოლოდ 168 დოლარი იყო გამოყოფილი, დღეს კი ერთ პატიმარზე 680 დოლარი იხარჯება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.