reportiori.ge - თემო გოცაძე: ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე უნდა ზიდოს ის ტვირთი, რომელიც თავად აიკიდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:25
ინტერვიუ
თემო გოცაძე: ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე უნდა ზიდოს ის ტვირთი, რომელიც თავად აიკიდა!
30 აგვისტო, 2013. 16:39


 სულ ახლახან ბიძინა ივანიშვილმა უკვე მეორედ თქვა, რომ წავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან(!). ცოტა დავიბენით, რადგან ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არსად არ აპირებს წასვლას და ჟურნალისტებს გვთხოვა, აღარ შევწუხებლიყავით ამ თემის მუსირებით, რადგან საკითხი დახურულია.

ახლა თავად წამოჭრა ეს თემა, და შეწუხდა ქართული საზოგადოებრიობა - წასვლა-არწასვლის პრობლემამ უპასუხო კითხვები დაბადა.

საქართველოს სახალხო მხატვარს თემო გოცაძეს „რეპორტიორმა" სიტუაციის შეფასება სთხოვა:


- რუსებს აქვთ გამოთქმა - „Насильно мил не будешь" - „სიყვარული არ იქნება ძალადა", - დაიწყო ბატონმა თემომ.

ჩემს შეფასებაში შეიძლება ცოტა მკვეთრი ვიყო, მაგრამ მაინც ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ.

რას ჰქვია, არ გინდა დარჩენა? რომ მოდიოდი, მაშინ ხომ გინდოდა? მოხვედი, აგვიყოლიე, ჩაგვრთე პროცესში. ხომ ასე იყო?

 

- ასე იყო.


- ჩვენს გარეშე ხომ არ მოსულხარ? არა. ხმა რომ არ მოგვეცა, ვერ მოხვიდოდი, ხომ? ვერ მოხვიდოდი.

წასვლაზეც შეგვეკითხე, რა! თავიდანვე ვიცოდით, წასვლას რომ აპირებდი. ასე განგვიმარტე: როცა ყველაფერი დალაგდება, როცა ინსტიტუციურად შედგება დემოკრატია, მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემი ადგილი არის სამოქალაქო  სექტორში და აქედან ხელს შევუწყობ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასო.

ამაზე თანახმა ვიყავით, მაგრამ არა ბრმად, არამედ კამათისა და მსჯელობის, არგუმენტების აწონ-დაწონისა და პოზიციების შეჯერების შემდეგ. ჰაიჰარად არაფერი გადაგვიწყვეტია.

რახან ასე იყო, რახან გამომიყენე იმ იდეის მისაღწევად, რომელსაც ჩვენც ვერთგულობდით და რომლის მისაღწევად თავი გვქონდა გადადებული, მაშ, შეგვითანხმე, ბატონო ბიძინა, შენი გადაწყვეტილება წასვლის შესახებ.

რა მაწუხებს, იცით? აი, დაიხურა ქუდი და წავიდა. რა დარჩება?

 

- რა დარჩება?


- დარჩება ის, რომ, თუ არ იქნება ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს სათავეში, „ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტად წარდგენილი კანდიდატურა ვერ მიიღებს ისეთ მხარდაჭერას, როგორიც თავის დროზე ბატონმა ივანიშვილმა მიიღო.

 

- ცალსახად ასეა!


- ეს კი ნიშნავს, რომ მხარდაჭერას მიიღებს შემდეგი კანდიდატურა. ამ შემთხვევაში შემდეგ კანდიდატურად მესახება არა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასახელებული პირი („ნაციონალურ მოძრაობას" ელექტორატი ხმას არ მისცემს), არამედ ამომრჩეველთა ხმები აღმოჩნდება ქალბატონ ბურჯანაძის ყულაბაში.

 

- რაც რას ნიშნავს?


- ქალბატონი ნინო რომ განათლებულია, რომ იცის მართვა, რომ გააჩნია ურთიერთობა და ძალიან კარგი კავშირები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, რუსეთთანაც, ეს მისი პლიუსებია. მაგრამ იგი მონაწილეა ყველაფერ იმის, რაც ხდებოდა ხელისუფლებაში, სანამ ოპოზიციაში გადავიდოდა. ორჯერ იყო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ორჯერ ჰქონდა საშუალება გვერდზე გაეწია მოქალაქე სააკაშვილი, მოეცილებინა. არა - მოქალაქე სააკაშვილი რეალურად აგრძელებდა პრეზიდენტობას და ქალბატონი ნინო რჩებოდა სპექტაკლის „მასოვკის" მონაწილედ.

ეს ხომ ყველასთვისაა ცნობილი?!

არ ვიცი, რა განწყობაზე იქნება მთლიანად საქართველოს ელექტორატი, მაგრამ საზოგადოების გარკვეულ ფენაში, მის მეხსიერებაში ეს რეალობა დალექილია.

 

- ბატონო თემო...


- გავაგრძელებ!  კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, ოქტომბერში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, სახელმწიფოს კონსტიტუციური მმართველი იქნება პრემიერ-მინისტრი.

თავისთავად დგება საკითხი: საქართველოში დღეს არიან საპრემიერმინისტრო ადამიანები, მაგრამ არიან კი ისეთები, რომელთაც ისეთივე მხარდაჭერა ექნება, როგორც ბატონ ივანიშვილს ჰქონდა?

 

- ჩვენ უკვე შევთანხმდით, ასეთი კანდიდატები რომ არ არიან.


- დიახ, და მე ამას ვიმეორებ - არ არიან. აქედან დასკვნა: თავიდანვე შევდივართ ორხელისუფლებიანობაში. თავიდანვე ვქმნით კონფლიქტურ სიტუაციას. გვინდა-არ გვინდა, ეს კონფლიქტი გაჩნდება.

 

- პატივცემულმა სააკაშვილმა 30 ივლისს ავლაბრის სასახლეში ლეხ კაჩინსკის ძმის წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოებისას თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და სამოქალაქო სექტორში გადასვლა, საიდანაც ის ქვეყნის მართვას აპირებს, დაემსგავსება ტარიელ ონიანის მიერ საქართველოს მართვას, რასაც ეს კანონიერი ქურდი მისი - სააკაშვილის ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე ახერხებდა. მინისტრები აეროპორტში ხვდებოდნენო და ა. შ.


- (თემო გოცაძე იფეთქებს) - სააკაშვილს უთხარით, რომ როცა ტარიელ ონიანი „მართავდა საქართველოს", მაშინ შენ გახდი პრეზიდენტი-თქო! კანონიერ ქურდ ონიანისგან არაერთი მილიონი გაქვს მიღებული იმისთვის, რომ ჩაბრძანებულიყავი იმ სავარძელში, რომელშიც ზიხარ-თქო! ძალიან ნუ გაქექავ, თორემ, ხომ იცი, თაგვმა რომ თხარა, ვინ გამოთხარა? იმედია, საბავშვო ლიტერატურა მაინც გაქვს წაკითხული და რაღაც უნდა გახსოვდეს-თქო!

 

- მოსალოდნელია თუ არა, რომ ბატონ ბიძინას ასეთ დაჩქარებულ წასვლას სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვეს საქართველოში?


- (პაუზა). არა მგონია. არ ვიცი, მართალი ვარ თუ არა, მაგრამ რაღაც კითხვები მებადება. არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი წასვლაზე ლაპარაკობდეს და გააზრებული არ ჰქონდეს, რა იქნება შემდეგ. (პაუზა). როგორ ფიქრობთ, პატრიარქის ჩასვლა მოსკოვში, ის, რასაც ლაპარაკობს  პუტინი (მისი ნდობაა ძნელი), გახმაურდა ხომ?

 

- დიახ!


- მან - პუტინმა, თქვა, რომ ყველაფრის მოგვარება შეიძლება. ლტოლვილების დაბრუნებაზეც შეიძლება საუბარი, მათ შორის... ე. ი. რაღაც სარკმელი იხსნება.

მოდი, გავაგრძელოთ ეს ჯაჭვი, ლოგიკურად მივყვეთ: სარკმელი გაიხსნა, ბიძინა კი გადის თამაშიდან.

 

- ვინ შემოდის?


- შეიძლება შემოვიდეს ბურჯანაძე. სარკმელი გახსნილია. სიტუაცია დასაფიქრებელია (პაუზა). „ნაციონალური მოძრაობა" ვერ ალოკავს თავის გადაფურთხებულს რუსეთთან ურთიერთობაში. რომც ალოკოს, ენას გადაცილებულ სიტყვას ქამანდითაც ვერ დაიბრუნებსო, ნათქვამი აქვს კონსტანტნე გამსახურდიას...  „ნაციონალური მოძრაობა" თამაშგარედ არის ამჟამად დარჩენილი. მე ვხედავ, რომ თამაშში შემოდის სახელმწიფო, რომელთანაც დავა გვაქვს ჩვენი ორი ძირძველი კუთხის გამო - გინდა-არგინდა, შემოდის, გამორიცხულია, რომ არ შემოვიდეს. კონფლიქტურ რეგიონებში ყველაფერი მის გამგებლობას ემორჩილება. ან მან უარი უნდა თქვას ამ ყველაფერზე, ან უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება, რომ იქ დაშვებული იქნას დემოკრატია.

როცა ამ ყველაფერს აკინძავ (პაუზა)... შეიძლება გაგიჩნდეს ეჭვი: გზას ხომ არ უთავისუფლებს ვინმეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი? მე არ მინდა, რომ ასე ვიფიქრო, მე არ მინდა, რომ თამაშში ბატონი ივანიშვილი იყოს ჩართული.

მაგრამ ის, რომ გაერიდება ოფიციალურ პოსტს და სამოქალაქო საზოგადოებიდან გააკონტროლებს დღევანდელ არასტრუქტურირებულ, არასისტემურ დემოკრატიას საქართველოში, ეს, ელემენტარულად, თეთრი ძაფითაა ნაკერი.

 

- ბატონმა ბიძინამ საქართველოს ერთ-ერთ ღირსეულ მოქალაქეს თემო გოცაძეს რომ ჰკითხოს, დავრჩე თუ წავიდეო, რას უპასუხებთ?


- ყოველთვის ერთი რამის მომხრე ვარ. წყალში არ უნდა შეხვიდე, ცურვა თუ არ იცი! თუ, მაგალითად, ტბაში შუამდე შეცურე, მაგრამ დაიღალე, არასოდეს არ უნდა იფიქრო უკან დაბრუნებაზე, აუცილებლად უნდა გახვიდე მეორე ნაპირზე!

არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც იდეის გულისთვის ყველაფერი გაიღო, აბსოლუტურად ყველაფერი საკუთარი ოჯახის ჩათვლით, მთლიანად ჩაერთო ჯოჯოსგან საქართველოს გათავისუფლებაში და გაიმარჯვა, ამ მონაპოვრის განმტკიცების სტადიაში გაცლა ამჯობინა, ანუ იმ ნაპირისკენ დაბრუნება, საიდანაც სტარტი აიღო. ეს უკან დახევაა. მიღწეულის დათმობა ჩემთვის სრულად გაუგებარია.

 

- აბა, რა უნდა გააკეთოს?

- ბოლომდე უნდა ზიდოს ის ტვირთი, რომელიც თავად აიკიდა! იგი ის ადამიანია, ვისაც შეუძლია ამ ტვირთის ზიდვა!

მძიმეა ეს გზა და ძვირად დაუჯდება, მაგრამ...

 

- Тяжела шапка Мономаха!


- თუ მონომახობა გსურს, ამ ტვირთს ვერ ასცდები.

 

- ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას წინ უსწრებდა სხვადასხვა მოვლენები, რომლებიც „ნაცების" მიერ იყო ინსპირირებული, მათ შორისაა მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანია. შეტევა დაიწყო იმით, რომ მთავარ პროკურორს ბრალდებად წაუყენეს ციხის კადრების გადამღებისა და გამომტანის ვლადიმერ ბედუკაძის სასჯელისგან გათავისუფლება.


- ჯერ ერთი, ბედუკაძე სასჯელისგან კბილაშვილმა კი არა, სასამართლომ გაათავისუფლა. შემდეგ: ვინ ჰკითხავს საზოგადოებას ამ სიტუაციის შეფასებას?! კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კანონმდებლობა უფლებას აძლევს მთავარ პროკურორს რიგ სიტუაციებში მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევს.

გადაწყვიტა კიდეც მთავარმა პროკურორმა, როგორც შემდეგ გაირკვა, პრემიერ-მინისტრის აზრისა და პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამით გვაჩვენა, რომ იგი არ იმართება პრემიერ-მინისტრის მიერ. რომ მისი ალფა და ომეგა საქართველოს კანონმდებლობაა.

ხოლო ის ვარიანტი, რომ სააკაშვილი დააცემინებდა ცხვირს და შემდეგ გრიალ-გრიალით ჩამოდიოდა ქვემოთ, აღარ არის, ბაბა.

 

- ხეირი და კარგად ყოფნაო.


- აღარ არის, სიმონ, როგორც საფიჩხიაზე იტყვიან. მთავარი პროკურორი ამბობს, რომ მან გამოიყენა კანონით დადგენილი თავისი უფლება. კანონი არ ითვალისწინებს ამ გადაწყვეტილების გადახედვას. გსურთ, რომ გადაიხედოს? შეცვალეთ კანონმდებლობა და გადახედეთ. მე არ ვებღაუჭებიო მთავარი პროკურორის თანამდებობასო.

მოდით, ახლა ვთქვათ, ვის არ აძლევს ხელს არჩილ კბილაშვილის ყოფნა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე? რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის" ბობოლებს, რომლებმაც შესანიშნავად იციან, რა დანაშაულიც აქვთ ჩადენილი.

ვის აძლევს ხელს? ხალხს, რადგან უამრავი რამ გაკეთდა საქართველოში სამართლიანობის აღდგენის კუთხით! მშვიდი და გაწონასწორებულია ბატონი კბილაშვილი, არ გაგიჟებს. რომ უსმენ, მშვიდდები და წყნარდები. იჯერებ, რომ ეს ქვეყანა შედგება, რომ საქართველო არ გადაყვება გაბაშვილებს, და, განსაკუთრებით, ავად მოჭიკჭიკე ჩიორებს!..

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016