კულტურის სამინისტროში ხვალ ცნობილი ქართველი მხატვრის, აპოლონ ქუთათელაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი წიგნ-ალბომის "აპოლონ ქუთათელაძე" პრეზენტაცია გაიმართება.
კატალოგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით გამოიცა და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაარსების 90-ე წლისთავს ეძღვნება.
სამინისტროს ინფორმაციით, 272-გვერდიანი წიგნი სრულად მოიცავს ცნობილი ქართველი მხატვრის ცხოვრებას. ასახავს როგორც მის ბავშვობასა და ახალგაზრდობას, ასევე შემოქმედებით ცხოვრებას, პედაგოგიურ მოღვაწეობას, სამხატვრო აკადემიაში და ზოგადად საქართველოს სამხატვრო ცხოვრებაში შეტანილ წვლილს.
პროექტის ავტორია აპოლონ ქუთათელაძის შვილი, მხატვარი ტარიელ ქუთათელაძე. ალბომში აკადემიის ფოტოგრაფის - ლევონ საფრაზიანისა და თავად აპოლონ ქუთათელაძის საოჯახო არქივების ფოტომასალაა გამოყენებული.
"განსაკუთრებულია აპოლონ ქუთათელაძის წვლილი თბილისის სამხატვრო აკადემიის გადარჩენის, აღორძინებისა და განვითარების საქმეში, რომელსაც 16 წლის განმავლობაში უძღვებოდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ პროცესში, რაც საქართველოს სამხატვრო ცხოვრებაში ხდებოდა; ცნობილი პედაგოგი ახალგაზრდა ფერმწერთა არაერთი თაობის აღმზრდელი გახლდათ", - აცხადებენ სამინისტროში.