„ჰელადოსი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მე ვხედავ მზეს“, - ნოდარ დუმბაძის სხვადასხვა ნაწარმოებები რეჟისორმა გოგა პიპინაშვილმა ერთ წარმოდგენაში გააერთიანა. სპექტაკლი „ჰელადოსი“ მაყურებელს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა და ხელოვნების საყმაწვილო ცენტრმა „არტ-ჰოლმა“ წარუდგინა.
თეატრალური წარმოდგენა თავდაპირველად 2007 წელს დაიდგა და მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა. თუმანიშვილის თეატრში „ჰელადოსი“ ახალი ინტერპრეტაციით გათამაშდა. განახლებული წარმოდგენა მაყურებელს ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულმა ახალმა გუნდმა შესთავაზა.
„ჰელადოსი“ თეატრისა და კინოხელოვნების სინთეზით შესრულდა, სპექტაკლში მოქმედება სცენასთან ერთად ეკრანზეც ვითარდება. მუსიკალური კომპოზიციები, რომლებიც სპექტაკლში შესრულდა, რომა რცხილაძეს და ვაჟა აზარაშვილს ეკუთვნის.
პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი და ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი "არტ–ჰოლი" წარმოდგენას თბილისის შემდეგ ქუთაისსა და ბათუმშიც გამართავს. „ჰელადოსს“ 4 ივლისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, 5 ივლისს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს.