ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა იწყება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკა ანთიძესთან ერთად ხვალ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში ვარძიის სემინარს ოფიციალურად გახსნის.
სამინისტროს მხარდაჭერით, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სამდღიანი სემინარი მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი მიზანია, კლდეში ნაკვეთ უნიკალურ კომპლექსში ქვათა ცვენის შეჩერება და ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივება. ვარძიის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია ქართველ დარგობრივ სპეციალისტთა გაერთიანება და დღემდე არარსებული ვარძიის საკონსერვაციო დოკუმენტის შექმნა. ეს დოკუმენტი ვარძიის მართვის გეგმის მომზადების საწინდარი გახდება", _ აცხადებენ სამინისტროში.
საერთაშორისო სემინარის სპეციალური სტუმარია იტალიის გეოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, "იუნესკოს" კონსულტანტი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო მარგოტინი.