reportiori.ge - მოხუცი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე - მსოფლიო მნიშვნელობის საბჭოურ-ქართული ბედი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:31
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მოხუცი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე - მსოფლიო მნიშვნელობის საბჭოურ-ქართული ბედი!
07 ივლისი, 2014. 21:59


გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ" გაავრცელა სარედაქციო კომენტარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.



როგორც ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ინგო მანტოიფელი წერს, ქართველი პარტიული ხელმძღვანელის ედუარდ შევარდნაძის დანიშვნა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად 1985 წლის ივლისში მოულოდნელი ამბავი იყო.



ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 57 წლის შევარდნაძეს დიპლომატიური გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ მან იმ დროისათვის სწრაფი პარტიული და სახელმწიფო კარიერა გაიკეთა. საქართველოს კომპარტიის პირველ მდივნად ყოფნის პერიოდში მას მჭიდრო კავშირები ჰქონდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან (კაგებე-სთან) და მექრთამეობასთან, ნათლიმამობასთან მებრძოლის რეპუტაცია მოიპოვა. ასე რომ, მისი კანდიდატურა მიხეილ გორბაჩოვისათვის, რომელიც მანამდე რამდენიმე თვით ადრე სსრკ კომპარტიის გენერალური მდივანი გახდა, სავსებით შესაფერისი გახლდათ.



საქმე მარტო იმაში არ იყო, რომ ორივე - შევარდნაძეც და გორბაჩოვიც - წარმოშობით კავკასიიდან იყვნენ და ერთმანეთს ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან იცნობდნენ. ისინი ცდილობდნენ ახალი, მოდერნიზაციის პერსპექტივა მიეცათ უკვე საკმაოდ ძირმომპალი და მექრთამეობით გათანგულ, არაეფექტურად მომუშავე საბჭოთა კავშირის ეკონომიკისათვის, რომელიც 1980-იანი წლებისათვის სრულიად მოდუნებული, ერთ წერტილზე გაჩერებული იყო. უძრაობა ქვეყანაში გაბატონებულ კომუნისტური სისტემისა და გამარჯვებული სოციალიზმის ლეგიტიმურობას საფრთხით ემუქრებოდა. უკმაყოფილო მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად საჭირო იყო თანხების გადანაწილება მძიმე და თავდაცვითი მრეწველობის სფეროდან სახალხო მოხმარების საგნების წარმოების სფეროში... მაგრამ ამისათვის აუცილებელი გახდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებული კონფრონტაციის შემცირება, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან.



მინისტრი „ახალი აზროვნების" პირობებში

 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფი ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ გორბაჩოვთან და მის „ახალ აზროვნებასთან" ერთად, მსოფლიო ისტორიას ქმნიდა. მათ სახელებთანაა დაკავშირებული საბჭოთა კავშირის მიერ აშშ-სთან ხელმოწერილი შეთანხმებები განიარაღების შესახებ, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა და ჩაურევლობა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მომხდარ მშვიდობიან რევოლუციებში. ედუარდ შევარდნაძის სახელი, ისევე როგორც მიხეილ გორბაჩოვისა, განსაკუთრებით გერმანელებისთვისაა ძვირფასი, რადგან მან ხელი შეუწყო ქვეყნის გაერთიანებას. იგი მუდამ დარჩება გერმანელი ერის მეხსიერებაში.



ედუარდ შევადნაძემ, როგორც საბჭოთა კავშირის წარმომადგენელმა „ორი პლუს ოთხი" ფორმატის მოლაპარაკებაში, ძველი პარტიული კადრებისა და არმიის გენერლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა გერმანიის ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკების გაერთიანებას. და ბოლოს, ედუარდ შევარდნაძე იყო ერთ-ერთი დიდი ფიგურა მსოფლიოს იმ წამყვანი მოღვაწეებიდან, რომლებმაც ბოლო მოუღეს ცივ ომს ზესახელმწიფოებს - საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამ ფაქტმა წარმოშობით ქართველ საბჭოთა მინისტრს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.



ამის მიუხედავად, ედუარდ შევარდნაძე 1990 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა. მან საჯაროდ გამოსვლის დროს დიქტატურის მოახლოება გამოაცხადა. დიქტატურაში გულისხმობდა იმ ძალებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში რეფორმების გატარებას ეწინააღმდეგებოდნენ. შევარდნაძე კიდევ რამდენიმე ხანს მუშაობდა გორბაჩოვის გარემოცვაში, მაგრამ 1991 წლის პუტჩისა და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვში მისი ყოფნა ზედმეტი გახდა.



სამშობლოში დაბრუნება

 

თუმცა მისი პოლიტიკური კარიერა ამით არ დამთავრებულა. შევარდნაძე დაბრუნდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად დანგრეულ საქართველოში, რათა სათავეში ჩადგომოდა კავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკას. 1992 წლის შემოდგომაზე გამართულ არჩევნებში მან უდიდესი მხარდაჭერა მიიღო. მომდევნო ათწლეულში, 1995 წლიდან, უკვე საქართველოს არჩეული პრეზიდენტის რანგში, აფხაზური და ოსური სეპარატიზმის მიუხედავად, შევარდნაძემ დაძაბული მცდელობის შედეგად ქვეყნის სტაბილიზება მაინც შეძლო.



მაგრამ საქართველოში ედუარდ შევარდნაძის მიერ გატარებულ პოლიტიკას წარმატებულ ისტორიას ვერ ვუწოდებთ. მმართველობის ბოლო წლებში იგი ერთგვარ მუხრუჭად იქცა ქვეყანაში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარების გზაზე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ იგი უფრო მეტად საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებით იყო დაკავებული (კორუფციის მეშვეობით), ვიდრე სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნით. 2003 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებამ მასობრივი პროტექსტები და „ვარდების რევოლუცია" გამოიწვია... ეს იყო ერთი მხრივ, სახელგატეხილი შევარდნაძის მმართველობის დასასრული, მეორე მხრივ კი - ხელისუფლების უსისხლოდ, მშვიდობიანი გზით შეცვლა.



ედუარდ შევარდნაძის გადადგომა 2003 წლის 23 ნოემბერს მისი პოლიტიკური კარიერის საბოლოო დასასრულს ნიშნავდა. იგი სრულიად ჩამოშორდა პოლიტიკას და მემუარების წერა დაიწყო. „ჩემი მთავარი მიზანი იყო დემოკრატია", - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ „დოიჩე ველე"-სადმი მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში. ამ მიზანს მან მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწია. საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიღწეული წარმატებები, სამწუხაროდ, მისმა მოულოდნელმა პოლიტიკურმა ფიასკომ დაჩრდილა - იმ მოხუცი პრეზიდენტის რანგში, რომელიც ძალიან დიდხანს იყო ხელისუფლებაში.




(მოამზადა სიმონ კილაძემ)




http://www.dw.de/эдуард-шеварднадзе-советско-грузинская-судьба-мирового-значения/a-17762890?maca=rus-RSS_rus_Lragir-12651-html-cb

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016